in

„კამპას” ბოთლების ხელახალი გამოყენების სისტემა გარემოზე ზრუნვის ფარგლებში

წინა სტატიაში უკვე მოგიყევით „ფაბრიკაზე“, რომელიც გარემოზე ზრუნვის ჩანაფიქრით, მრავალჯერადი ჭიქების პრაქტიკას ნერგავს. თუმცა ფაბრიკა ერთადერთი ქართული ბრენდი არ არის ამ ინიციატივით და დღეს „კამპას” მდგრადი მომავლის პრაქტიკის შესახებაც ვისაუბრებთ, რომელიც ბოთლების ხელახალი გამოყენების სისტემის შემუშავებას გულისხმობს.

კამპას გუნდს გააზრებული აქვს, რომ მსგავსი ინიციატივა ერთ-ერთი უმთავრესია გარემოზე ზრუნვის პროცესში და მას, როგორც ბიზნესს, კორპორაციული პასუხისმგებლობა ეკისრება. მას სურს, მაგალითი გახდეს სხვა კომპანიებისთვის, რათა მათაც დაიწყონ ცირკულარული სისტემების დანერგვა. 

თუ რას აკეთებს კამპა კონკრეტულად და ვისთან თანამშრომლობს ამ მიმართულებით, ანა ჩხეტია, ბრენდის ექსპორტის მენეჯერი მოგვიყვება.

M: ანა, როდის და როგორ გადაწყდა კამპას მხრიდან ხელახალი გამოყენების სისტემაზე მუშაობა?

CAMPA-სთვის გარემოზე ზრუნვა და მომხმარებელთან ახლო ურთიერთობა ყოველთვის იყო პრიორიტეტი. სწორედ ამ ღირებულებებმა განაპირობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება — ბოთლების ხელახალი გამოყენების სისტემაზე მუშაობის დაწყება.

CAMPA-ს უნიკალური დიზაინის მინის ბოთლები არა მხოლოდ მაღალ ხარისხთან ასოცირდება, არამედ პოპულარობითაც სარგებლობს – ის თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება. მომხმარებლები ხშირად გვეკონტაქტებოდნენ შეკითხვით: „შეიძლება თუ არა CAMPA-ს ბოთლების დაბრუნება?“ – ეს ინტერესიც ერთგვარი სტიმული გახდა ჩვენთვის.

CAMPA-ს ბოთლები ნამდვილად გამძლეა და მათ მრავალჯერადი გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა ქართულ ბიზნესში დღეს მინის შეფუთვების ხელახლა გამოყენების სისტემის პრაქტიკული გამოცდილება არ არსებობს. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა შესაბამისი ტექნიკური ცოდნის მოძიება, რესურსების მობილიზება და იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სადაც მსგავსი მოდელი უკვე წარმატებით ფუნქციონირებს.

გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბოთლების დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემა, რომელიც არამხოლოდ ეკოლოგიურადაა მეგობრული, არამედ ფინანსურადაც გამართლებულია. ეს გადაწყვეტილება გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მივიღეთ მხარდაჭერა CENN-ისა და GIZ-ისგან. ჩვენ ვიმუშავეთ ტექნიკურ ექსპერტებთან ერთად, რათა შეგვექმნა სისტემა, რომელიც იქნება ეფექტური, მარტივი და მასშტაბური.

M: კონკრეტულად რას მოიცავს ეს სისტემა თქვენს გუნდში, როგორ მუშაობს ის და როგორ გამოცდის მას მომხმარებელი?

პირველ ეტაპზე CAMPA აგროვებს მინის ბოთლებს იმ ადგილებიდან, სადაც პროდუქტი იყიდება — ეს შეიძლება იყოს კაფე, სასტუმრო, რითეილერი ან თბილისის აეროპორტი. ბოთლების შეგროვების შემდეგ ისინი ბრუნდება CAMPA-ს საწარმოში, სადაც ხორციელდება მთავარი პროცესები. 

