in ,

ბიზნეს წარმატება – X დროით გადავადებული წარუმატებლობა – რევაზ კოპალაძე

„იმ დროს ხალხისთვის რომ მეკითხა, რა სურდათ, უფრო სწრაფი ცხენებიო, მიპასუხებდნენ“ – ჰენრი ფორდი

სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, ჩვენი ადგილმდებარეობა განვსაზღვროთ. სისტემას, რომელშიც ვცხოვრობთ, ჰქვია პოსტინდუსტრიული საზოგადოება (განვითარების მესამე ტალღა, აგრარული და ინდუსტრიული საზოგადოებების მომდევნო ეტაპი). პოსტინდუსტრიული საზოგადოების მთავარი ნიშანია მასში მიმდინარე ცვლილებათა პერმანენტული ფორსირება. ახალი ტექნოლოგიების გამოგონებასა და დანერგვას, თან სდევს კიდევ უფრო ახალ გამოგონებათა დაჩქარება. „ტელეფონს, რომლითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ, უფრო მეტი გამოთვლითი სიმძლავრე აქვს, ვიდრე NASA-სთვის იყო ხელმისაწვდომი 1969 წელს“, – წერს მიჩიო კაკუ წიგნში „მომავლის ფიზიკა“ (წიგნი რვა წლის წინ არის დაწერილი, ასე რომ, ჩვენი ტელეფონები ექსპონენციურად უფრო მძლავრია).

ამის შედეგად, თუ ინდუსტრიულ საზოგადოებაში ტექნოლოგიურ პროგრესს ბაზარი „მიათრევდა“, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში პირიქით – ტექნოლოგიები აძლევს ბიძგს ბაზარს. ეს ძალიან ნიშანდობლივი ცვლილებაა და აქვს გვერდითი მოვლენებიც – სისტემების გართულება და განუსაზღვრელობა.

სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კარგად ვიცით მხოლოდ სწორხაზოვანი მიზეზშედეგობრივი კავშირების ანალიზი: მომხმარებელი განსაზღვრავს მოთხოვნას, ხოლო მწარმოებელი – მიწოდებას. ასეთ პირობებში ტრადიციული დაგეგმვის, კვლევისა და ანალიზის ყველა საშუალება მუშაობს – განსაზღვრეთ მოთხოვნა, გამოყავით რესურსები, გამოთვალეთ ფასი და… მიაწოდეთ მომხმარებელს. ერთადერთი მალიმიტირებელი ფაქტორი რესურსებია (მიწა, შრომა, კაპიტალი), თუმცა მოთხოვნის არსებობა ამცირებს მათი წარუმატებლად გამოყენების რისკს და ერთგვარ განსაზღვრულობას უზრუნველყოფს.

დღეს ასეთი განსაზღვრულობა აღარ არსებობს. შესაბამისად, აღარც კლასიკური ანალიზის/დაგეგმვის/შეფასების ინსტრუმენტებია წარმატების საწინდარი. ამის ქრესტომათიული მაგალითებია „მოტოროლას“ პროექტი „Indium“, Apple-ის პროექტი „General Magic“ და ბევრი სხვა, რომლებიც მონაცემთა გადაცემის პლატფორმებს შეეხებოდა და ინტერნეტის გაჩენამ ერთ დღეში გააქრო ათეულობით წლის შრომა და მრავალმილიარდიანი ინვესტიციები. მაგალითად, კომპანია „ბლექბერი“ კვლევებისა და მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზის შედეგად დიდხანს არ უშვებდა თაჩსქრინიან ტელეფონებს, ვინაიდან კლავიატურიანს უფრო მოთხოვნადად მიიჩნევდა და საბოლოოდ ბაზარი დაკარგა.

