in

„საუკეთესო ფრილანსერის დასახელებისას, ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია“ – თამარ ცინცაძე თიბისი ბიზნესდაჯილდოების ახალ ნომინაციაზე

თიბისი ბიზნესდაჯილდოება, წელს, განსაკუთრებული სიახლით გვხვდება. თითქმის ათი წლის განმავლობაში, ეს პლატფორმა ათასობით ბიზნესმენს აერთიანებს და მათ წარმატების ისტორიებს ქვეყნის მასშტაბით ავრცელებს. ამჯერად კი, მეცხრე დაჯილდოებაზე, ახალი ნომინაცია ემატება – „წლის საუკეთესო ფრილანსერი“. ღონისძიების მედია პარტნიორია Marketer.ge.

ეს ცვლილება შემთხვევითი არ არის. თანამედროვე შრომითი ბაზარი ტრანსფორმაციას განიცდის – უფრო მეტი პროფესიონალი ტოვებს ტრადიციულ ოფისურ გარემოს და დამოუკიდებელ კარიერას ირჩევს. ეს ტენდენცია საქართველოშიც ნათლად შეინიშნება და სწორედ ამიტომ გახდა აქტუალური ასეთი კატეგორიის შემოღება. 

ფესტივალ “Ad Black Sea”-ის აღმასრულებელ დირექტორ თამარ ცინცაძესთან ვისაუბრეთ ამ ახალ ინიციატივაზე. მან ნომინაციის მნიშვნელობაზე გვიამბო და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმ ფრილანსერზეც ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, ამ კატეგორიის საუკეთესო კანდიდატია.

M: Ad Black Sea-ის ფარგლებში, ხშირად გაქვთ ასეთი თანამშრომლობა. შენი დაკვირვებით, როგორ ყალიბდება ფრილანსერად მუშაობის კულტურა საქართველოში?

არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ბოლო წლებში საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ფრილანსერად მუშაობის კულტურა საგრძნობლად გაიზარდა – განსაკუთრებით კრეატიულ სფეროში. ადრე, ფრილანსი ხშირად დროებით გამოსავლად ითვლებოდა, დღეს კი უკვე აპრობირებულ პროფესიულ გზად მიიჩნევა – გზად, რომელსაც შეუძლია როგორც დიდი მასშტაბის პროექტების მართვა, ასევე ღრმა და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ეს ტენდენცია აშკარად შეინიშნება ფესტივალ “Ad Black Sea”-ის საკონკურსო ნაწილშიც: ბოლო წლებში, უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ნამუშევრები, რომლებსაც ხელს არა კრეატიული სააგენტო, არამედ უშუალოდ დამკვეთი აწერს, რომელმაც ფრილანსერების გუნდთან იმუშავა. ზოგჯერ კი სწორედ დამოუკიდებელი პროფესიონალები აგზავნიან პროექტს და ჯილდოსაც ისინი იღებენ, რაც ნამდვილად ცვლის თამაშის წესებს.

ფრილანსერების როლი მნიშვნელოვანია “Ad Black Sea”-ის შექმნის პროცესშიც, მითუმეტეს, რომ წელიწადში რამდენიმე ღონისძიებას ვატარებთ და თითოეულისთვის განსხვავებული გუნდი გვჭირდება. დამოუკიდებელ პროფესიონალებთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ამოცანის, მასშტაბის და რესურსის შესაბამისი გუნდი შევკრათ ყოველ ჯერზე და ეს უდიდესი კომფორტია.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთ ფორმატს თავისი გამოწვევებიც აქვს – ის დამკვეთის მხრიდან გამოცდილებას და პროცესის მართვის განსხვავებულ უნარებს მოითხოვს, ვიდრე მაგალითად სრულსერვისიან სააგენტოსთან მუშაობისას.

M: როგორ შეაფასებ ამ ნომინაციასა და მის მნიშვნელობას?

ფრილანსერობა მარტივი არ არის – ეს არჩევანი ხშირად მოითხოვს სტაბილურობაზე, კომფორტზე და გარანტირებულ შემოსავალზე უარის თქმას. ასეთ გზას მაშინ ირჩევ, როცა საკუთარ შესაძლებლობებს სრულად ენდობი და მზად ხარ, მარტო მოერიო საქმეს, რაც ჩვეულებრივ გუნდური პასუხისმგებლობაა.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კატეგორიის დამატება და ფრილანსერების შრომის ოფიციალურად აღიარება ძალიან საჭირო და დროული ინიციატივაა.

ეს ნომინაცია არა მხოლოდ ინდივიდების მოტივაციის გაზრდას ემსახურება, არამედ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად შეიცვალა სფერო – როგორ გარდაიქმნა კრეატიული სამუშაო სივრცე და რამდენად მნიშვნელოვანია დღეს დამოუკიდებელი პროფესიონალების წვლილი ამ ცვლილებებში.

M: შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით, Ad Black Sea-ის ფრილანსერებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვინ არის შენთვის საუკეთესო ფრილანსერი, რომელიც ამ ნომინაციაში იმსახურებს წარდგენას?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია. ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის საუკეთესო ფრილანსერი და ნებისმიერი მენეჯერისთვის საოცნებო თანამშრომელი არის მარი სუხიშვილი.

სააგენტო Windfor’s-ში მისი მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, მრავალფეროვანი პორტფოლიო და უამრავი საერთაშორისო ჯილდო – მათ შორის ისეთიც, რაც ფრილანსერად მუშაობისას შექმნილ პროექტებს მიენიჭა – თავისუფლად აკმაყოფილებს ამ კონკურსის ყველა კრიტერიუმს. თუმცა ყველა ამ დამსახურებას დავამატებდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს: მასთან მუშაობის კომფორტსა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტურობას.

მარი ამსხვრევს ყველა იმ სტერეოტიპს, რაც კრეატიულ პროფესიონალებზე გვსმენია. ისეთივე მოწესრიგებული, პუნქტუალური და ზუსტია, როგორც შემოქმედებითი, არასტანდარტული და მრავალმხრივი. არტ-დირექტორობიდან კრეატიულ დირექტორობამდე გზამ მისცა უნარები, რომლებიც საჭირო მომენტში დიზაინერის ან კოპირაიტერის როლსაც არგებინებს – რაც თანამშრომლობის პროცესს განსაკუთრებულად კომფორტულს ხდის.

არ ვიცი, როგორი იქნება მარის პროფესიული გზა მომავალში, მაგრამ ვიდრე დამოუკიდებელი ფორმატით მუშაობს – ეს შესაძლებლობა ნამდვილად გამოსაყენებელია.

ნომინაციაში რეგისტრაცია ამ ბმულის საშუალებით შეგიძლიათ.

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

მითოლოგია, რიტუალები და რელიგია კრაფტ ლუდის შეფუთვაში