ამ პროცესის განხორციელება გახდა შესაძლებელი CENN-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით — მათი გრანტის მეშვეობით CAMPA-მ შეიძინა მაღალი წარმადობის ბოთლების სარეცხი აპარატი. მისი მონტაჟი უკვე დაგეგმილია და ძალიან მალე ის დაიწყებს ფუნქციონირებას. აღნიშნული აპარატი უზრუნველყოფს ბოთლების საფუძვლიან გარეცხვასა და სტერილიზაციას, რაც უსაფრთხოებისა და ჰიგიენის უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება.

ამის შემდეგ სუფთა ბოთლები მზად არის ხელახალი გამოყენებისთვის — მათში ისხმება ახალი პროდუქცია და ბრუნდება გაყიდვაში.

მომხმარებელი ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება სწორედ მომხმარებლის აქტიურ მონაწილეობაზეა დამოკიდებული სისტემის წარმატება. CAMPA კი უზრუნველყოფს, რომ თითოეული დაბრუნებული ბოთლი უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოიყენებოდეს ხელახლა.

M: როგორც ვიცით, კამპა თბილისის აეროპორტთანაც თანამშრომლობს. გაგვიზიარეთ დეტალები, რას მოიცავს ეს თანამშრომლობა?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამშრომლობა გულისხმობს ჩვენი მინის ბოთლში ჩამოსხმული სასმელების მიწოდებას აეროპორტში განთავსებულ, კონკრეტულ გაყიდვების წერტილებში. მომხმარებლები მომავალში შეძლებენ, შეიძინონ ჩვენი პროდუქტი და ბოთლი დააბრუნონ იმავე სივრცეში. არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ბოთლების შეგროვებისთვის, რაც ქმნის პრაქტიკულ მოდელს ხელახალი გამოყენებისათვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ჰაბის პირობებში.

ხელახალი გამოყენების სისტემა ვერ იმუშავებს მხოლოდ ერთი კომპანიის ძალისხმევით. საჭიროა პარტნიორი ობიექტების ჩართულობა, თანამშრომლობა ლოგისტიკის კუთხით და საინფორმაციო მხარდაჭერა მომხმარებლებისთვის. ასეთი კოლაბორაციით იქმნება ცირკულარული ეკონომიკის მოდელი, რომელიც ყველანაირად არის მომგებიანი ,როგორც გარემოსთვის, ისე ჩართული ბიზნესებისთვის.

M: როგორია კამპას სამომავლო გეგმები და ხედვა ამ მიმართულებით?

ვგეგმავთ, ეტაპობრივად დავნერგოთ და გავაფართოოთ ბოთლების შეგროვების სისტემა. პირველ ეტაპზე ვაპირებთ ბოთლების შეგროვება და ჩაბარება ჩვენი ბიზნესპარტნიორების ჩართულობით შევძლოთ. ისინი მზად არიან ჩვენთან თანამშრომლობისთვის, რაც ბოთლების შეგროვებას გულისხმობს. 

მოგვიანებით, პროექტის წარმატებით იმპლემენტაციის შემდეგ, პირდაპირ მომხმარებლისგანაც ვაპირებთ მინის ბოთლების დაბრუნებას. ამ პროცესში დიდი ადგილი უკავია „პარკი არ მინდას” ჩართულობასაც, რომელიც დიდი ხანია იბარებს ნარჩენებს და მომხმარებელს უკვე კამპას ბოთლების ჩაბარებაც შეუძლია, რომლებიც შემდეგ ისევ ჩვენთან ბრუნდება ხელახალი გამოყენებისთვის. ვიმედოვნებთ, ჩვენს პროექტს დადებითი გამოხმაურება მოჰყვება. 

სტატია მომზადებულია პროექტის, „თბილისის ცირკულარული ლაბორატორია“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტს. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) CENN-თან თანამშრომლობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით.

[R]

PROJECT X – „ართთაიმის” პირველი, ქართული დიზაინით შექმნილი საათი და შვეიცარიული სიზუსტე

Apple-მა 2025 წლის ტოპ თამაშები და აპლიკაციები დაასახელა