პარადიგმა შეიცვალა – შედეგი თვითონვე შეიძლება იქცეს მიზეზის წინაპირობად ან სრულიად შეცვალოს გარემო, რომელშიც ამ მიზეზებისა და შედეგების ურთიერთქმედება ხორციელდება. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში მიწა, შრომა და კაპიტალი აღარ არის მალიმიტირებელი ფაქტორები. ერთადერთი ასეთი ფაქტორია ინფორმაცია/ცოდნა. მრეწველობის ის დარგები, რომელთა ინფორმაციული ბაზა ცოდნის უმაღლეს დონეზე დგას, მთელი თავით უსწრებს სხვა დარგებს. მათ შეუძლიათ ისეთი საქონლის წარმოება, რომელიც თვითონვე უქმნის ბაზარს საკუთარ თავს ან იმდენად ზრდის შრომის ნაყოფიერებას, რომ სრულიად ცვლის ეკონომიკის არსებულ კონტექსტს.

შესაძლოა, გაგიგონიათ პეპლის ეფექტის შესახებ, რომლის აღმოჩენასაც ედვარდ ლორენცოს მიაწერენ. ეს მეტაფორა შეეხება სისტემის მგრძნობელობას და მასში მომხდარი ცვლილებების მიზეზშედეგობრივ კავშირებს. ლორენცო ამტკიცებს, რომ ჩინეთში პეპლის ფრთების ფარფატს შეუძლია ამერიკაში ქარიშხალი გამოიწვიოს. ასეთი მიზეზშედეგობრივი კავშირის განჭვრეტა თითქმის შეუძლებელია. ამ მეტაფორას ხშირად ციტირებენ ქაოსის თეორიის წარმომადგენლები თანამედროვე მდგომარეობის ასახსნელად.

არაპროგნოზირებად და რთულ გარემოში გადარჩენის ერთადერთი შანსი მოქნილობა და ადაპტაციის უნარია. მოქნილობა, თავის მხრივ, ნიშნავს წარმატების შენარჩუნებას მუდამ ცვალებად გარემოში, ხოლო წარმატება სხვა არაფერია, თუ არა წარუმატებლობის გადავადების შესაძლებლობა. ცვალებად გარემოში დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ უბრალოდ არსებული მდგომარეობა შეინარჩუნო. ეს ძალიან ჰგავს გულის დედოფლის რბოლას. ლუის კეროლის წიგნში „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ გულის დედოფალი ამბობს: „მთელი ძალით უნდა ირბინო, რათა იმავე ადგილას დარჩე“. ეს ევოლუციური ჰიპოთეზაა, რომელიც ამტკიცებს, რომ რთული სისტემები მხოლოდ არსებობის შესანარჩუნებლად მუდმივ ცვლილებებს მოითხოვს.

გარემოს ასეთი ცვლილების შედეგად ბიზნესი უფრო მწვავედ შეეჯახა განსაზღვრულ მოთხოვნათა დაკმაყოფილების პრობლემას. უმთავრეს საკითხად იქცა პროდუქციის ან მომსახურების ბაზარზე გატანის დრო/ხანგრძლივობა (Go to market). მაგალითად, 2001 წელს Apple-მა გამოუშვა iPod-ი და რევოლუცია მოახდინა ციფრული მუსიკის სფეროში. ხუთი წლის შემდეგ Microsoft-მა გამოუშვა კონკურენტი – Zune, რომელიც შესაძლოა არც კი გაგიგონიათ და ამით ყველაფერი ნათქვამია. სტრატეგია „სხვას დაველოდები და თუ გამოუვა, მეც გავაკეთებ“ აღარ მუშაობს. 2010 წელს იმავე Microsoft-მა გამოუშვა Windows Phone 7. ეს მოხდა iPhone-ის გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ, მაშინ, როცა ციფრული პროდუქტების უმრავლესობა უკვე მორგებული იყო iOS და Android სიტემებს.

