საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწყო.
ჩვენ უკვე გიამბეთ რამდენიმე ასეთი სტარტაპის შესახებ და დღეს კიდევ ერთი მათგანის შესახებ უნდა გიამბოთ. ეს არის CALEN AI — AI ასისტენტების შემქმნელი კომპანია. ჭკვიანი ასისტენტები, რომლებსაც სტარტაპი ქმნის, პასუხობს კითხვებს მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვებზე, მყისიერად ეხმაურება მომხმარებელს ნებისმიერი ჩეტის მეშვეობით და ამცირებს რეაგირების დროს.
ჩვენ დავინტერესდით, უფრო დეტალურად გაგვეგო, რით არის ინოვაციური აღნიშნული პროდუქტი და რა გეგმები აქვს სტარტაპს, ამიტომ ინტერვიუსთვის ირაკლი ბესელიძეს, CALEN AI-ს დამფუძნებელს მივმართეთ:
M: მოგვიყევით თქვენი სტარტაპის შესახებ – როდის დაარსდა, როგორ დაარსდა, რამდენი ხანია არსებობს და რა პროდუქტს/სერვისს ქმნის?
ჩვენმა კომპანიამ AI ასისტენტების შექმნა დაიწყო 2019 წელს და ძირითადად ვემსახურებოდით მცირე და საშუალო ბიზნესებს ამერიკასა და ავსტრალიაში. 2021 წელს დავიწყეთ მუშაობა ჩვენი გამოცდილების შეფუთვაზე SaaS პროდუქტის ფორმატში იმისთვის, რომ AI ასისტენტი გამხდარიყო ხელმისაწვდომი ნებისმიერი ბიზნესისთვის.
M: რით არის გამორჩეული და ინოვაციური თქვენი პროდუქტი/სერვისი?
CALEN AI არის პირველი ხმოვანი და ჩატ ასისტენტი საშუალო და მცირე ბიზნესებისთვის მსოფლიო მასშტაბით, რომლით სარგებლობა შესაძლებელია SaaS მოდელით. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები თავს არიდებენ AI ასისტენტის შექმნის ხარჯებს (ფასები იწყება $6,000-დან) და იხდიან მხოლოდ ყოველთვიურ საფასურს, რომელიც $50-დან იწყება. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ამაყები ვართ იმითაც, რომ CALEN AI არის AI ასისტენტი, რომელსაც შეუძლია სერვისის მიწოდება ქართულ ენაზე.
M: რატომ იღებთ მონაწილეობას 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში და თქვენი აზრით, რის გამო შეირჩა თქვენი სტარტაპი 400+ კომპანიას შორის?
ჩვენი მონაწილეობის მიზანია, ცოდნის, გამოცდილების მიღება და გამოყენება სწრაფი განვითარებისთვის და გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებისთვის. რაც შეეხება შერჩევას, ვფიქრობ, სამი მთავარი მიზეზის გამო აგვირჩიეს:
- Conversational AI არის ერთ ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება ინვესტორებისთვის
- გუნდი და ჩვენი გამოცდილება ბიზნესში
- გლობალური მასშტაბირების პოტენციალი.
M: ახლა რა ეტაპებს გადიხართ აქსელერაციაზე და როგორია თქვენი გეგმები?
ჩვენ ვმუშაობთ მენტორებთან, რომ დავნერგოთ ჩვენს კომპანიებში მარკეტინგის, გაყიდვების, პროდუქტის დახვეწის სისტემები და ინსტრუმენტები. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის, ვისწავლოთ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიები. ქართულ ბაზარზე ვაპირებთ Conversational AI ავტომატიზაციის სტანდარტების დანერგვას როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესისთვის, ხოლო 2023 წლიდან საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.
აღსანიშნავია, რომ 500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდასა და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთსა და ინდოეთში. როგორც TechCrunch, თავის გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.