2023 წელს, სოციალური მედიის თვალსაზრისით, დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი — ახალგაზრდა თაობა სულ უფრო მეტად ითხოვს მნიშვნელოვან ონლაინ ინტერაქციას. დომინანტური მოთამაშეები კი, როგორებიც არიან Facebook, Instagram და Twitter, ადგილს დაუთმობენ პლატფორმებს, რომლებიც სიმარტივესა და ავთენტურობას ანიჭებენ უპირატესობას.
პირველ რიგში, ეს იმედგაცრუებას უკავშირდება — ზეტ თაობას აღარ მოსწონს ინსტაგრამის კონტენტი, თავისი რეკომენდებული პოსტებით და ინფლუენსერ მარკეტინგზე დაფუძნებული კულტურით; მუდმივად ცვალებადი ფუნქციები, რომლებიც ნაკლებად ორიენტირებულია მომხმარებლის გამოცდილებაზე. ამასთან, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სოციალური მედიის პლატფორმების თავდაპირველი ძალა და მიზანი, მეგობრებთან ონლაინ კავშირის შენარჩუნება, დაკარგულია.
ამის ერთგვარი საპროტესტო გამოვლინებაა ის ფაქტიც, რომ 2021 წელს სოციალური მედიის გამოყენება ზეტ თაობის დიდმა ნაწილმა შეწყვიტა — მაგალითად, ყველა ძირითად აპლიკაციას, TikTok-ის გარდა, აშშ-ის მოზარდების მხოლოდ 28% იყენებს.
პლატფორმების ახალი ტალღა კი იწყებს როგორც გონების, ისე ბაზრის წილის ხელში ჩაგდებას, რაც გამოწვეულია უფრო ავთენტური, შინაარსიანი ონლაინ ურთიერთქმედების სურვილით. თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია, Discord გავიხსენოთ, წერილობითი და ხმოვანი შეტყობინებების აპლიკაცია, რომელსაც ახლა 140 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს ტენდენცია კი მიმდინარე წელსაც გაგრძელდება — ახალი თაობის პლატფორმების ფეთქებად ზრდას ვიხილავთ, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მახასიათებელი დაკმაყოფილებული იქნება.
მაგალითად, ასეთია აპლიკაცია BeReal, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უფრო გულწრფელი და ავთენტური კონტენტი შევქმნათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოწონებების, მიმდევრების, რეკლამებისა და ფილტრების გარეშე BeReal-მა უკვე მოიზიდა 2,9 მილიონზე მეტი მომხმარებელი.
ამას მოჰყვება რეკლამებისგან თავისუფალი Poparazzi, თავისი „ანტიინსტაგრამული“ მიდგომით. ეს უკანასკნელი დამუშავებულ და ყალბ ფოტოებს ეწინააღმდეგება. აპლიკაციის მომხმარებელთა 95% 14-დან 21 წლამდე ასაკისაა — შესაბამისად, ზეტ თაობას იზიდავს „გაშიშვლებული“ გამოცდილება, რომელიც რეალურ კავშირებზეა დაფუძნებული და არა შეუსაბამო, ყალბ კონტენტზე.
ცხადია, Meta, Snap და Twitter სოციალური კომუნიკაციის ამ ახალ სტილზე შესაბამისად რეაგირებენ, რადგან სულ უფრო მეტ მომხმარებელს კარგავენ ავთენტურობის ნაკლებობის გამო. ამ თვალსაზრისით, 2023-ში დიდი და საინტერესო ცვლილებებია მოსალოდნელი, ვიხილავთ, როგორ გააფართოებენ სოციალური გიგანტები თავიანთ სერვისებს — მაგალითად, Instagram-მა უკვე გამოუშვა “Dual Connection” BeReal სტილში. ასევე, არსებობს ჭორები ბაზრის კონსოლიდაციის პერსპექტივის შესახებ, მაგრამ გაურკვეველია, დაუშვებს თუ არა ამას არსებული მარეგულირებელი ჩარჩო — შესაძლოა, ამან წაახალისოს სტარტაპები, კიდევ უფრო ჭკვიანურად იმუშაონ მონეტიზაციის ინოვაციური მოდელების შექმნაზე
წყარო: Wired