23
May
2017

ექსპოჯორჯიაში ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა და ბიზნეს კონფერენცია BUYBRAND Transcaucasia ჩატარდება

23 May 2017

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრი ექსპოჯორჯია, 2017 წლის ივნისში, თბილისში პირველად, ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა “BUYBRAND Transcaucasia”-ს უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ბრენდი, რომლებიც საკუთარი ფრენჩაიზის პირობებს გააცნობენ ინვესტორებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ორგანიზატორთა შეფასებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში, ფრენჩაიზინგის კუთხით, აქტიური განვითარების ტენდენცია არ იგრძნობა. თუმცა, ბაზრის მოცულობა, მათივე განმარტებით, იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში, რეგიონში შესაძლოა გაიხსნას ათასამდე წარმომადგენლობა ფრენჩაიზინგის სისტემით, რომლებშიც 15 ათასამდე ადამიანი იქნება დასაქმებული.

ყურადღება გამახვილებული იქნება ტურისტული ნაკადის ზრდაზე კავკასიის რეგიონში – განსაკუთრებით საქართველოში. ყველაზე დიდი მოთხოვნა იქნება ფრენჩაიზინგის კონცეფციებზე HORECA სისტემაში, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, კაფეებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ქსელებს, ასევე მომსახურების სფეროს პროექტებს.

ორდღიან გამოფენასთან ერთად, საქართველოში გაიმართება ბიზნეს-ფორუმიც, სადაც სიტყვით მსოფლიო ფრენჩაიზინგის წამყვანი კომპანიების პირველი პირები გამოვლენ, ასევე ფრენჩაიზინგის სფეროს ექსპერტები და კონსულტანტები. მათთვის, ვინც გამოფენაზე თბილისში ჩამოსვლას ვერ შეძლებს, იმუშავებს სპეციალური აპლიკაცია ტელეფონებისთვის “EXPOWL”, რომელიც საშუალებას იძლევა, მსურველები ნებისმიერი ქვეყნიდან, ჩაერთონ ღონისძიებაში და სტენდები დაათვალიერონ.

განხილვა