17
Oct
2019

ყველას უნდა საკუთარი ბიზნესის დაწყება, მაგრამ როგორ? – მიკა მანჯგალაძე

17 Oct 2019

ალბათ ბევრ ადამიანს  აქვს უკმარისობის განცდა და ფიქრობს:  „აი, რამდენი ხანი უნდა ვიარსებო ხელფასიდან ხელფასამდე, ვიყო სხვისი ხელის შემყურე; იმან თუ დაიწყო ბიზნესი, მე რატომ ვერ შევძლებ, არა რა, უნდა მოვინდომო და დავიწყო ჩემი ბიზნესი;  ვიქნები ჩემი თავის ბატონ-პატრონი, როცა მინდა მაშინ მოვალ, როცა მინდა მაშინ წავალ; თუ მაინც ამდენი უნდა ვიმუშაო, არ ჯობია რამე ჩემი შევქმნა და მომავალი უზრუნველვყო  ჩემი შვილებისთვის?! და ასე შემდეგ.“  მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, როცა გინდა მაშინ აკეთო საქმე, ან ააწყო ბიზნესი….

ეს საკმაოდ საინტერესო, თუმცა შრომატევადი პროცესია და არსებობს მიზნის მიღწევის რამდენიმე გზა. ამ სტატიაში, მე მინდა ვისაუბრო  მხოლოდ ერთ მათგანზე, თუ როგორ შეიძლება წარმატებული ბიზნესის დაწყება და შემდეგ მისი წარმატებულად  შენარჩუნება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხშირ შემთხვევაში წარმატებული ბიზნესის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და რთული პროცესია,  ვიდრე რამე ბიზნესის წარმატებულად დაწყება.

თანამედროვე სიტყვათა ლექსიკონში დამკვიდრდა ისეთი „ფრანციცული“, „ბზუკუნა“ (Buzz) სიტყვები, რომლებისაც, აუცილებლად ბიზნეს სტუდნეტი ან ბიზნეს სკოლა დამთავრებული უნდა იყო, რომ მათი არსი გესმოდეს. ზოგადად, დღევანდელი სტატიები და ნაშრომები ხშირად არის გაჯერებული მსგავსი სიტყვებით და სპეციფიკური ტერმინოლოგიით, რაც ხშირ შემთხევაში ართულებს ფართო საზოგადოებისთვის მათ გაგებას და გააზრებას.  არადა რეალურად,  სულ არ არის საჭირო იყო ბიზნეს სტუდენტი, ან გესმოდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა, იმისთვის, რომ იყო წარმატებული ბიზნესის მმართველი. მეტიც,  ბიზნეს სკოლა დამთავრებულების უმრავლესობა როგორც წესი, კარგი შემსრულებელი და საშუალო დონის მენეჯერია, მაშინ როცა  სხვა პროფესიის ადამიანები ხშირად წარმატებული ბიზნესის მმართველებად გვევლინებიან. ეს, რა თქმა უნდა, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ  ბიზნეს სკოლა დამთვარებულები არ შეიძლება გახდნენ  წარმატებული კომპანიის მმართველები. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მე მინდა გამოვიყენო ეს პლათმორმა და ბიზნესთან ასოცირებული სტატიები ისე ვწერო, რომ იყოს ადვილად წაკითხვადი და ყველასთვის გასაგები, ვინაიდან არავინ იცის, რა პოტენციალის მატარებელია თითოეული ჩვენთაგანი. ამასთანავე, მარტივად გადმოცემული საკითხები მეტი ინსპირაციის წყარო ხდება უმრავლესობისათვის, უფრო იმედიანად ჟღერს  და ხელს უწყობს ადამიანებში საინტერესო იდეების გენერირებას.

დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს და ვუპასუხოთ კითხვას, რისთვისაც ამ სტატიის კითხვა დაიწყე ჩემო ძვირფასო მკითხველო. რადგან კითხულობ, სავარაუდოდ, შენც გინდა, ან ფიქრობ  ბიზნესის დაწყებაზე და გაინეტერესებს, როგორ შეძლება მიაღწიო სასურველ შედეგს. როგორც აღვნიშნე სტატიის დასაწყისში, მე ვაპირებ ვისაუბრო ერთ კონრეტულ მეთოდზე.

