in

ქალანის მეთოდის უკანონო გამოყენება საქართველოში: ბრიტანული ცენტრი მომხმარებლებს აფრთხილებს

საქართველოში ბოლო პერიოდში კვლავ გახშირდა ქალანის მეთოდის უკანონო გამოყენების შემთხვევები. სხვადასხვა სასწავლო ცენტრები და კერძო მასწავლებლები აცხადებენ, რომ ასწავლიან ქალანის მეთოდით, თუმცა არ ფლობენ შესაბამის ლიცენზიას, არ აქვთ გავლილი მეთოდის ოფიციალური ტრენინგი და იყენებენ კონტრაფაქციულ სასწავლო მასალებს. აღნიშნული პრაქტიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც მეთოდის რეპუტაციას, ისე მომხმარებელთა ინტერესებს.

ბრიტანული ცენტრი იყო პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც 2003 წელს ოფიციალურად შემოიტანა ქალანის მეთოდი და საფუძველი ჩაუყარა ინგლისური ენის სწავლების სრულიად ახალ სტანდარტს ქვეყანაში. მეთოდმა მოკლე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა, თუმცა სწორედ ამ პოპულარიზაციამ განაპირობა უკანონო პრაქტიკების გავრცელებაც.

ქალანის მეთოდის ორგანიზაციის ოფიციალური პოზიცია

ქალანის მეთოდის ორგანიზაციის მმართველმა დირექტორმა, ქეროლ დიუკსმა, გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელიც ადასტურებს ბრიტანული ცენტრის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოში.

„ბრიტანული ცენტრი არის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის ექსკლუზიური და გრძელვადიანი პარტნიორი საქართველოში. არც ერთ სხვა მასწავლებელს ან სკოლას არ აქვს უფლება გამოიყენოს ქალანის მეთოდი საქართველოს ტერიტორიაზე. ქალანის მეთოდი ყოველთვის უნდა ისწავლებოდეს სპეციალურად გადამზადებული და ლიცენზირებული მასწავლებლების მიერ, რათა იყოს ეფექტური.

თუ სტუდენტები ესწრებიან ქალანის გაკვეთილებს არატრენირებულ და არალიცენზირებულ მასწავლებლებთან, ისინი ვერ მიიღებენ რეალურად ეფექტურ ქალანის მეთოდის სწავლას და ვერ ისარგებლებენ იმ რესურსებით, რომლებიც ხელმისაწვდომია აკრედიტებულ სკოლებში. არალიცენზირებული მასწავლებლები ასევე არღვევენ საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების კანონებს.“

„მეთოდის სახელით სარგებლობენ, მაგრამ მეთოდს არ ფლობენ“

ბრიტანული ცენტრის დირექტორის, დალი ლომიძის თქმით, პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არსებობდა:

„ქალანის მეთოდის პოპულარობასთან ერთად, ნელ-ნელა გაჩნდნენ სკოლები და მასწავლებლები, რომლებიც იყენებდნენ კონტრაფაქციულ წიგნებს და იბრალებდნენ, რომ ასწავლიდნენ ამ მეთოდით, მაშინ როცა არანაირი ოფიციალური ტრენინგი არ ჰქონდათ გავლილი. ეს პირდაპირ ლახავდა მეთოდის რეპუტაციას. მსგავსი პრობლემები არსებობდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.“

ამ რეალობის საპასუხოდ, 2012 წელს ინგლისში მოქმედმა ქალანის მეთოდის ორგანიზაციამ დანერგა ტერიტორიული ექსკლუზიურობის სქემა, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი აკრედიტებული პარტნიორის არსებობას.

„ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის გათვალისწინებით, ბრიტანულ ცენტრს მიენიჭა ქალანის მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური ლიცენზია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამის შემდეგ სხვა სკოლები იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ მეთოდის არალეგალური გამოყენება.“

მეთოდის შედეგიანობა იწყება პედაგოგით და არა წიგნით

„ბრიტანულ ცენტრში უდიდესი ყურადღება ეთმობა პედაგოგების პროფესიულ განვითარებას. თითოეული მასწავლებელი გადის 2–3-წლიან პროფესიული განვითარების კურსს. ქალანის მეთოდის შედეგი, რაც მას უალტერნატივოს ხდის მსოფლიოში, სწორედ მისი სწორი გამოყენებაა. ნებისმიერი წიგნი შეიძლება აიღო და ქალანის მეთოდით ასწავლო, მაგრამ მარტო წიგნის ქონა არ არის საკმარისი – მთავარი მეთოდის ცოდნაა.“

მუდმივი კონტროლი და საერთაშორისო თანამშრომლობა

ბრიტანულ ცენტრსა და ქალანის მეთოდის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა უწყვეტია და მოიცავს როგორც ხარისხის კონტროლს, ისე აკრედიტაციის ყოველწლიურ განახლებას.

„მეთოდიც მუდმივად ვითარდება. ბრიტანელი სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ მის გაუმჯობესებაზე და ყველა ეს ცვლილება დაუყოვნებლივ აისახება ბრიტანულ ცენტრში.“

გაფრთხილება უკანონო მომხმარებლებს

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა სოციალურ ქსელებში, მათ შორის ფეისბუქ ჯგუფებში, კერძო მასწავლებლების მიერ ქალანის მეთოდის შეთავაზების შემთხვევები.

„გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ბრიტანული ცენტრი ფლობს ქალანის მეთოდთან დაკავშირებულ ყველა საავტორო და მომიჯნავე უფლებას საქართველოში. ნებისმიერი უკანონო გამოყენება წარმოადგენს კანონდარღვევას და მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი დევნა.“

[R]

Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის

Capital Square – გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსი გმირთა მოედანთან, თბილისის ცენტრის მშვიდ და მწვანე ნაწილში