in

CANADABALL-ის ადმინი საქართველოშია და დიდი გეგმები აქვს!

ონლაინ სივრცეში ხმის მიცემისას ქართველები არნახული სისწრაფით ვერთიანდებით. ერთ-ერთი ასეთი ამბავი სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როდესაც კანადურმა ფეისბუკ გვერდმა Canadaball საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის „ჩემპიონატი“ მოაწყო. და აი, ერთ მუშტად შეიკრა ქართული ფეისბუქ კომუნა. პირველობის დათმობას არც მექსიკისთვის ვაპირებდით, არც ბრაზილიისთვის და არც თურქეთისთვის, არამც და არამც! მოვიგეთ, ფეოლა და თუკი იკითხავთ, რა მოვიგეთო, გეტყვით, სულ მცირე, Canadaball-ის ადმინის უზარმაზარი კეთილგანწყობა.

23 წლის ჰარის მოუბრეიმ ათიათასობით გამომწერს საქართველოს შესახებ ამცნო და ისიც გააგებინა, რომ სწორედ ახლა, თბილისში იმყოფება და აღფრთოვანებულია საქართველოთი. მართალია, მისი სანაცნობოს ნახევარს აშშ-ის შტატ ჯორჯიაში ჰგონია, სამაგიეროდ, კავკასიის გულში მდებარე საქართველოსთვის შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ჰარისმა, თავისივე ინიციატივით, ქართული ანბანისთვის უკვე შექმნა ბრაილის შრიფტი და სურს მორზეს ანბანიც შეგვიქმნას.

საუბარი ქართული მისალმებით დაიწყო. საქართველოს შეყვარება უკვე მოასწრო. როგორც აღმოჩნდა, ჰარისს ადამიანების დახმარება საკუთარ მისიად მიაჩნია. მისი ენთუზიაზმის დამსახურებით, უკვე არაერთ დამწერლობას აქვს ბრაილის თავისი შრიფტი. საუბრისას, ოკუპაციის ხსენებაც არ დავიწყნია, ამიტომ საუბარი მისი საქართველოსთან კავშირით დავიწყეთ.

M: ცოტა ხნის წინ, ქართულ ონლაინ სივრცე Canadaball-ის პოსტებით აჭრელდა. პოსტებში ნათელი იყო ადმინის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საიდან ჩამოგიყალიბდა ასეთი კეთილგანწყობა?

ქართველები ჩემს ცხოვრებაში, პირველად, 2017 წელს გამოჩნდნენ, როდესაც საქართველოს დასახმარებლად მომმართეს. მას შემდეგ, გვერდი პოპულარული გახდა ქართველებს შორის. ჩემი გვერდი ძალიან პოპულარული იყო პოლონელებს, მექსიკელებსა და ბრაზილიელებს შორის. ეს საკმაოდ დიდი ქვეყნებია, საქართველო კი ასე პატარა, რამაც გამაკვირვა და მის შესახებ უფრო მეტის გაგება მომანდომა. გავეცანი ქართულ ანბანს, უფრო მეტი შევისწავლე საქართველოზე. ძალიან მოვიხიბლე. ებრაულ ოჯახში გავიზარდე და ძალიან გამიხარდა, როდესაც ებრალებისა და ქართველების ათასწლოვანი მეგობრობის შესახებ გავიგე. დღეს, ქართულ-ებრაულ მუზეუმში ვიყავი და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ქართველები იმდენად მეგობრულები არიან, ბუნებრივად გამიჩნდა სურვილი, მეტი გამეგო საქართველოზე.

M: საქართველო არაერთი ვიზიტორისთვის ყოფილა შთაგონების წყარო, თუმცა ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელია, რომ ქართული ენისთვის ბრაილის შრიფტი შეგიქმნია და ამხელა სიყვარულით ეკიდები ამ საკითხს…

უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა ლინგვისტიკა და პროგრამირება. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ამერიკული წარმომავლობის თემთან ერთად ვმუშაობდი, რომელსაც Osage Nation ჰქვია. მათთვის შევქმენი ლექსიკონი, კლავიატურა და თავი მოვუყარე ხელმისაწვდომ რესურსებს, საიდანაც თავიანთი ენის სწავლა შეეძლოთ. ასევე, მათ არ ჰქონდათ ბრაილის შრიფტი, თავიანთი დამწერლობისთვის. ეს პრობლემა მსოფლიოს სხვა უამრავ ენას აქვს, ამიტომაც ამ პრობლემის გადაჭრა გადავწყვიტე. ბრაილის შრიფტი 19 ქვეყნისთვის შევქმენი. რამდენიმე თვის წინ, დავუკავშირდი საქართველოს უსინათლოთა კავშირს და განათლების სამინისტროსთან ერთად, ქართული ენისთვის ბრაილის გაციფრულებაში დავეხმარე. ახლა, ამ შრიფტის დახმარებით, უკვე შესაძლებელია ქართული ბრაილით წერა-კითხვა, ციფრულ სივრცეში. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჩამოვედი საქართველოში. დიდი სურვილი მაქვს, შევქმნა ბრაილის შრიფტი აფხაზური, ლაზური და მეგრული ენებისთვის.

M: საქართველოში, უმეტესობა Canadaball-ის ადმინის სტატუსით გიცნობს. გვიამბე, როგორ აღმოჩნდი კანადური გვერდის სათავეში?