თუ სხვისი წარუმატებლობის ან წარმატების ლოდინი არ ღირს, გამოსავალია ჩვენივე შეცდომების გაიაფება (Fail fast). „პირველი, რაც გავაკეთეთ „ამაზონში“ და რაც საფუძვლად დაედო ჩვენს წარმატებას, იყო ექსპერიმენტების ღირებულების შემცირება. თუ იმავე ბიუჯეტით 100-ის ნაცვლად 1000 ექსპერიმენტის ჩატარება მოახერხეთ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ“, – წერს ჯეფ ბეზოსი. ჩემი მხრივ დავამატებ, რომ შეცდომის/ექსპერიმენტის გაიაფების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია პერფექციონიზმი. მისი მთავარი ნაკლი დაბალი პროდუქტიულობაა. პარადოქსია, მაგრამ ადამიანები, რომელებიც ესწრაფვიან შრომის მაღალ ხარისხს და პროფესიულ სრულყოფას, ნაკლებად პროდუქტიულები არიან. მაგალითი: იმისთვის, რომ პროდუქტი ასი პროცენტით მზად ჩავთვალოთ, უნდა დავხარჯოთ ასი საათი, პროდუქტის 80-პროცენტიანი მზაობის მისაღწევად კი მხოლოდ 40-50 საათი გვჭირდება. გამოდის, რომ ასი პროცენტით მზა ერთი პროდუქტი = ორ პროდუქტს, რომლებიც მზად არის 80 პროცენტით. ამის შედეგად, როდესაც პროდუქტი სრულყოფილებამდე მიგვყავს, ის უკვე მოძველებულია და აღარავის სჭირდება.

პარეტოს წესი

აქ გავიხსენოთ პარეტოს წესი 80/20, რომლის ძირითადი კონცეფცია ასეთია: „ძალისხმევის 20 პროცენტს მოაქვს 80-პროცენტიანი შედეგი და პირიქით: ძალისხმევის 80 პროცენტს – მხოლოდ 20-პროცენტიანი “. ამ კონცეფციას იყენებენ როგორც საქმიანობის ეფექტურობის ფაქტორებისა და ოპტიმიზაციის საბაზისო მაჩვენებელს. მართებულია, ავირჩიოთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედებები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, სწრაფად მივაღწიოთ დაგეგმილი შედეგის მაქსიმუმს. თითოეული ჩვენგანი სარგებლობს ექსელით და იყენებს პროგრამის შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს. ექსელს შეუძლია, მაგალითად, ოპერაციების შესრულება ნატურალური ლოგარითმის გამოყენებით, მაგრამ ის მომხმარებლების უდიდეს ნაწილს არ სჭირდება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ პერფექციონისტმა პროგრამისტმა დააგვიანა პროდუქტის გამოშვება და ალოდინა მომხმარებელი აღნიშნული ფუნქციის უქონლობის გამო.

მესამე და მნიშვნელოვანი ფაქტორია მომხმარებლის უკუკავშირი. „დროის 40 პროცენტს მომხმარებელთან ურთიერთობაში ვხარჯავ. როცა ამას ვამბობ, უკვირთ და მეკითხებიან, მეტისმეტი ხომ არ არის კლიენტებთან ურთიერთობისთვის, მე კი მეჩვენება, რომ ჩემი სამსახური სწორედ ესაა“, – ამბობს მაიკლ დელი, კორპორაცია Dell-ის დირექტორი და დამფუძნებელი. მომხმარებლის უკუკავშირის იგნორირება ძალიან ძვირად დაუჯდა ბევრ კომპანიას და დღეს უამისოდ უკვე წარმოუდგენელია პროდუქტის როგორც წარმოება, ისე ბაზარზე გატანა და რეალიზაციაც.

„კლიენტი ყოველთვის მართალია“ მოძველებული და არაფრისმთქმელი ფრაზაა – უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ კლიენტი ყოველთვის მართალი არ არის და მხოლოდ მისი მითითებით წარმოებული პროდუქტი ვერასდროს იქნება ინოვაციური. თუ ინოვაცია სიახლისა და საჭიროების კომბინაციაა, მაშინ საჭიროების ვალიდატორი მომხმარებელია, მის ეფექტურ დაკმაყოფილებაზე კი მწარმოებელი აგებს პასუხს. ამასთანავე, „კლიენტი ყოველთვის მართალია“ გვახსენდება მაშინ, როცა კლიენტი უკვე უკმაყოფილოა და ამ სიტყვებით ვიმშვიდებთ თავს, როცა გვიყვირიან. არადა, თანამედროვე გაგებით, მომხმარებლის უკუკავშირი ნიშნავს მომხმარებლის ჩართულობას პროდუქტის შემუშავების პროცესშიც, მის ყოველ სტადიაზე, რაც მაქსიმალურად ამცირებს ბაზარზე ამ პროდუქტის გატანის შემდეგ უკმაყოფილების რისკს (კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ამაში გვეხმარება, მომდევნო სტატიებში განვიხილავთ).

