ყველას გვინახავს ფილმები, რომლებშიც დაძაბული მომენტები საშინლად იწელება… პერსონაჟების ნერვიულობა ჩვენზეც გადმოდის და როცა გვგონია, ყველაფერი უნდა დალაგდეს, მაშინ ხდება რაღაც მოულოდნელი. Canal+-ის ახალი ვიდეორგოლიც ამ თემას აშარჟებს — კლასიკური ინსპირაციული მონოლოგი ისე არ მიდის, როგორც იყო დაგეგმილი.
თითქმის ოთხწუთიან ფილმში მამაკაცი ცდილობს, ბორტგამცილებელი დაამშვიდოს, რადგან თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა და ჩამოვარდნის პირასაა. თითქოს, რაღაც შთამაგონებელსა და განსაკუთრებულს ეუბნება; უამრავ კითხვას უსვამს, „ეჭორავება“ და უნდა, ბევრი დეტალი დააზუსტოს. ამდენმა უაზრო ლაყბობამ კი რეალური პრობლემის თავიდან აცილება შეუძლებელი გახადა — დაიკარგა ის კრიტიკული დრო, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის პრევენციას სჭირდება.
„შევამჩნიეთ, რომ ბევრი მხატვრული ფილმი მეტისმეტად გაწელილია. ეს ხშირად მთავარი გმირების ისეთი მომენტებითაა გამოწვეული, რომლებიც არაფერს მატებს სიუჟეტს“, — აღნიშნავს BETC Paris-ის კრეატიული დირექტორი კრისტელ იუნგი.