in

ბიზნეს რეალითი შოუ “შეგირდის” მონაწილეები მაშინ და ახლა

2011 წლის მარტში, ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში რეალითი შოუ “შეგირდი” გავიდა. პროექტის მიზანი იყო საუკეთესო მონაწილის გამოვლენა, რომელიც “თავისუფალი უნივერსიტეტი”-ს კამპუსის პროექტის მენეჯერი გახდებოდა. პროექტში ჩართვის სურვილი 1000-მა ადამიანმა გამოთქვა. კონკურსის შედეგად შეირჩა 12 მონაწილე, რომელმაც 3 თვის მანძილზე იცხოვრა იზოლირებულ გარემოში და შეასრულა დავალებები. მარკეტერი დაინტერესდა იმით, თუ რას საქმიანობენ დღეს “შეგირდი”– ს წარმატებული მონაწილეები და რა შეცვალა მათ ცხოვრებაში რეალითმა შოუმ.

“ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და მივხვდი რა უნდა ვაკეთო იმისათვის რომ ყველაფერი ისე გამოვიდეს, როგორც საჭიროა. საინტერესო იყო კამპუსის მენეჯერობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოვაწყვეთ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შენობები. ამჟამად ვარ ოპერაციების მენეჯერი შპს “ომეგა” – ში (“მეგატექნიკა”). ვფიქრობ, ჩემმა შეგირდულმა გამოცდილებაამ საერთოდ ყველაფერზე იქონია გავლენა, ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც გამომადგა და პროფესიული მხრივაც. დიდი ფაქტორია, როცა 3 თვე სულ დატვირთულ პირობებში ხარ,სადაც ძალიან მცირე დრო გაქვს დასვენებისა და ძილისთვის.”- გვითხრა “შეგირდი”-ს გამარჯვებულმა – ავთო ნატრიაშვილმა.

ავთო ნატრიაშვილი

ავთო ნატრიაშვილთან ერთად “შეგირდი”-ს ფინალში ირინა ნაცვლიშვილი გავიდა,  რომელსაც გადაცემამდე დიდი გამოცდილება ჰქონდა, თუმცა “შეგირდი” მისთვის დღემდე რთულ და საინტერესო პროექტად რჩება.  

ირინა ნაცვლიშვილი

“ბევრად სხვანაირად აღვიქვი რას ნიშნავს მენეჯერობა, დავალების შესრულება და ის თუ როგორ უნდა მიაღწიო შედეგს,როგორ დაგეგმო მოქმედება. 3 თვიანი იზოლირებული პერიოდი იყო ჩემთვის დიდი გამოწვევა, იმიტომ კი არა რომ იზოლაციას არ ვიყავი შეჩვეული, არამედ იმიტომ რომ ძალიან დატვირთული რეჟიმი იყო. თავიდან უფრო გამიჭირდა, იმის გამო, რომ დიდი ჯგუფები იყო და ბევრი ადამიანის აზრს უნდა მოვრგებოდი, კოორდინაცია უნდა მომეხდინა. კონკრეტული შედეგი ისე უნდა მიმეღო, რომ ჯგუფის წევრებისგან პოზიტიური შეფასება დამემსახურებინა. პროექტის მიმდინარეობისას, რაც უფრო დიდი დრო გავიდა, უფრო ორიენტირებული გავხდი საქმეზე და არა გარშემომყოფებზე პოზიტიური შთაბეჭდილების მოხდენაზე. ჩემს ინდივიდუალურ საქმეზე უფრო მეტად ვაკეთებდი აქცენტს. რთული არ იყო იქ ყოფნა,  რთული იყო დავალებების შესრულება. სად დაიძინებ და სად გაიღვიძებ მნიშვნელობა არ აქვს როცა მიზანი გაქვს.

M: ამჟამად რას საქმიანობთ?

დღეს ვმუშაობ სადაზღვეო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგში”,  თბილისის გაყიდვების უფროსად.

M: “შეგირდამდე” რას საქმიანობდით?

ამ პროექტამდე საკუთარ თავზე, როგორც ადამიანზე რომელსაც გამოცდილება აქვს ცუდი წარმოდგენა არ მქონდა. ვმუშაობდი “თიბისი” ბანკში კარგ პოზიციაზე, ვაკეთებდი ისეთ საქმეს რასაც ჩემი ასაკის ხალხი არ აკეთებდა. გარდა ამისა, ვმუშაობდი ფინანსთა სამინისტროში, საგადასახადო სისტემაში და 23 წლამდე მქონდა დიდი გამოცდილება. ამ პროექტში მივხვდი რომ ბევრი რამ, რაც მეგონა რაც ვიცოდი საერთოდაც არ ვიცოდი.

M: რა შეიცვალა თქვენთვის, პროექტის დასრულების შემდეგ?