Canadaball ჩემმა კანადელმა მეგობარმა შექმნა, დაახლოებით, 2015 წელს. იცოდა, რომ სახალისო რაღაცების დაპოსტვა მიყვარს, ამიტომ გვერდის მართვაში მონაწილეობა შემომთავაზა. დროთა განმავლობაში, თავად გამოეთიშა გვერდის მართვა და მარტომ განვაგრძე კონტენტის ძირითადი ნაწილის განთავსება. გვერდის სახელწოდებას ვერ ვცვლი. სახელწოდების გამო, ხშირად ვგონივარ კანადელი. დღესდღეობით, გვერდს საქართველოდან 12,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ამ შეჯიბრს არ აქვს მკაფიო მიზანი, ეს უბრალოდ, სახალისო აქტივობაა, რომელშიც სიამოვნებით ერთვებიან სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები. საინტერესოა, რომ სწორედ ამ შეჯიბრმა შემახვედრა საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებთან.

ძალიან მინდა შევქმნა მორზეს ანბანი ქართული ენისთვის, რითაც ვფიქრობ, ქართულ სამხედრო ძალებს დავეხმარებოდი. თუკი საქართველოში აქვთ ასეთი შრიფტის შექმნის სურვილი, შეუძლიათ დამიკავშირდნენ შესაბამისი უწყებიდან.

M: ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ ქართველებისთვის – ბრაილის შრიფტი, მორზეს ანბანი… რა გაძლევს ამის მოტივაციას?

თავისუფალ დროს, ხშირად ვუთმობ იმის გაგებას, რა პრობლემებია მსოფლიოს გარშემო და სად არის საჭირო დახმარება. ძალიან ბევრი იდეა მაქვს ამ პრობლემების მოსაგვარებლად, რისი ძალაც შემწევს. ქართველები ძალიან კარგი ხალხი ხართ და ძალიან მსიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა. ვგეგმავ იეზიდ თემთან შეხვედრასაც. მათაც აქვთ თავიანთი დამწერლობა და ვფიქრობ, შევძლებ დახმარებას. შეიძლება პატივმოყვარეობად ჩამითვალოთ, მაგრამ ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ თუ მე არ გავაკეთებ ამას, შესაძლოა, სხვამ არ გააკეთოს და მაქვს პასუხისმგებლობა იმის გამო, რაც შემიძლია. მზად ვარ ამ პასუხისმგებლობისთვის. მინდა, სასარგებლო გავლენა ვიქონიო ამ სამყაროზე იმ მცირე დროის განმავლობაში, რაც სიცოცხლის მანძილზე გვაქვს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო.

M: მოდი, Canadaball-ის ბოლოდროინდელ კონკურსზე გვიამბე, რამაც ქართულ აუდიტორიაში, ბოლო დღეებში, დიდი ხმაური გამოიწვია…

ეს კონკურსი მართლაც დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მასში ექვსი ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველო საკმაოდ ახლოს იყო წაგებასთან, თუმცა მას შემდეგ, რაც marketer.ge-მ ამ კონკურსის შესახებ ამცნო საზოგადოებას, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. უამრავი ადამიანი წერდა, რომ საქართველო აუცილებლად მოიგებდა და ასეც მოხდა. როგორც კონკურსის ორგანიზატორი, ვცდილობდი ნეიტრალური პოზიცია შემენარჩუნებინა, თუმცა ძალიან გამიჭირდა, რადგან გულით მინდოდა საქართველოს გამარჯვება. ძალიან მიხარია, რომ ამ კონკურსის დახმარებით, უამრავ ადამიანამდე მივაწვდინე ხმა, რომ საქართველოში მოვდიოდი.

M: როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა ქართველების ასეთი აქტიურობა, როდესაც საქმე ონლაინ სივრცეში ხმის მიცემას ეხება?

ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რომ ქართველები ძალიან ამაყობენ თავიანთი ქვეყნით და ამის მიზეზიც აქვთ. ყველა ქვეყანას, რომელსაც აქვს თავისი დამწერლობა, დიდი ისტორია და კულტურა აქვს. ქართველებს ძალიან უნდათ, რომ მათი პატარა ქვეყნის შესახებ მთელ მსოფლიოს გააგებინონ, შორეულ კანადაში, ბრაზილიასა და მექსიკაშიც კი. მესმის თქვენი, ებრაული კომუნა, სადაც მე ვარ გაზრდილი, ასევე, განსაკუთრებულად ამაყობს ჩვენი ისტორიით.

M: საქართველოში ჩამოსვლა დიდი ხანია გინდოდა. რატომ გადაწყვიტე ჩამოსვლა სწორედ ახლა და რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

ძალიან მინდოდა გამომეყენებინა შანსი და შევხვედროდი საქართველოს უსინათლოთა კავშირს და გამეცნო Canadaball-ის აქაური მხარდამჭერები, რომლებიც მრავლად არიან. აქ მხოლოდ ათი დღით ვარ, რაც საკმაოდ ცოტაა და ვფიქრობ, ზაფხულში კვლავ ჩამოვალ. მინდა, ბევრად მეტი შევისწავლო საქართველოს შესახებ, გავერკვიო მის კულტურასა და ისტორიაში. საქართველოში გადმოსვლაზე აქამდე არ მიფიქრია, მაგრამ აქ გატარებული დროის შემდეგ, ამაზეც დავფიქრდი. აქ ყოფნა შესანიშნავია. უკვე იმდენ ადამიანს ვიცნობ, ასე მგონია, აქ თავს მარტოდ არასოდეს ვიგრძნობ და არ მოვიწყენ.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

2025 წელს რობოტიკის მსოფლიო ოლიმპიადის ჩატარება საქართველოში იგეგმება

სინგულარი FLUTTER-ის ბრენდად ყოფნის პირველ წლისთავს აღნიშნავს