სვანეთის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება, მალე, საჰაერო სივრციდან იქნება შესაძლებელი. მესტიის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, საფრენი აპარატით, მგზავრები თავად შეძლებენ ფრენის ზუსტი მარშრუტი და სიმაღლე განსაზღვრონ. როგორც იდეის ავტორმა იური სვანიძემ გვიამბო, თავდაპირველად, თავისთვის უნდოდა ამ საფრენი აპარატის შეძენა. მისი თქმით, ევროპაში, სადაც 15 წელია ცხოვრობს, ძალიან პოპულარულია ეს ბიზნესი. ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოშიც აქტიურად ვითარდება სამთო ტურიზმი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამ ბიზნესის საქართველოში დაწყება.

M: მხოლოდ სვანეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი თქვენი აპარატით ფრენა?
ჯერჯერობით, ასეა, მაგრამ, თუ ტურისტს სურვილი ექნება, შეგვიძლია, მარშრუტი შევცვალოთ. თვითმფრინავს 350 კილომეტრზე შეუძლია შეუჩერებლად ფრენა. არც დასაჯდომად და ასაფრენად სჭირდება რაიმე განსაკუთრებული ბილიკი, 45-70 მეტრის სიგრძის მინდორიც საკმარისია. ყველას, ვისაც უყვარს და აინტერესებს საჰაერო ფოტო და ვიდეო გადაღება, შეუძლია, ჩვენი მომსახურებით ისარგებლოს. საფრენ აპარატს ღია კაბინა აქვს. შესაძლებელია მისი დახურვაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე რჩება. ასე რომ, ზამთარშიც შეგვიძლია, მსურველებს მოვემსახუროთ. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ GT 500 არის სასწავლო თვითმფრინავი, აქვს ორი საჭე და ა.შ. შესაბამისად, ტურისტს თავადაც შეუძლია მართოს ის. სვანეთში 20 ივნისიდან ვიწყებთ. თუ ინტერესი და მოთხოვნა იქნება, გვინდა, ყაზბეგსა და გუდაურშიც შევთავაზოთ მსურველებს იგივე მომსახურება.

M: რაც შეეხება, თვითონ საფრენი აპარატის მახასიათებლებს . . .
ეს არის კალიფორნიული წარმოების თვითმფრინავი, GT 500; ეტევა ორი ადამიანი: მფრინავი და ერთი მგზავრი; დაფრინავს 3800 მეტრის სიმაღლეზე, 120 კმ/ს სიჩქარით. ტურისტს შეუძლია მყინვარზე, უშბაზე გადაფრენა, ფოტოებისა და ვიდეოს გადაღება. აფრენა, გასეირნება და დაჯდომა, დაახლოებით, 30-40 წუთს გრძელდება, ღირებულება 120 ლარია.
M: რამდენად უსაფრთხოა ეს საფრენი აპარატი?
უპირველეს ყოვლისა, გვყავს “ა” კლასის მფრინავი. რაც შეეხება თვითონ მოწყობილობას, არის აბსოლუტურად უსაფრთხო. აღჭურვილია პარაშუტით და გააჩნია უსაფრთხოების დასაცავად საჭირო სხვა დეტალები და მექანიზმები.

M: სვანეთში ჩასვლა ან მისი დათვალიერება ვერტმფრენის საშუალებით არის შესაძლებელი. რატომ უნდა აირჩიონ თქვენი მომსახურება?
ზოგადად, ბევრ ადამიანს აინტერესებს სიმაღლიდან ფოტოსა და ვიდეოს გადაღება, ხედების დათვალიერება, მათ შორის არიან რეპორტიორები, უბრალო მოყვარულები და ა.შ. ჩვენი საფრენი აპარატი გამორჩეულია იმით, რომ ტურისტს შეუძლია თავად შეარჩიოს მარშრუტის ხანგრძლივობა და სიმაღლე. ცხადია, იმ მაქსიმალური სიმაღლისა და სიჩქარის ფარგლებში, რასაც GT 500 ავითარებს.
M: ამ პირობებში, როგორც ბიზნესი, რამდენად მომგებიანი იქნება?
საერთოდ, ყველა ბიზნესი შეიცავს რისკს, მაგრამ ახლა სვანეთში ტურიზმი აქტიურად ვითარდება, ბევრი რამ კეთდება და ვფიქრობ, გაამართლებს.













