ხშირად მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნაკლები ყურადღება ეთმობა, ვარსკვლავური ფილმების ან ამაღელვებელი სატელევიზიო შოუების სასარგებლოდ… თუმცა ფრანგულმა სამაუწყებლო კომპანია Canal+-მა, კლერმონ-ფერანის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მთავარმა პარტნიორმა, გადაწყვიტა, თავისი წვლილიც შეეტანა ამ მიმართულების გაფართოებაში.
BETC Paris-სთან თანამშრომლობით შექმნილი ფილმი ემოციების ფართო სპექტრს იპყრობს. თავდაპირველად სიუჟეტი გულსატკენია, რადგან მოქმედება საავადმყოფოს ოთახში ხდება, სადაც ოჯახი მომაკვდავ ბაბუასთან დასამშვიდობებლად იკრიბება. როდესაც ზრდასრული ვაჟი ჩამოდის, მამას ეუბნება, რომ ყველანი მის გვერდით არიან… შემდეგ კი შვილიშვილი ვიოლინოზე სევდიანი მელოდიის დაკვრას იწყებს — მოულოდნელად, საავადმყოფოს მონიტორზე გულისცემის მაჩვენებელი სტაბილურდება.
თუმცა მცირეხნიან სიხარულს გულის გაჩერების სიგნალი მოსდევს. შესაბამისად, პალატაში პანიკა იწყება, ფიქრობენ, რომ მამაკაცი გარდაიცვალა… საბოლოოდ, აღმოჩნდება, რომ პატარა გოგონამ „იმაიმუნა“ და ბაბუას თითიდან აპარატი მოაძრო. როგორც ჩანს, მისთვის სასაცილო და სახალისო იყო არარსებული დრამით გამოწვეული ემოციები.
„ყველამ ვიცით გამონათქვამი, რომ ზომას მნიშვნელობა არ აქვს. გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ მნიშვნელოვანია არა ზომა, არამედ ის ემოციები, რომლებსაც რაიმეს ყურებისას განვიცდით. მოკლემეტრაჟიან ფილმებს დიდი ძალა აქვს ჩვენი გამხიარულებისთვის თუ პირიქით, დადარდიანებისთვის. მოგვწონს „მოკლე ფორმატის“ გაურკვევლობით თამაშის იდეა“, — ამბობს BETC Paris-ის კრეატიული დირექტორის ასისტენტი და ფილმის სცენარისტი, კრისტელ იუნგი.