in

„კამპა”, „ფაბრიკა” და „ეზო ფესტივალი” ბიზნესში ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვაზე მუშაობენ

ბიზნესის მხრიდან გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. რაც უფრო მეტი კომპანია აიღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და თავის ყოველდღიურობაში დანერგავს ნარჩენების შემცირებას, ხელახლა გამოყენებადი ნივთების გადამუშავებას და სხვა, მით უფრო დადებითი შედეგები გვექნება. ამავე დროს, ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება და ამ კომპანიების მაგალითზე, სხვებიც მეტად დაიწყებენ გარემოზე ზრუნვას. 

სწორედ ეს იყო მიზანი, რის გამოც ჩამოყალიბდა „თბილისის ცირკულარული ლაბორატორია”, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ისეთ 10 სხვადასხვა ბიზნესთან თანამშრომლობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ შეცვალონ ან დანერგონ სიახლეები სურსათის შეფუთვისა და ხელახალი გამოყენების სისტემაში. ამ ინიციატივის შედეგად, უკვე სამი ბიზნესია ჩართული აქსელერაციის პროგრამაში და მათ დაიწყეს მუშაობა ბიზნესმოდელის შეცვლაზე გარემოს სასარგებლოდ. აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის ცირკულარული ლაბორატორია გლობალური წამოწყების ნაწილია, რომელიც სამ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ხორციელდება. პროექტი CENN GIZ-ის მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ეგიდით ტარდება.

პირველ ეტაპზე თბილისის ცირკულარული ლაბორატორია მოიაზრებდა 10 სხვადასხვა ბიზნესთან თანამშრომლობას, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ იმით, რომ შეეცვალათ ოპერაციული პროცესები და დაენერგათ შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემა. ამ შერჩეულ ბიზნესებთან ჩატარდა შეხვედრები თემატურ ექსპერტებთან, რის შემდეგაც მათ შემოიტანეს თავიანთი ცვლილების პროექტი და გააკეთეს განაცხადი აქსელერაციის პროგრამაზე. განაცხადები გადაირჩა კომისიის მერ და აქსელერაციის ეტაპზე გადავიდა სამი ბიზნესი. ესენი არიან ფაბრიკა, ეზო ფესტივალი და კამპა. ისინი გადიან მენტორშიფს ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტებთან და, ასევე, ბიზნესგანვითარების ექსპერტთან, რომლებიც მათ ეხმარებიან, დახვეწონ ბიზნესპროექტი და ააწყონ ბიზნესის ცვლილების სრული ჯაჭვი. 

20 სექტემბერს გაიმართება დემო დღე, რის შემდეგაც ჟიური გადაწყვეტს, რომელი ბიზნესები მიიღებენ ფინანსურ დახმარებას პროექტის განსახორციელებლად”, – ნანა თაკვარელია, CENN-ის პროექტების მენეჯერი.

Marketer.ge თავად ამ კომპანიებსაც დაუკავშირდა და მათი გამოცდილებით დაინტერესდა. როგორც სამივე კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ პროექტში ჩართვა მათთვის საინტერესო გამოწვევა იყო, რომელიც მათი საქმიანობის შემდგომ განვითარებაზე აქტიურად აისახება.

სალომე კუპრაშვილი, „ფაბრიკა თბილისის” პროექტის ხელმძღვანელი:

რეზიდენტების ყოველთვიურ შეკრებაზე, სადაც მიმდინარე საკითხების გარდა, განვიხილავთ ფაბრიკის მომავალ გეგმებს, სწორედ ჩვენს სურვილებზე ვსაუბრობდით – დაგვენერგა ფაბრიკაში მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების პრაქტიკა და ამით დადებითი გავლენა მოგვეხდინა გარემოზე. სწორედ ამ შეხვედრაზე ჩვენმა ერთ-ერთმა რეზიდენტმა  CENN-ის აქსელერაციის პროგრამის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. მთავარი მიზეზი, რატომაც გადაწყვიტეთ განგვეხორციელებინა ეს პროექტი, ის ეკოლოგიური ნარჩენია, რომლის დახარისხებაც, სამწუხაროდ, არ ხდება და რომელიც ფაბრიკაში ყოველდღიურად დიდი რაოდენობით გროვდება. მომხმარებელი ერთჯერად ჭიქას პირდაპირ ურნაში ათავსებს და შესაძლებელია ერთმა ადამიანმა, ერთი და იმავე სასმლისთვის სხვადასხვა ერთჯერადი პლასტმასის ჭიქა გამოიყენოს, რაც უფრო ზრდის პლასტმასის მოხმარებას. 

ჩვენი მიზანია, შევამციროთ ისეთი ეკოლოგიური ნარჩენები, რომლებიც გარემოზე განსაკუთრებულ უარყოფით გავლენას ახდენს, შევქმნათ სივრცე, სადაც მრავალჯერადი გამოყენების ჭიქები ჩაანაცვლებს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასს და ხელს შეუწყობს მდგრადობას. ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო საშუალება ეს ინოვაციური პროექტია. თბილისის ცირკულარული ლაბორატორიის პროექტის ყველა ეტაპზე ვიღებთ რეკომენდაციებსა და რჩევებს, როგორ შეიძლება ჩვენი სისტემა გავხადოთ წარმატებული და მდგრადი მომავლისკენ მიმართული. 