ცვლილებების საჭიროებამ გამოიწვია ბიზნესის ლიდერების შეხვედრა, რომელიც 2001 წელს ამერიკაში, იუტაში გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრისას შეიქმნა დღეს უკვე კარგად ცნობილი Agile (მოქნილი, სწრაფი) მანიფესტი, რომელსაც დაეფუძნა პროექტებისა და ბიზნესის მართვის თანამედროვე თეორიები. მანიფესტი ზოგად ხედვას და ფასეულობებს განსაზღვრავს. ის შედგება მხოლოდ ოთხი თეზისისგან, რომლებიც თანამედროვე მენეჯმენტის ქვაკუთხედად იქცა:

  1. ადამიანებსა და მათ ურთიერთქმედებებს ვამჯობინებთ პროცესებსა და ინსტრუმენტებს.
  2. მომუშავე პროდუქტს ვამჯობინებთ ამომწურავ დოკუმენტაციას.
  3. დამკვეთთან თანამშრომლობას ვამჯობინებთ კონტრაქტის პირობების შეთანხმებას.
  4. ცვლილებაზე რეაგირებას ვამჯობინებთ გეგმის ზედმიწევნით დაცვას.

ასე რომ, თუმცაღა ვაფასებთ მარჯვენა მხარეს მდგომ ღირებულებებს, უპირატესობას მაინც მარცხნივ მდგომს ვანიჭებთ. Agile მეთოდოლოგიის ფუნდამენტური პრინციპები დაიყვანება ადამიანის უნიკალურობის აღიარებაზე, სადაც ადამიანთა ურთიერთობა და თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვნადაა მიჩნეული, ვიდრე ინდივიდუალური კომპეტენციები, ფასეულობის შექმნის იმგვარ პროცესზე, სადაც პროდუქტის შექმნისა და განვითარების თითოეულ ეტაპს თან ახლავს მომხმარებლის უკუკავშირი, ნაცვლად ქაღალდომანიისა.

ბოლოთქმა.

საქართველოში, საბედნიეროდ, გვყავს წარმატებული კომპანიები, თუმცა ფილოსოფიური თვალსაზრისით ისინი შესაძლოა სულაც არ იყვნენ წარმატებულები. კომპანია მანამდეა წარმატებული, სანამ წარუმატებელი გახდება. როგორ ფიქრობთ, ვინ უფრო წარმატებულია როგორც ბიოლოგიური სახეობა – ადამიანი თუ დინოზავრი? ვეჭვობ, პასუხი იქნება „ადამიანი“, თუმცა დინოზავრები დედამიწაზე 160 მილიონი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაშინ როცა ჰომინიდების ოჯახი მხოლოდ 6 მილიონი წლისაა.

ამასთანავე, სულ რაღაც 200 წელია, რაც ადამიანები ზიანს აყენებენ გარემოს. ამრიგად, ჩვენ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ ყველაზე წარმატებული ბიოლოგიური სახეობა ვართ. იგივე ითქმის კომპანიებზეც: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში დაარსებულ კომპანიათა უმრავლესობის ისტორია სულ რაღაც 20 წელს ითვლის და დღევანდელი წარმატება უბრალოდ გადავადებული წარუმატებლობაა. ბოლოს და ბოლოს, სწორედ „მოტოროლას“ ინჟინერმა მარტინ კუპერმა დაურეკა პირველად კონკურენტებს მობილური ტელეფონით, მაგრამ გავიდა 40 წელი და „მოტოროლა“ პრაქტიკულად გაძევებულია მობილური ტელეფონების ბაზრიდან (და არამხოლოდ).

ყველა მეწარმეს ვუსურვებ, საუკუნით გადაევადებინოს თავისი წარუმატებლობა.

 

რევაზ კოპალაძე – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

შუშის გადამამუშავებელ ქარხანას “შპს კერე” ახალი დანადგარები გადაეცა

რა გავლენას ახდენს თქვენი საცხოვრებელი ადგილი თქვენს სტარტაპზე?