მაშ ასე, არსებობს ასეთი სიტყვა „ფრანშიზა“, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ ყიდულობ ან ყიდი წარმატებული ბიზნესის ბრენდს, სახელს და ავითარებ უკვე აწყობილ ბიზნესს, სანაცვლოდ ბრენდში/სახელში იხდი საფასურს. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები იწყებენ  ბიზნესს და დაწყებიდან მალევე ქრება გულანთებული და შემართებით დაწყებული  ბიზნესი, რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოინახება, რომელსაც შეუძლია წარმატებულად მართოს ბიზნესის ყველა ასპექტი. მსგავსი სახის გამოწვევების აღმოსაფხვრელად, ადამიანმა უნდა იფიქროს ფრანშიზაზე. ფრანშიზით ბიზნესის დაწყება გაძლევს საშუალებას დაიწყო და წარმატებულად განავითარო უკვე წარმატებული ბიზნესს მოდელი. 

ორგანიზაცია, რომლისგანაც ფიქსირებულ ფასად ყიდულობ ფრანშიზას, გიწევს სრულ მხარდაჭერას ბიზნესის ყველა ფუნქციის სწორად შესასრულებლად: იქნება ეს მარკეტინგი, საოპერაციო ნაწილი, ფინანსები, ინფორმაციული ტექნოლოგიები თუ სხვა. ანუ ის გზა, რომელიც „ფრენშაიზორმა“ (ფრანშიზის მეპატრონემ) გაიარა, გამოცადა და გაამართლა – გასწავლის, განდობს და ხელს გიწყობს წარმატების მიღწევაში. რა თქმა უნდა, ის არის დაინტერესებული, რომ იყო წარმატებული, რადგან შენი წარმატებული ბიზნესიდან მას უგენერირდება დამატებითი შემოსავალი. შეიძლება ითქვას, რომ თანამშრომლობის ეს ფორმა ორივე მხარისთვის ძალიან მომგებიანი ვარიანტია.

ბევრი ვიფიქრე რომელ ადამიანურ ემოციასთან დამეკავშირებინა ეს დამოკიდებულება, რომელიც ვითარდება „ფრენშაიზორსა“ (ფრენშიზის მეპატრონე) და „ფრენშაიზიი“ (ფრენშიზის მიმღებს) შორის და მოკრძალებულად “დედა-შვილობას” შევადარე.  ანუ „ფრანშიზის მეპატრონე“, დედა, ყველაფერს გასწავლის რაც მან ისწავლა  ბევრი შეცდომის დაშვების ფასად, რათა მიეღწია წარმატებისთვის და  დაემკვიდრებინა საუკეთესო პრაქტიკა. ამ პრაქტიკას მერე გასწავლის იმისთვის, რომ შენ მისი შეცდომებიდან ისწავლო და არ გაიმეორო, გაზღვევს უკვე დაშვებული შეცდომებისგან და გაძლევს საშუალებას, დასაწყისიდანვე განავითარო ბიზნესი წარმატებულად. ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ ნაკლები ძალისხმევით და ნაკლებ დროში წარმატებულად წარმართო ბიზნესს პროცესები, რომელიც შენ რომ დაგეწყო შენივე რესურსებით გაცილებით ძნელი, ძვირი და დროში გაწელილი იქნებოდა.

ახლა დავავიწროვოთ სპექტრი და განვიხილოთ რას მიიღებ შენ, როგორც „ფრენშაიზიი“ ფიქსირებული ფასის სანაცვლოდ:

  1. გამოცდილი, წარმატებული ბიზნეს მოდელი: უკვე ჩამოყალიბებული ბიზნესი, რომელსაც ყავს თავისი ერთგული, ბრენდზე შეყვარებული მომხმარებელი, აქვს კარგი რეპუტაცია და ფინანსურად მომგებიანია.  ასევე გეძლევა მარკეტინგის სტრატეგია, სრულფასოვანი ადგილი ბაზარზე, აქცენტით სარეკლამო კამპანიებზე. ანუ შენ აღარ გჭირდება ნაბიჯ-ნაბიჯ შენი ბიზნესის აწყობა.

