in

ვინ არის „საუკეთესო ფრილანსერი“ და რა მნიშვნელობა აქვს ამ ნომინაციას – ელენკა კოხრეიძის შეფასება

9 წლის მანძილზე თიბისი ბიზნესდაჯილდოების პლატფორმამ 4000-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს. ბიზნესდაჯილდოება, წელს, მნიშვნელოვანი სიახლით ბრუნდება. ღონისძიების მედია პარტნიორია Marketer.ge. მეცხრე დაჯილდოებაზე პირველად გამოვლინდება „წლის საუკეთესო ფრილანსერი“. ეს გახლავთ ნომინაცია, რომელიც თანამედროვე შრომის ბაზრის ტენდენციებს ასახავს. ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მკვეთრად გაიზარდა იმ პროფესიონალების რიცხვი, რომლებმაც უარი თქვეს ტრადიციულ ოფისურ საქმიანობაზე და დამოუკიდებელი კარიერული გზა აირჩიეს.

სანამ საუკეთესო ფრილანსერების რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თეგეტას მარკეტინგის ხელმძღვანელი, ელენკა კოხრეიძე ნომინაციის მნიშვნელობაზე გვიყვება და თავის რჩეულ ფრილანსერს ასახელებს.

M: შენი ხედვით, როგორ განვითარდა ბოლო წლებში ფრილანსერად მუშაობის კულტურა და როგორი პერსპექტივა აქვს მას? 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფრილანსერად მუშაობის კულტურა საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, როცა კომპანიებმა იძულებით გადაინაცვლეს დისტანციურ სამუშაოზე და ბევრმა ადამიანმა პირველად სცადა დამოუკიდებლად მუშაობა. დღეს, საქართველოში ასე ათასობით ადამიანი მუშაობს: დიზაინერები, პროგრამისტები, მარკეტერები, ქოფირაითერები და ა.შ – ზოგი ადგილობრივ ბაზარზე, ზოგი კი საერთაშორისო პლატფორმებზე. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ფრილანსი განსაკუთრებით იზრდება, არის მოქნილობა.

ადამიანებს შეუძლიათ იმუშაონ საკუთარი გრაფიკით, სახლიდან ან კაფედან, პარალელურად მოუარონ საკუთარ თავს, იზრუნონ შვილებზე, მიიღონ განათლება და პარალელურად მართო სხვა პროექტები. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საქართველოში ტექნიკური განათლებისა და ინგლისურის ცოდნის დონის ზრდასთან ერთად, ბევრად უფრო მეტ ადამიანს შეუძლია იმუშაოს უცხოელ დამკვეთებთან.

თუმცა, რეალობასაც რომ გავუსწოროთ თვალი, პრობლემებიც საკმაოდ არსებობს. ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს სტაბილური შემოსავალი ფრილანსით. ხშირია გადახდების დაგვიანება, რაც სტაბილურობის შეგრძნებას აქრობს და  შრომის უფლების დაუცველობა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი დამსაქმებელი დღესაც ეძებს „ოფისში მოსულ თანამშრომელს“ და არ ენდობა დისტანციურ პროცესებს. მიუხედავად ამისა, ტენდენცია აშკარად პოზიტიურია. უფრო მეტი კომპანია იწყებს ფრილანსერებთან თანამშრომლობას, ხოლო თვითონ ფრილანსერები ხშირად ქმნიან მცირე გუნდებს ან მცირე ბიზნესებს, რომლებიც შემდეგ კიდევ უფრო იზრდება.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ფრილანსი საქართველოში არა მხოლოდ კარიერული გზაა, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოკლედ რომ ვთქვათ, ფრილანსერად მუშაობა საქართველოში სულ უფრო პოპულარული, პრაქტიკული და მომგებიანი ხდება. ის აძლევს ადამიანებს თავისუფლებას, შემოსავალს და გლობალურ ბაზარზე გასვლის შანსს. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, მაგრამ პერსპექტივა ნამდვილად მზარდია – განსაკუთრებით მათთვის, ვინც მუდმივად სწავლობს, ვითარდება და იცის, როგორ მოახდინოს საკუთარი თავის სწორად პოზიციონირება ციფრულ სამყაროში.

