18
Oct
2019

ცადამყვანა: “ჩემი მუსიკით შეგიძლიათ იფრინოთ იქ, სადაც მოგინდებათ” #თაობა

18 Oct 2019

19 წლის ლუკა, იგივე „ცადამყვანა“ ქართულ მუსიკალურ სცენაზე ახალი პროდიუსერია. უცნაური სასცენო სახელის გარდა, შედარებით არაორდინალურია მისი მუსიკაც. #თაობა ცადამყვანას მის მუსიკაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.


M: მოგვიყევი მოკლედ შენ შესახებ, საიდან მოდის შენი სასცენო სახელი?

მე ვარ ცადამყვანა და ვცხოვრობ მიტოვებულ გეტოში. ძირითადი მიზანი მუსიკალური კარიერის შექმნაა, მაგრამ მუსიკის გარდა ბევრი ახალი რამის შექმნის სურვილი და მიზეზიც მაქვს. ყოველთვის ვცდილობ, რომ მუსიკა დავწერო კომფორტულ გარემოში, მაგრამ ეს გარემო ჩემს ოთახს ვერ სცდება. ვფიქრობ, დროა ხალხმა დაიწყოს გარემოზე ფიქრი და უფრო ლამაზ ადგილას ცხოვრება მოუნდეთ.

მუსიკის კეთების პროცესი ჩემთვის სამყაროს შექმნის პროცესს ჰგავს, ყოველთვის ვცდილობ სამყაროში განსხვავებული Vibe გავუშვა, არასდროს მივყვები რაიმე კონკრეტულ წესს, არ ვჯდები ჩარჩოში და მგონი ამას ყველა ადამიანი უნდა აკეთებდეს, რადგან უფრო ფერად, ნათელ სამყაროში ვიცხოვროთ. ახლახანს გამოვუშვი მუსიკალური ტრილოგია და მისი მიზანია ადამიანს დაანახოს, რომ შეუძლია იფრინოს იქ, სადაც მოუნდება, თავის კომფორტულ ოთახს გასცდეს და გალაქტიკიდან გადმოხედოს, გააანალიზოს წარსული და ხედვა გაუჩნდეს მომავლის, ამის შემდეგ შევძლებთ სამყაროში თავი სრულფასოვნად ვიგრძნოთ და თან პარალელურად ვხვდებოდეთ, რომ ყველა თანასწორია.

ჰო, რაც შეეხება ჩემს სასცენო სახელს – არალეგალურია და ამაზე ვერ ვისაუბრებ.

M: რა იყო შენი პირველი მუსიკალური შთაბეჭდილება, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ბავშვობის ასაკში?

“Pink Floyd – Dark Side Of The Moon”-ის ალბომმა  ბავშვობაში ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, შემდეგ შევისწავლე როკ კულტურა და ამის მერე გამიღრმავდა მუსიკასთან გრძნობები. ამ მიმართულებამ პირველად მაგრძნობინა ცხოვრებაში, რომ შეიძლება მუსიკამ ადამიანი უკეთესობისკენ შეცვალოს. შემდეგ რამდენიმე ბენდში ვუკრავდი გიტარაზე, მაგრამ საბედნიეროდ მალევე მივხვდი რომ ეს საკრავები რასაც ვეხებოდი, არაფერი იყო იმასთან, რასაც დღევანდელი ტექნოლოგიები გვაძლევს, იმდენი თავისუფლება დევს შიგნით რამდენიც ადამიანს გააჩნია.

M: არის მუსიკოსი, რომელმაც გადაგაწყვეტინა რომ ამ საქმისთვის მოგეკიდა ხელი?

ჩემი მუსიკალური გემოვნება და ხედვა  Kanye West-ის დამსახურებაა. ასევე წარმოუდგენელია Kid Cudi-ს გარეშე ჩემი მუსიკალური და არამარტო მუსიკალური სიღრმე. ვთვლი, რომ ამ ორი ადამიანის გარეშე, საერთოდ სხვა სამყაროში ვიცხოვრებდი. ყველას ვურჩევ, ჯერ მათ შემოქმედებას კარგად გაეცნონ, შემდეგ კი ამ არტისტების ხედვა შეიცნონ.

M: რა გაძლევს ძირითად ინსპირაციას მუსიკაზე მუშაობის პერიოდში?

არტისტები, რომლებსაც ვუსმენ და ჩემი ცადასული მეგობრები.

M: ვინ მოგწონს ქართულ მუსიკალურ სცენაზე და ვისთან ისურვებდი მომავალში კოლაბორაციას?

Kayakata არის ჩემთვის ყველაზე გემოვნებიანი და რეალური. ვთვლი, რომ საბოლოოდ კატების შედეგი იქნება უფრო მრავლისმომცემი და ‘აზრიანი’, ვიდრე ახლა ჩანს და ამიტომ ალბათ, კოლაბორაციასაც მათთან ვისურვებდი.

M: გეგმავ რომ შეკრა შენი ნამუშევრები და ოფიციალურად გამოუშვა რელიზი?

კი, ვგეგმავ, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით და სხვა ემოციებით.

M: როგორ ფიქრობ, თბილისში რამდენად ადვილია, რომ ახალგაზრდა მუსიკოსმა თავი წარმოაჩინოს?

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში კონკურენცია ძალიან დაბალია, კარგი მუსიკოსისთვის თავის წარმოჩენა, შესაბამისად მარტივია, მაგრამ უკან მრავალი შავი დეტალი დგას, რიც გამოც შეიძლება არტისტი გაქრეს და მისი სამყაროსადმი დამოკიდებულება შეიცვალოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ისწავლოს თავისი თავის სიყვარული, რადგან სიყვარული ჯერ საკუთარი თავიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება გარემოზე. ამის შემდეგ, ერთმანეთს უფრო მარტივად გავუგებთ და ყველაფერი ცუდი უკან დარჩება, შესამაბისად, მეორეხარისხოვანი გახდება სახელმწიფო და მატერიალური მდგომარეობა თავის წარმოსაჩენად.

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის

 

ავტორი: ჯაბა შავიშვილი



განხილვა