in

1-წუთიანი ვიდეოთამაში ბავშვებში აუტიზმს 80%-იანი სიზუსტით ადგენს — კვლევა

აუტისტური სპექტრის (ASD) ადრეული დიაგნოსტირება უმნიშვნელოვანესია მასთან გასამკლავებლად, თუმცა ხშირად ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომთან (ADHD) ერთად გვხვდება. ამის გამო რთულდება დიაგნოზის დასმაც. ამასთან, საკმაოდ შრომატევადი და ძვირი პროცესია. ახლა კი მეცნიერები სწრაფ, სახალისო და ბიუჯეტურ მეთოდს გვაცნობენ. 

M2
M2

გაერთიანებული სამეფოს Nottingham Trent University-ისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის Kennedy Krieger Institute-ის მკვლევრებმა ერთწუთიანი ვიდეო თამაში შემოგვთავაზეს — ბიუჯეტური ხელსაწყო ნეიროტიპურ ბავშვებს აუტიზმის მქონეთაგან მხოლოდ იმით განასხვავებს, თუ როგორ იმეორებს ავატარის ცეკვის მოძრაობებს ერთი წუთის მანძილზე. მას შეუძლია აუტიზმი ADHD-ისგანაც განასხვაოს, რომლებიც ხშირად ეშლებათ ერთმანეთში. 

ASD სოციალური და კომუნიკაციის უნარების დაქვეითებით ხასიათდება, მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებში ვლინდება. ნეიროტიპურ ბავშვებთან შედარებით, აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის რთულია ბურთის დაჭერა და მოტორული ქმედებების იმიტაცია, რომლებიც ვიზუალისა და მოტორული უნარების ინტეგრაციას საჭიროებს. აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები იმიტაციით სწავლობენ სოციალურ ნორმებსა თუ რიტუალებს და ვისაც ეს არ შეუძლია, ხშირად თანატოლებისგან გარიყვის საფრთხის ქვეშაა… 

ამგვარად, გამოდის, იმიტაცია კარგი ბიომარკერია სპექტრის იდენტიფიცირებისთვის, ამიტომაც შემოგვთავაზეს მეცნიერებმა Computerized Assessment of Motor Imitation (CAMI).

ტრადიციულად აუტიზმს სოციალური და კომუნიკაციის ფუნქციების დარღვევად მიიჩნევენ. თუმცა უკვე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს სენსორული და მოტორული დარღვევები აქვთ, მაგალითად, უჭირთ მოძრაობების გამეორება. ეს კი, ბუნებრივია, შემდგომ იმაზე ზემოქმედებს, თუ როგორ უვითარდებათ მათ სოციალური ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარები ბავშვობაში. CAMI სწორედ აქ ასრულებს მთავარ როლს და გვეუბნება, რომ ეს არ გვხვდება ADHD-ის მქონე ბავშვებში, — განმარტავს ბაჰარ ტანქგენკი, სოციალური განვითარების სპეციალისტი.

მკვლევრებმა 7-დან 13 წლამდე 183 ბავშვი ჩართეს პროცესში და ისინი 4 ჯგუფად დაყვეს:

  1. ვისაც მხოლოდ ADHD ჰქონდა
  2. ვისაც ASD, ADHD-სთან ერთად, ჰქონდა
  3. ვისაც ASD ჰქონდა
  4. ნეიროტიპური ბავშვები

მათ სთხოვეს ავატარის მოძრაობები გაემეორებინათ, რა დროსაც კამერებით იღებდნენ. თითოეული ცდის შემთხვევაში CAMI-მ იმიტაციის რაოდენობა 0-დან 1-მდე სკალით გამოითვალა, რომელშიც 0 იმიტაციის უუნარობაზე, ხოლო 1 კარგი იმიტაციის უნარზე მიგვანიშნებდა. 

შედეგად, CAMI-მ 80%-იანი სიზუსტით შეძლო ASD-ის მქონე ბავშვების ნეიროტიპური ბავშვებისგან განსხვავება, ხოლო 70%-იანი სიზუსტით აუტიზმის ADHD-ს მქონე მოზარდებისგან გარჩევა. სწორედ ამაზე დაყრდნობით გვეუბნებიან, რომ CAMI-ს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იქცეს დიაგნოსტიკურ ხელსაწყოდ. 

CAMI-ის განსაკუთრებულად მისი სიმარტივე აქცევს. ვიდეოთამაშები უკვე საკმაოდ პოპულარულია, სახალისოა ბავშვებისთვის და სწრაფ შედეგებსაც გვაწვდის, რომელთა ინტერპრეტაცია სპეციალისტებისთვის მარტივია. ამ ხელსაწყოს შეუძლია აუტიზმის დიაგნოსტირების პროცესის გარდაქმნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ASD-ის ზუსტად დადგენით ბავშვებს ცხოვრების ხარისხს გავუუმჯობესებთ. ამიტომ გვინდა, CAMI ფართოდ დაინერგოს კლინიკურ პროცესებში, იგი სწრაფ და ბიუჯეტურ დიაგნოსტირების ხელსაწყოს წარმოადგენს, — ამბობს სტიუარტ მოსტოფსკი, ბავშვთა ნევროლოგი. 

 

Protected: One Point: HR მომსახურების მომავალი ISO 9001:2015 სტანდარტით

გიორგი ვახტანგიშვილი საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა