in

რა უნდა იცოდნენ კომპანიის მფლობელებმა PR-ის შესახებ?!

როდესაც კომპანიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი აჰყავთ ან პიარ კომპანიას ქირაობენ, ხშირად, დამფუძნებლებს ისიც კი არ ესმით, ზუსტად რაში იხდიან ფულს. პიარი საზოგადოებასთან კომუნიკაციაა, რომლის შემადგენელობაშიც მოიაზრება მედიასთან ურთიერთობა. ის ბიზნესის ნაწილია და ხელს უწყობს, საზოგადოებამ მიიღოს  ბრენდი. თუმცა, ხშირად, კომპანიის მფლობელებს ჰგონიათ ან არწმუნებენ, რომ „კარგი პიარი“, აპრიორი, გაზრდის გაყიდვებს და შესაბამისად, შემოსავალს. ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

კომპანიის მფლობელებმა უნდა იცოდნენ:

თუ პიარის სპეციალისტი ან კომპანია ამტკიცებს, რომ მათი დახმარებით ბიზნესი ფულს იშოვის, ტყუილია!

წინასწარ არავინ იცის, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას ამა თუ იმ პროდუქტზე, სერვისზე ან, თუნდაც, კონკრეტულ საკომუნიკაციო აქტივობასა და კამპანიაზე. მეტიც, პიარის დანიშნულება გაყიდვების გაზრდა საერთოდ არ არის. პიარით იქმნება კომპანიის ცნობადობა და რეპუტაცია. მას შემდეგ რაც საზოგადოება გაიცნობს ბრენდს, პროდუქტს ან მომსახურებას, შეიძლება გაყიდვების ზრდაზე საუბარი.

მედიასთან ურთიერთობა საფონდო ბირჟაზე თამაშს ჰგავს!

კომპანია, ამ მიმართულებით დაბანდებულ ფულს პირველსავე თვეში ვერ ამოიღებს. ასე რომ იყოს, ჩვენ ყველანი პუბლიცისტები და შესაბამისად, მდიდრები ვიქნებოდით. კარგი პიარით ბრენდი ნაბიჯ-ნაბიჯ იხვეწება და ნელ-ნელა ხდება უკეთესი. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კარგი რეპუტაცია უცბად შეიქმნა, თუმცა, ეს გამონაკლისია.

დიდი მნიშვნელობა აქვს მედიის, როგორც საკომუნიკაციო არხის სწორად შერჩევას!

რომელი მედია საშუალების ან გადაცემის გამოყენება ჯობია, ამის მზა რეცეპტი არ არსებობს. შესაძლოა, კონკრეტული პროდუქტის ან სერვისისთვის სულაც არ იყოს კარგი ყველაზე პოპულარულ გადაცემაში „მოხვედრა“ და მას გაცილებით დიდი ცნობადობა და წარმატება მოუტანოს გადაცემამ, რომელსაც შედარებით ნაკლები ადამიანი, მაგრამ ზუსტად შესაფერისი სეგმენტი უყურებს.

საზოგადოებასთან ურთიერთობა ხანგრძლივი პროცესია!

პიარის ამოცანები ერთ დღეში არ მიიღწევა, ან როგორც ჩვენთან ამბობენ,  ერთ დღეში „პიარი არ კეთდება“. ბიზნესი წარმატებული მაშინ არის, როდესაც საზოგადოებას მოსწონს და ირჩევს მის პროდუქტს ან მომსახურებას, რაც წარმოუდგენელია კარგი რეპუტაციის გარეშე. სწორედ ამისთვის სჭირდება კომპანიას პიარი და ასე მიჰყავს ბიზნესი საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორ და ეფექტურ სტრატეგიას წარმატებამდე.



GeoLogic – უფასო ონლაინ მეცადინეობა და ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეებისათვის

Google, WebSummit, TripAdvisor – 15 ნოემბერს თბილისი Touch Digital Summit-ს უმასპინძლებს!