ვგეგმავთ, რომ, როდესაც სტუმარი იყიდის სასმელს, დატოვებს დეპოზიტს ჭიქისთვის. მას ექნება შესაძლებლობა, რომ ტერიტორიის დატოვებამდე ჭიქა უკან დააბრუნოს და დატოვებული დეპოზიტიც დაიბრუნოს. ეს პრაქტიკა ევროპის ქვეყნებში, დიდ ფესტივალებზე, გარე ბაზრობებზე თუ უბრალო კაფეებში ძალიან მარტივად და ეფექტურად მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიზიარებდეთ ჩვენი სტუმრების ღირებულებებს და ვფიქრობთ, რომ იმ ხალხისთვის, ვინც ფაბრიკაში დადის, გარემოზე ზრუნვა აუცილებელი ფაქტორია”.

ანა ჩხეტია, „კამპას” ექსპორტის მენეჯერი:

კომპანია კამპას ნატურალური წვენების წარმოების 16-წლიანი ისტორია აქვს და ჩვენი გუნდი ცდილობს, უპასუხოს მსოფლიო გამოწვევებს, შეამციროს ზეწოლა გარემოზე და კომპანია უფრო მწვანე და ეკომეგობრული გახადოს. დიდი ხანია ვფიქრობთ, საწარმოში ნარჩენების მინიმიზაციისა და ხელმეორედ გამოყენების სისტემის დანერგვას. CENN-ის საინფორმაციო კამპანიისგან შევიტყვეთ აქსელერაციის პროგრამის შესახებ, რომელმაც ჩვენში დიდი ინტერესი გამოიწვია.

სამწუხაროდ, საქართველოში ნარჩენების ხელახალი გამოყენების მცირე პრაქტიკა არსებობს. ამ სისტემის დანერგვას კი შესაბამისი ცოდნა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება სჭირდება. აქსელერაციის პროგრამა ამ ცოდნის მიღებასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაში დაგვეხმარა. მთელი პროცესის მანძილზე ჩვენი იდეის დახვეწაში ჩართული იყო არაერთი უცხოელი და ქართველი ექსპერტი. შედეგად, ჩვენ გავეცანით ნარჩენების ხელახალი გამოყენების მოწინავე მეთოდებს, ამ პროცესის აღსრულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და სხვა. საინტერესო იყო მონაწილე სხვა კომპანიების გამოცდილების გაზიარებაც და მათი იდეების გაცნობა.

გამომდინარე იქიდან, რომ კამპას პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მინის, ისე მუყაოს შეფუთვით, ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ შუშის ბოთლების ხელახალი გამოყენება, რაც შეგვიცირებს საწარმოო ხარჯებს და ჩვენს საწარმოს მეტად მდგრადსა და ეკომეგობრულს გახდის. B2B მოდელის გამყარების შემდგომ, დავიწყებთ უშუალოდ მომხმარებლებისგან ბოთლების შეგროვების მეთოდებზე მუშაობასაც”.

ვახუნა ქავთარაძე, „ეზო ფესტივალის” ორგანიზატორი და დამფუძნებელი:

ეზო ფესტივალის მიზანია, გახდეს მდგრადი ფესტივალი გარემოზე ზრუნვის მაღალი სტანდარტით. ეზო ფესტივალმა უკვე ამოიღო ხმარებიდან ერთჯერადი პლასტმასის ბოთლები და წყალი ფესტივალზე მხოლოდ მინის შეფუთვაში იყიდება, ნარჩენად ქცეული შუშა კი სპეციალურ ურნებში ხარისხდება და გადასამუშავებლად იგზავნება.

წინ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს – ჩვენ გვსურს, სრულად ამოვიღოთ ერთჯერადი პლასტმასის ნივთები ხმარებიდან და მხოლოდ მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვები გამოვიყენოთ. ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვების მრავალჯერადი ალტერნატივებით ჩანაცვლებით, წელიწადში საშუალოდ 40,000 პლასტმასის ჭიქის დაზოგვას მოვახერხებთ.

 ეზო ფესტივალი ცირკულარული ლაბორატორიის წევრი ბიზნესია. ბიზნესაქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, ის გეგმავს, რომ სრულად ამოიღოს ხმარებიდან ერთჯერადი პლასტმასის ჭიქები და შეცვალოს ის მრავალჯერადი ალტერნატივებით”.

სტატია მომზადებულია პროექტის, „თბილისის ცირკულარული ლაბორატორია“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტს. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) CENN-თან თანამშრომლობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით. პროექტის მიზანია, განავითაროს ისეთი ბიზნესმოდელები, რომლებიც დანერგავენ მრავალჯერადი შეფუთვების წარმოებისა და გამოყენების სისტემებს.

[R]

დაბრუნების სეზონი დაიწყო – ველის ახალი კამპანია

29 სექტემბერს ჟურნალი Homeis.ge მორიგ მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს