2
Apr
2019

საქართველო Camel Active-ის ობიექტივში

2 Apr 2019

არც თუ ისე გასაკვირი ამბავია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დღესდღეობით აქლემი არა მხოლოდ ფაუნასთან, არამედ სიგარეტთან ასოცირდება. ალბათ, მიხვდით, რომ საქმე “ქემელს” ეხება. მისი ასაკი საუკუნეზე მეტს ითვლის და დღემდე დიდ პოპულარობას ინარჩუნებს. თუმცა, უკვე კარგა ხანია – 1970-იანი წლებიდან ქემელის კომპეტენციაში არა მხოლოდ სიგარეტები, არამედ სამოსიც შედის.

Camel Active – ქემელის საერთაშორისო ქვებრენდია, რომელიც მამაკაცისა და ქალის სამოსს აწარმოებს და 50-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. ჯერ კიდევ აუთვისებელი კულტურებისა და მიწების შეცნობა – ეს ბრენდის ამჟამინდელი ხედვაა. იგი ცდილობს იმგვარი პროდუქტის შექმნას, რომელიც სწორედ ასეთ გარემოს მოერგება და დააკმაყოფილებს იმ ადამიანთა მოთხოვნებს, რომლებსაც მოგზაურობა და თავგადასავლები უყვართ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, რომ ახალი კამპანიის შესაქმნელად Camel Active-მა საქართველო შეარჩია. ბრენდმა თავის სტილში აითვისა თბილისისა და ყაზბეგის ღირსშესანიშნაობები და შეეცადა, აუდიტორიისთვის, რომლისთვისაც ეს ადგილები ჯერ კიდევ უცნობი იყო, საინტერესოდ ეჩვენებინა “შორეული მიწები”.

კამპანიაზე ქართულმა კინოსაპროდიუსერო კომპანიამ – 1991 Production-მა იმუშავა. იგი 2017 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც ორი მიმართულებით მუშაობს: უცხოური და ადგილობრივი პროექტებისთვის მომსახურების გაწევა და მათ მიერ არჩეული ფილმების პროექტების განვითარება. თუ როგორ შეარჩია Camel Active-მა აღნიშნული კომპანია და რა დეტალები ახლდა მათ მიერ ერთობლივად მუშაობას, ყველაფერ ამაზე 1991 Production-ის დამფუძნებლებს – ანა ხაზარაძესა და ნინო ჩიჩუას გავესაუბრეთ:

M: როგორ დამყარდა Camel Active-სა და 1991 Production-ის კომუნიკაცია?

ჩვენს კომპანიას Camel Active-მა ინტერნეტის საშუალებით მიაგნო. მათ “გადაიღე საქართველოში-ს” საიტზე ნახეს ჩვენ შესახებ განთავსებული ინფორმაცია, თანაც ტენდერის სახე ჰქონდა ამ ყველაფერს და სამი კომპანიიდან აარჩიეს ჩვენი კომპანია.

M: რა პრინციპით შეირჩა კამპანიისთვის ადგილები?

ძალიან მომზადებული ჯგუფი შეგვეხმიანა, მათ უკვე ჰქონდათ გაკეთებული მოკვლევა და კონკრეტულად იცოდნენ, რა სჭირდებოდათ. გადაღებამდე გამოგზავნეს თავიანთი ლოკაციის მენეჯერი/სკაუტი, რომელიც შემდეგ ჩვენ გავუშვით კონკრეტულ ადგილებში იმის მიხედვით, მთა უნდოდათ, ცხვარი, ტბა თუ სხვა რამ. ქართული სააგენტო კი იმიტომ გადაწყდა, რომ თავად Camel Active-ს ყოველ სეზონზე უკეთებენ ამგვარ კამპანიას სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი სააგენტოები.

M: ურთიერთობის განმავლობაში გაგიზიარეს თუ არა თავიანთი შთაბეჭდილებები?

ამ პროცესში მონაწილეობდა სამი მხარე: კლიენტი, სააგენტო და სააგენტოს პროდაქშენ კომპანია, რომელიც უშუალოდ ჩვენთან ურთიერთობდა და ეს პროდაქშენ კომპანია დაფუძნებულია სამხრეთ აფრიკაში. მისი დამფუძნებელი ჩამოვიდა თვითონ, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილი იყო და რომელმაც გვითხრა, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და რომ განვითარების დონით ახლა იმ ეტაპზე ვართ, რა ეტაპზეც სამხრეთ აფრიკა იყო 20 წლის წინ. მოგვცეს სხვადასხვა რჩევაც. ერთი სიტყვით, საქართველო, როგორც გადასაღები მოედანი და კარგი ბუნების მქონე ქვეყანა, ძალიან მოეწონათ.


Credits:
Creative Agency: Donkey (Hamburg)
Production Company: North South Productions (Cape Town)
Production Services: 1991 Productions (Tbilisi)
Director of Photography: Robert Andersson
Photographer: Calle Stoltz 

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ბრენდს ტრადიციად ექცა მსგავსი კამპანიების შექმნა. გთავაზობთ სხვა აქამდე გადაღებულ რამდენიმე ვიდეოსაც:

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა