სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესბესტსელერად აღიარებული “Buyology: Truth and Lies About Why We Buy“ ქართულ ენაზე გამოვიდა. „Buy•ოლოგია – ანუ, რატომ ვყიდულობთ?“. წიგნი ამ სახელწოდებით გამომცემლობამ „პალიტრა L“, პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოსცა. მთარგმნელი დავით ახალაძე, კონსულტანტი კი PSP-ს მარკეტინგის დირექტორი, გაყიდვების სპეციალისტი თორნიკე გურულია.

„ვიცით, რატომ ვყიდულობთ ამა თუ იმ ნივთს? რა ზემოქმედებს სინამდვილეში ჩვენს გადაწყვეტილებებზე? თვალში საცემი რეკლამები, მყვირალა სლოგანები თუ გადამდები მელოდიები და ტექსტები? თუ ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს ქვეცნობიერად, ანუ ისე ვიღებთ, რომ ამას ვერც კი ვიაზრებთ? ამ საკითხებზე მარტინ ლინდსტრომი გვესაუბრება წიგნში „Buyოლოგია“. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების სახელმძღვანელო, გამოსვლიდან ძალიან მალე, New York Times-ისა და Wall Street Journal–ის ბესტსელერი გახდა“.

წიგნში მარტინ ლინდსტრომი, რომელიც ჟურნალმა TIME მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა, მკითხველს იმ აღმოჩენებზე უამბობს, რომელიც სამწლიანი კვლევის საფუძველზე გააკეთა. მისი მტკიცებით, შედეგები ეჭვქვეშ აყენებს დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ მრავალ წარმოდგენას, რა გვიჩენს ინტერესს და რა გვაიძულებს ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვას.

„ბევრ ჩვენგანს, ალბათ, შეუმჩნევია, რომ თუ ცუდ ხასიათზე ვართ, უფრო მეტს ვყიდულობთ. არსებობს მოსაზრება, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნისას ადამიანებს თვითშეფასების უნარი უქვეითდებათ, ხოლო ყიდვით ადამიანის თვითშეფასება მაღლა იწევს. ყიდვის დროს დოპამინი გამოიყოფა, რომელიც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს. ასე რომ, ყიდვის პროცესი ბევრ ადამიანში ბედნიერებას აღვივებს“.
თორნიკე გურულის თქმით, მარტინ ლინდსტრომის „BUY-ოლოგია“ მოგვითხრობს, რა ხდება ჩვენს ტვინში, როცა ყიდვის გადაწყვეტილებას ვიღებთ.

„ წიგნი საინტერესოა ყველასთვის, ვინც მარკეტინგის, გაყიდვების, პროდუქტის განვითარების, დიზაინის, პიარის მიმართულებით მუშაობს, და არა მარტო მათთვის. წიგნის კითხვისას განავითარებთ იდეებს და გაეცნობით ხრიკებს, როგორ შეგიძლიათ გაყიდოთ უფრო მეტი და როგორ განავითაროთ ბიზნესი. და თუ თქვენ არაფერს ყიდით, იმის იდეა მაინც გაგიჩნდებათ, როგორ შექმნათ საკუთარი თავისგან ბრენდი, რომელსაც რაც უფრო ძვირად გაყიდით, უფრო მეტ ფულს იშოვით“, – ამბობს თორნიკე გურული.
წიგნის პრეზენტაცია სასტუმრო „ბილტმორში“, 6 დეკემბერს, 19:00 საათზეა დაგეგმილი. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.
[R]