M: როგორ შეაფასებ ამ ნომინაციასა და მის მნიშვნელობას? 

ფრილანსერები დიდი წვლილის შემტანები არიან ბიზნესების წარმატებაში – ისინი სწრაფად ერგებიან ცვლილებებს, მუშაობენ მოქნილად და ხშირად – მრავალფეროვან ინდუსტრიებთან. ამ ნომინაციით პირველად ხდება ამ შრომის საჯარო აღიარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეფასების კრიტერიუმებში ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ ერთჯერად წარმატებულ პროექტს, არამედ გრძელვადიან ჩართულობას, ღირებულების შექმნას და ინდუსტრიული მრავალფეროვნების გამოცდილებას. ეს ეხმარება პროცესში ჩართულ პროფესიონალებს – და მათ, ვინც ახლა იწყებს – გააცნობიერონ, რომ ფრილანსი სრული პროფესიული გზაა, რომლის მიღმაც დგას სტაბილურობა, გამოცდილება და განვითარება. ეს ჯილდო არ არის მხოლოდ ინდივიდუალური წარმატების აღნიშვნა – ის გზავნილია ბიზნეს სექტორისთვისაც: ფრილანსერები არიან სანდო პარტნიორები, რომელთა შრომა რეალურ შედეგებზე აისახება. ეს ნომინაცია აძლიერებს ფრილანს კულტურას, ქმნის პროფესიული ზრდის მოტივაციას და ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებლად მუშაობა ნიშნავს პასუხისმგებლობას, გამოცდილებას და ღირებულების შექმნას.

M: შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით, ვის მოიაზრებ, ვინ არის შენთვის საუკეთესო ფრილანსერი, რომელიც ამ ნომინაციაში იმსახურებს წარდგენას და რატომ?

ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფრილანსერი არის შოთა ჩინჩალაძე. მასთან ერთად, არაერთ პროექტზე მიმუშავია და ყოველთვის გამოირჩევა პარტნიორული დამოკიდებულით, დეტალებზე ორიენტირებულობითა და პროფესიონალიზმით.

შოთას მუშაობის სტილი აღსანიშნავია – ის ყოველთვის ზუსტად იკვლევს პროექტის მოთხოვნებს და ყველა ასპექტს საფუძვლიანად განიხილავს. მისი კომუნიკაცია ნათელია და გამჭვირვალე, რაც საშუალებას იძლევა, ეფექტური თანამშრომლობა გვქონდეს მთელი პროცესის განმავლობაში. განსაკუთრებით ღირებული არის მისი უნარი – სწრაფად გაიგოს კლიენტის ხედვა და ის რეალურ შედეგად გადააქციოს.

შოთა არის LEVEL C-ის მიერ სერტიფიცირებული ბრენდის სტრატეგი და ოფიციალურად აღიარებული ბრენდინგის სპეციალისტი.

2020-წლიდან დამოუკიდებელ კონსულტანტად მუშაობს. ყველა პროექტს საფუძვლიანი კვლევისა და ბრენდის ღირებულებითი სტრატეგიის შემუშავებით იწყებს. სიღრმისეული ცოდნა თანამედროვე ბრენდინგის ტენდენციებსა და საერთაშორისო სტანდარტებში ეხმარება, რომ თითოეული პროექტი კონკურენტუნარიანად აქციოს.


ნომინაციაში რეგისტრაცია ამ ბმულის საშუალებით შეგიძლიათ.

ტომ ჰენკსის „უილსონი“ გარემოსდაცვითი კამპანიისთვის დაბრუნდა

კანის კრეატიულ ფესტივალზე ვატო ქავთარაძე და სალომე ასათიანი სპიკერებად არიან მიწვეულები!