“ლაილა” სვანეთში ულამაზესი მწვერვალის სახელია – თან ნაზია, თან მკაცრი, თეთრი და თოვლიანი. ჩვენი აივანიდანაც ლაილას ქედი მოჩანს. ასევე ქალის სახელია და ძალიან ბევრ სტუმარს ჰგონია რომ კაფე “ლაილას” მეპატრონე ქალბატონი ლაილაა…” – კაფე, რომელმაც წელს მემილიონე სტუმარი მიიღო, ცხრა წლის წინ გაიხსნა მესტიის ცენტრში. ეს ის დროა, სვანეთში ტურიზმის სფეროს ხელშეწყობა სახელმწიფო პრიორიტეტად რომ იქცა. ეს ინიციატივა თამუნა ჯაფარიძისთვის რეგიონში ბიზნესის წამოწყების მოტივაციად იქცა. მშობლიურ მესტიაში დაბრუნება და ისეთი კაფეს გახსნა გადაწყვიტა, რომელსაც სტუმრები “საკუთარ სახლად” ჩათვლიდნენ. მაშინ 26 წლის იყო…
“დავიბადე და გავიზარდე მესტიაში. სკოლის პერიოდში (90-იანი წლები), მქონდა ბედნიერება მესწავლა გერმანიაში, წელიწადში სამი თვე სტუმრის სტატუსით. ეს დედაჩემის დამსახურებაა. ასევე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სვანეთში პირველი მედროშე, ვინც ტურიზმს და ტურისტებთან ურთიერთობას მოჰკიდა ხელი, ჩემი დედიკო იყო. ამის ფონზე ვიზრდებოდით მე და ჩემი ძმა და ეს ჩვენთვის ყოველდღიურობა იყო. ყოველთვის გვჯეროდა, ჯერ კიდევ მაშინ, 90-იან წლებში, რომ საქართველოს და განსაკუთრებით, სვანეთს, ტურიზმში დიდი პოტენციალი ჰქონდა. ამ წარმოდგენას გვიმყარებდა ჩვენთან მოსული სტუმრების ისევ უკან დაბრუნების დიდი სურვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე ისევ გერმანიაში, დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტურიზმის განხრით. პარალელურად ვმუშაობდი რამდენიმე კოპმანიაში, სადაც ამ განხრით ძალიან დიდი სკოლა გავიარე. გერმანიაში გატარებულმა წლებმა მასწავლა, საიდან უნდა დაიწყო სწორად შენება, როგორ შეიყვარო და მოუარო. ამ ყველაფერმა შემაყვარა გერმანელი ხალხი, გერმანია ჩემი მეორე სამშობლოა!”
M: თუმცა, მაინც დაბრუნდით საქართველოში…
გერმანიაში დაფუძნება არასოდეს მიფიქრია, მე ჩემი სამშობლო საქართველო მელოდებოდა, ჩემი სვანეთი, ჩემი ოჯახი, ჩემი ბებია და ბაბუა, რომლებმაც სვანეთი სისხლხორცეულად შემასწავლეს და შემაყვარეს.
M: სარესტორნო ბიზნესს როგორ აუღეთ ალღო?
2011 წელს, როდესაც სახელმწიფოსთვის ტურიზმის განვითარების კუთხით, პრიორიტეტად სვანეთის რეგიონი იქცა, გადავწყვიტე ამ ფერხულში მეც ჩავბმულიყავი. მინდოდა შემექმნა არა მარტო კვების ობიექტი, არამედ ადგილი, სადაც სტუმრები, ქართველი თუ უცხოელი ტურისტები, როგორც “საკუთარ სახლში”, ისე შემოაბიჯებდნენ. პირველი ნაბიჯები ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან მე მარტო “ტურისტებს” ვიცნობდი, სარესტორნო საქმის გამოცდილება არ მქონდა. ამას ადასტურებს კმაყოფილი თუ უკმაყოფილო სტუმრების კომენტარები, თუნდაც ჩვენი აჭრელებული კედლები, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე დაგვიგროვდა. ხშირად გვეტკინა, ბევრჯერაც გავიცინეთ, გენდობით, გვჯერა თქვენი და გაფასებთ. მადლობა “მსოფლიოს ყველა სტუმარს”!