 

  1. უკეთესი დაფინანსების საშუალება: ყველა ბიზნესს სჭირდება საწყისი კაპიტალი, რისთვისაც ადამიანები მიმართავენ საფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, ან ინვესტორებს ბიზნეს გეგმებით. იმისთვის, რომ საფინანსო ორგანიზაციები დაარწმუნო იმაში, რომ ნაკლებად სარისკო საქმეში უხდებათ ფულის ჩადება, რა თქმა უნდა, გამოცდილი ბიზნესის სახელი, რეპუტაცია და ისტორია გეხმარება. ანუ, დაფინანსების უკეთესი და რეალური შანსი გიჩნდება.

 

  1. ეკონომია, მასშტაბის დადებითი ეფექტი: წარმოების მასშტაბის გაზრდით გეძლევა საშუალება, შეიძინო შენი საჭიროებები ფასდაკლებით და გაუმჯობესებული პირობებით მომწოდებლებთან. ანუ, ხარჯების ოპტიმიზაციის  და მოგების გაზრდის საშუალება გეძლევა.

 

  1. უნიფიცირებული პროცედურები, .. სტანდრტული ოპერაციული პროცედურები: კარგად გამოცდილი პროცესები, რომელიც საუკეთესო პრაქტიკად დამკვიდრდა.  საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება მხოლოდ გამოცდილ ბიზნესებს შეუძლიათ. როცა წლების განმავლობაში აწყობ ბიზნეს პროცესებს, დაშვებული შეცდომებით და მიღწეული წარმატებებით, იღებ იმ საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც ნაკლები შეცდომითა და ნაკლები რისკით გაძლევს საშუალებას, წარმატებულად მართო ბიზნესის ნებისმიერი მიმართულება. ანუ გეძლევა წვდომა ცოდნის იმ ბაზასთან და გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებთან, რომელიც საუკეთესო პრაქტიკითაა დაკომპლექტებული.

 

  1. ტრენინგი/გადამზადება, მუდმივი კონსულტაციები მართვის სფეროში: გეძლევა საშუალება გადაამზადო თანამშრომლები საუკეთესო პრაქტიკისგან შემდგარი სატრენინგო მასალითა და მოდულებით. ამასთანავე, ყველა რთულ სიტუაციაში მიიღო რჩევები და კონსულტაციები, თუ რა იყოს გამოსავალი უკეთესი შედეგისთვის.  შენ მარტო არ ხარ, შენ გვერდით არის გამოცდილი მშობელი, „ფრენშაიზორი“, რომელიც აუცილებლად კარგად გააზრებულ და გაანალიზებულ რჩევას მოგცემს.

შევეცადე ეს ყველაფერი მარტივად გადმომეცა შენთვის, ჩემო ძვირფასო მკითხველო.  დიახ, შევეცადე გაგეაზრებინა ყველა ის სარგებელი, რასაც მიიღებ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. დიახ, მინდოდა გამეზიარებინა მეთოდი, თუ როგორ დაიწყო ერთდროულად შენი საკუთარი ბიზნესი და თან, შესძლო უკვე გამოცდილი დიდი ბიზნესის მართვა.  დიახ, რა თქმა უნდა ყველაფერი დადებით ჭრილში. თუმცა ცხადია, რომ ბიზნესს ყოველთვის ახლავს გარკვეული რისკები და შენი წარმატება შენივე მოქმედების სტრატეგიაზეა დამოკიდებული, ამიტომ გისურვებ წარმატებებს!

 

 მიკა მანჯგალაძე – Marketer.ge – ს კონტრიბუტორი

განხილვა