6
დეკ
2017

Business Follower – ქართულ ინტერნეტ სივრცეში “ბიას” ახალი პროდუქტი გამოჩნდა!

6 დეკ 2017

სულ ცოტა ხნის წინ, ქართულ ინტერნეტ სივრცეში “ბიას” ახალი პროდუქტი – ვებგვერდი follower.ge გამოჩნდა. შემქმნელების თქმით, ესაა ინოვაციური პლატფორმაა მარკეტერებისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს გაეცნოს ბიზნესის ტენდენციებს საქართველოში. პლატფორმა უზრუნველყოფს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს ინფორმაციის დახარისხებას, შექმნასა და მიწოდებას. დეტალებზე “ბიას” დირექტორის მოადგილე, სალომე კუკავა გვესაუბრა.

BOG PLUS

სალომე კუკავა

M: რა არის Follower?

Business Follower “ბიას” ახალი ინოვაციური პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს მკითხველს, რეალურ დროში თვალი ადევნოს ინფორმაციას ბიზნეს სექტორში განვითარებული მოვლენების შესახებ. Follower-ი თავს უყრის ინფორმაციას 100-ზე მეტი მედია წყაროდან, საქართველოში მოქმედი ყველა აქტიური კომპანიის შესახებ. ვებგვერდზე განთავსებულია 25 000-მდე კომპანიის პროფილი, სადაც თავმოყრილი და დროის მიხედვით დახარისხებულია მის შესახებ მედიაში გაჟღერებული ყველა ინფორმაცია. ამას გარდა, Follower-ი მედია მონიტორინგის ახალ პლატფორმას ნერგავს, რომლის მეშვეობით კომპანიები რეალურ დროში (Live რეჟიმში) იღებენ და მართავენ მათ შესახებ მედიაში განთავსებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას.

ჩვენი ყოველი პროდუქტი მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს, განავითაროს და გაამარტივოს ის ყოველდღიური პროცესები, რომელსაც აწყდება ბიზნეს სექტორი. მედია მონიტორინგის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბარს არ დავიწყებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, თუ რა არის ჩვენთვის მთავარი გამოწვევა – კომპანიას უსწრაფეს რეჟიმში მივაწოდოთ მასზე გავრცელებული ყველა სიახლე, შევთავაზოთ მოხერხებული, მარტივი და პერსონალურად გამოყოფილი ანგარიში, სადაც ინფორმაციის მიღება, წაკითხვა, დახარისხება და ანალიზი უმარტივესად ხდება. ავტომატური რეპორტინგი კი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ საკუთარი კომპანიის შედეგები, როგორც პერსონალურად, ასევე კონკურენტების ჭრილში.

M: რა მიზნით შეიქმნა Follower.ge და ვისთვის არის განკუთვნილი ახალი პლატფორმა?

Follower-ის მიზანია შექმნას ბიზნეს მედია პლატფორმა, რომელიც მიაწვდის ინვესტორებს და ბიზნესით დაინტერესებულ პირებს სრულ ინფორმაციას და ანალიზის შესაძლებლობას ქართული კომპანიების, ცალკეული ბიზნეს ინდუსტრიების და სფეროების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.

Business Follower განკუთვნილია ქართული კომპანიების მენეჯერებისთვის, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ქართული ბიზნესის ტენდენციებით დაინტერესებული პირებისთვის. პლატფორმის მეშვეობით, მკითხველი მარტივად შეძლებს შექმნას საკუთარი მედია სივრცე, აირჩიოს მისთვის საინტერესო ინდუსტრია და მიადევნოს თვალი დარგში განვითარებულ სიახლეებს და ტენდენციებს დროის მიხედვით.

M: როგორ გამოიყენებს ვებგვერდს კომპანიის მენეჯერი?

მენეჯერებს აქვთ შესაძლებლობა, გაავრცელონ და აკონტროლონ მედიაში გავრცელებული ახალი ამბები საკუთარი კომპანიის შესახებ. თითოეულ სიახლეს მენეჯერის მიერ ენიჭება „დადასტურებული“, „დაუდასტურებული“ ან „დეზინფორმაციის“ სტატუსი. Follower-ზე მარტივად არის შესაძლებელი მენეჯერად რეგისტრაცია, რაც კომპანიის წარმომადგენელს საშუალებას აძლევს მართოს კომპანიის პროფილი – უფასოდ განათავსოს კომპანიის გვერდზე ლოგო, ფოტო/ვიდეო მასალა, სერვისები, კომპანიის მისია/მიზნები, ბრენდბუქი, კომპანიის სიახლეები, ღონისძიებები და მნიშვნელოვანი მოვლენები, ინტერვიუები კომპანიის მმართველ მენეჯმენტთან.

გარდა ამისა, Follower-ი მედიასთან და ბიზნესთან კომუნიკაციის ახალი ინსტრუმენტია – მენეჯერს საშუალება აქვს პლატფორმის მეშვეობით გაავრცელოს პრესრელიზები სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო მედია საშუალებებში, ასევე, გააცნოს სიახლეები სხვა კომპანიების წარმომადგენლებს თუ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს.

M: რატომ არის Follower მნიშვნელოვანი?

ერთი მხრივ, ეს არის სივრცე თითოეული კომპანიისთვის, სადაც ასახულია მისი მისია, ღირებულებები და განხორციელებული აქტივობები. მეორე მხრივ, ეს არის დამხმარე ინსტრუმენტი კომპანიისთვის, რომ თავიდან აიცილოს რისკები, დაადასტუროს მის შესახებ მედიაში გავრცელებული ახალი ამბავი და შეაფასოს ნებისმიერი მედია საშუალების ინფორმაცია, სანდოობისა და ობიექტურობის მიხედვით, რაც საბოლოო ჯამში მედია რეიტინგს შექმნის და დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

[R]

განხილვა