ამ პროექტის მერე კახა ბენდუქიძესთან ვიმუშავე ოთხნახევარი წლის განმავლობაში. ჩემი გამოცდილება არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც მასთან მუშაობისას დამჭირდა. აქ ვისწავლე სტრესულ გარემოში სწორი გადაწყვეტილების მიღება, საქმის ნულიდან დაწყება. რომ არა ეს პროექტი, არ მექნებოდა ბევრი ის უნარი, რომელიც დღემდე მეხმარება ნებისმიერ სამსახურში.

რეალითი შოუში ჩართვამ თითოეული მონაწილის ცხოვრებაზე იქონია გავლენა. მათ შორის, ვასკა გეგელიას კარიერაზე, რომელსაც შოუს მიმდინარეობისასვე დაუკავშირდნენ და “ვისოლ ჯგუფში” შესთავაზეს სამსახური.

ვასკა გეგელია

“ჯერ კიდევ პროექტში ვიყავი როცა დამიკავშირდნენ და უკვე მეექვსე წელია რაც დასაქმებული ვარ “შეგირდი”-ს დამსახურებით. ამჟამად ვარ “ვენდისი”-ს , “სმარტი”-ს  და “დანკინ დონატსი”-ს განვითარების სამსახურის უფროსი  “ვისოლ ჯგუფში”. პროექტის შემდეგ, კარიერის თვალსაზრისით ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. თავიდან მუშაობა დავიწყე “სმარტში”, ვიყავი მერჩენდაიზინგის სამსახურის უფროსი ახლა ვარ სამი კომპანიის განვითარების სამსახურის უფროსი.”

M: როგორ გაიგეთ პროექტის შესახებ?

პროექტის შესახებ გავიგე ტელევიზიით, რეკლამა გადიოდა ტელე “იმედზე”.

M: როგორც მონაწილე, როგორ შეაფასებთ “შეგირდს”?

ეს არ იყო ორდინალური ტელე შოუ, საკმაოდ სერიოზული პროექტი იყო სადაც რეალურ დავალებებს ასრულებდი და ისეთ ქეისებს ღებულობდი, რომელიც აქამდე არ გქონდა გაკეთებული, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საკუთარი ხელით ავაშენეთ საცხოვრებელი სახლები. სამშენებლო სფერო სხვა თვალით დავინახე, ადრე არ მქონია შეხება. სიმართლე გითხრათ ახლა უკვე განსაკუთრებულად მახსენდება ის მომენტები, როცა კახა ბენდუქიძესთან გვქონდა ყოველდღიური ურთიერთობა. იყო ის, რაც ტელევიზორში არ ჩანდა. კახას გამოცდილება ძალიან დიდი იყო და ის მას გვიზიარებდა.

ბიზნეს რეალითი შოუს არსებობის აუცილებლობასა და მიმდინარეობის დეტალებზე გიორგი მელაძეს ვესაუბრეთ, რომელიც “შეგირდი”-ს თანაწამყვანი და საორგანიზაციო ჯგუფის წევრი იყო.

გიორგი მელაძე

“ბიზნეს რეალითი შოუს არსებობის საჭიროება იყო და არის. ახალგაზრდებს, რომლებიც გადაცემას თვალს ადევნებდნენ, შეეძლოთ აქცენტები გაეკეთებინათ მნიშვნელოვან დეტალებზე. იმისათვის რომ მიაღწიო შედეგს, საქმე გააკეთო წარმატებულად საჭიროა შრომისმოყვარეობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდური მუშაობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი. ეს გზავნილები კი საკმაოდ ცხადად მიდიოდა მაყურებლამდე.

რთული იყო იმის ორგანიზება, რომ ყოველ კვირას ვიღაცას უნდა დაეტოვებინა შოუ და ეს ისე უნდა მოგვეხერხებინა, რომ ყველასთვის ახსნადი და ამავდროულად სამართლიანი ყოფილიყო.”

პროექტ “შეგირდი”-ს ავტორი კახა ბენდუქიძე იყო, ხოლო მისი განხორციელების ორგანიზებას Night Show Studio, თავისუფალი უნივერსიტეტი და Imedi Present-ი  წევდნენ. ბიზნეს რეალითი შოუს მხოლოდ ერთი სეზონი განხორციელდა, 2011 წლის მარტიდან ივნისამდე. მისი მონაწილეები დღემდე განაგრძობენ წარმატებულ საქმიანობას სხვადასხვა სფეროში.

აჭარაში ფუნქციონირებადი სარეკლამო სააგენტოები და მათი სამუშაოს სპეციფიკა

რა შემთხვევებისთვისაა კომფორტული დიდი ავტომობილი? – Volkswagen–ის სახალისო ვიდეორგოლი