in ,

გაზის პლატფორმაზე სისხლისფერი ინსტალაცია გამოჩნდა — ანიშ კაპური და Greenpeace წიაღისეული საწვავის მოპოვებას ეწინააღმდეგებიან

ანიშ კაპური არასდროს ერიდებოდა თამამ ჟესტებს, თუმცა უახლესი ნამუშევრით მისთვის დამახასიათებელი დრამა სრულიად ახალ სიღრმეებში გადაჰყავს. Greenpeace-თან ერთად, ხელოვანმა ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე Shell-ის მოქმედი გაზის პლატფორმა წიაღისეული საწვავის მოპოვების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილად აქცია. ახლა იქ BUTCHERED-ს ნახავთ — ვიზუალურ ნამუშევარს, რომელიც პლატფორმის კონსტრუქციას სისხლისფერი საღებავით აფერადებს.

BOG
BOG

თუმცა ეს მარტივი ამბავი არ ყოფილა — 12 მეტრი სიმაღლისა და 8 მეტრი სიგანის მქონე ტილო კონსტრუქციაზე მთამსვლელმა დაამაგრა, შემდეგ კი მასზე ზღვის წყლის, ჭარხლის ფხვნილისა და ბიოდეგრადირებადი საღებავისგან დამზადებული 1000 ლიტრი სისხლისფერი სითხე გადაასხეს. 

შედეგი გამიზნულად კონფრონტაციულია, მრისხანების გამოძახილს ჰგავს, რომელსაც კაპური ვიზუალურ კივილად აღწერს. მიზნად კი იმ პროცესების წინააღმდეგობას ისახავს, რომლებიც განადგურებას გვიქადის… ასე ხელოვანი მაყურებელთა მზერას ინდუსტრიისკენაც მიმართავს, აგრძელებს კონკრეტული თემებისა და ეკოსისტემების მსხვერპლად გაღებას გარემოზე დადებითი სარგებლის მოტანის მიზნით. Greenpeace კი თანამოზიარედ ჰყავს ამ ამბავში. გვეუბნებიან, რომ კაპურის მიერ შექმნილი ინსტალაცია სწორედ იმ ზიანს ააშკარავებს, რომელიც წიაღისეული საწვავის მოპოვებასთან არის დაკავშირებული.

თუ მათ დავუჯერებთ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თანამედროვე ხელოვნების ინსტალაცია ნავთობისა და გაზის აქტიურ პლატფორმაზე დაიდგა. დრო კი სპეციალურად შეარჩიეს — პროტესტი სულ უფრო მწვავე ხდება მსოფლიოში, რის უკანაც კლიმატთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციები დგას, იქნება ეს სასიკვდილო სიცხის ტალღები, მასშტაბური ხანძრები თუ გვალვები. 

Greenpeace ერთ საინტერესო ინფორმაციასაც გვაწვდის და გვეუბნება, რომ Shell 700-ზე მეტი ახალი ნავთობისა და გაზის საბადოს შექმნას გეგმავს, რომლებიც დაახლოებით 10.8 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგს გამოჰყოფს და ასე ძირს უთხრის გლობალურ მიზნებს კლიმატთან დაკავშირებით…

თუმცა Shell-მა სწრაფად დაგმო პროტესტი და Greenpeace უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა. თანაც ეს ამგვარი პირველი ფაქტი არ არის, ორივე მხარეს სამართლებრივი დაპირისპირების შემთხვევა აქამდეც ჰქონია, მათ შორის ბოლო დროს კანარის კუნძულებთან ახლოს გამართული პროტესტი შეგვიძლია ვახსენოთ, რომელიც შეთანხმებით დასრულდა და Greenpeace-ს წვდომა შეეზღუდა Shell-ის გარკვეულ საკუთრებაზე…

ჯერ კიდევ არ ვიცით, რა მოხდება BUTCHERED-ის შემთხვევაში, თუმცა Greenpeace ამტკიცებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა აუცილებელი ხდება მაშინ, როცა ტრადიციული არხები ამას ვერ ახერხებს…

აქვე შეგახსენებთ, რომ Greenpeace მხარს უჭერს Polluters Pay Pact-ს, რომლის თანახმადაც წიაღისეული საწვავის კომპანია ვალდებულია, დაფაროს გარემოსთვის ათწლეულების მანძილზე მიყენებული ზიანის ხარჯები. მართალია, კაპურის პროტესტი შელის გაჩერებას არ გამოიწვევს, მაგრამ ეს არც ყოფილა მიზანი — ამ ინსტალაციით მთავარ კითხვას ბადებენ, კითხვას, რომელზე პასუხის გაცემაც არავის სურს — თუ ვამბობთ, რომ ეს ნარჩენებია, ვინ გაასუფთავებს?!

„ზაფხულის ენერგია ჯილისთან ერთად“: ახალი თავგადასავლების სეზონი – Geely Center Tegeta-ს კამპანია

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია, ვინ დგას შენ გვერდით