M: რა სპეციფიკა აქვს მესტიაში რესტორნის მართვას? რა სირთულეები?
როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ერთად ვიზრდებით. “ლაილამაც” ბევრი რამე მასწავლა, არ ყოფილა პოზიცია, რომელზეც პირადად მე ამ ხნის განმავლობაში არ მიმუშავია. ყველაზე დიდი ხნით, მიმტანის პოზიციას შემოვრჩი. ახლაც მიმტანი ვარ. რაც უფრო ჩართული ხარ მთელი ძალ-ღონით საქმეში, ვფიქრობ, უფრო სწორად აშენებ შენს საქმეს. ყველა ჩემი სტუმარის თვალებში ჩამიხედავს და მერე მიფიქრია. ყველანაირი კომენტარი მეც დაღლილი გუნდის რიგითი წევრივით მიმიღია, რომ ობიექტურობა შემენარჩუნებინა. თუ საყვარელ საქმეს შეეჭიდები და მიზნებს სწორად დასახავ, შეუძლებელს შეძლებ. ჩვენ პირისპირ ვხვდებით ყველა გამოწვევას. ამით ვიზრდებით და ვსწავლობთ. მაგრამ მე მარტო არა! ჩვენ ბევრი ვართ. ჩვენ “ლაილას” გუნდი გვქვია. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი თანამშრომელი მოსულა ჩვენთან, უმუშავია და წასულა. ბევრ მათგანთან დღესაც ვმეგობრობთ. ბევრი კიდევ მოვა, იმუშავებს და წავა, მათთანაც ვიმეგობრებთ, მაგრამ ის ძალა, რომელიც “ლაილას” აცოცხლებს, ასულდგმულებს და ნელ-ნელა, მაგრამ ავითარებს, “ლაილას” გუნდია. ეს ის ხალხია, ვინც ჩემი და “ლაილას” სიყვარული დაინახა და თვითონაც შეიყვარა. გუნდი, რომლისთვისაც აუცილებელი არაა, იყოს მისი საკუთრება რომ უყვარდეს. გუნდი, რომლესაც უყვარს ეს საქმიანობა – ხშირად დამღლელი და დამქანცველი (ამ შემთხვევაში, პოზიციას მნიშვნელობა არა აქვს). მნიშვნელოვანია და დასაფასებელია გუნდის თავდაუზოგავი შრომა, რომელიც სასიამოვნოცაა და აზარტულიც. კაფეს არსებობის პერიოდმა დაგვარწმუნა ერთ რამეში: მარტო კაცი, ერთგული გუნდის გარეშე, კიბის ერთ საფეხურსაც კი ვერ ავა. მე ვთვლი, რომ საქმის წარმატებისთვის მთავარი სწორედ ასეთი “გუნდის” ჩამოყალიბებაა.
M: ყველაზე მეტად, რა გამოარჩევს კაფე “ლაილას”?
ჩვენთან ყველაზე დიდი გათვლა კმაყოფილ სტუმარზე კეთდება, სანდოობაზე, სწორი ინფორმაციის მიწოდება, სწორი რეკომენდაციები და კომპორტული გარემო ჩვენი ნიშაა, გემრიელი ქართული კერძებით და ქართული მრავალჟამიერით გარწყინებული ბევრი სახე გვინახავს. ჩვენ უკვე მილიონი ვართ! ახალი იდეები, მრავალფეროვნება და სიურპრიზები ჩვენთვისაც დიდი სტიმულია და ერთგვარი განტვირთვააა. სირთულეები ბევრია, მაგრამ მოდი ეს საიდუმლოდ შევინახოთ, ჩვენ ხომ დღეს “გავიცანით” ერთმანეთი. სირთულეებთან გასამკლავებლად ჩვენ ვართ, ამას ჩვენ მივხედავთ, მკითხველმა დაისვენოს. ვიცი, რომ დიდი პასუხისმგებლობაა და ამიტომაც გზა კაფე “ლაილადან” მწვერვალ “ლაილამდე” საინტერესო და რთულია…
ავტორი: თამარ მეფარიშვილი