კანის კრეატიული ფესტივალი, რომელსაც ხშირად სარეკლამო ინდუსტრიის „ოსკარებსაც” კი ეძახიან, ახლახან დასრულდა. საინტერესო და შთამაგონებელი გამოსვლებით, ოქრო-ვერცხლით, ოვაციებით, სენტიმენტებით, ახალი მუხტითა და მომავალ შეხვედრამდე დამშვიდობებით, ყველაზე ცნობილი კრეატიული ფესტივალის სცენამ გამარჯვებულები გამოაცხადა.
წელს კანის ლომების ფესტივალზე რამდენიმე ქართული გუნდი იყო წარმოდგენილი სხვადასხვა კატეგორიაში. ეს ადამიანები მანამდე ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ და მოტივაციით სავსენი გაემართნენ კანისკენ.
რა თქმა უნდა, საინტერესოა მათი გამოცდილება, რა შესძინათ მათ ამ ფესტივალში მონაწილეობამ და როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ, ამიტომ სტატიების სერიის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ინტერვიუებს ყველა მონაწილესთან.
ჩვენი სტუმრები არიან Digital-ის კატეგორიის მონაწილეები: ნელი ბობოხიძე და თამარ ხუციშვილი.
M: პირველ რიგში, ორივემ გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება, რა იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი კანის ფესტივალზე?
ნელი ბობოხიძე: პირველად მივიღე მსგავს ფესტივალზე მონაწილეობა და როდესაც კანში ჩავედი, სრულიად განსხვავებული სამყარო აღმოვაჩინე – ენერგიით სავსე, შთამაგონებელი გარემო, სადაც ყველა კუთხეში რაღაც უნიკალური ხდებოდა. ყოველ ნაბიჯზე ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი – ახალი ტექნოლოგიები, კრეატიული ინსტალაციები, საოცარი ადამიანები მთელი მსოფლიოდან.
თვითონ კონკურსის პროცესი, რა თქმა უნდა, დაუვიწყარი იყო, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი Meta Stage გახდა, სადაც წამყვანი სპიკერები იყვნენ მოწვეული. მათი პრეზენტაციები და ინსაითები ტექნოლოგიების მომავლის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ინოვაციების შესახებ – იყო საოცარი.
თამარ ხუციშვილი: ინდუსტრიაში ბევრი ფესტივალი ტარდება წლის განმავლობაში, თუმცა ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის გამოცდილება ნამდვილად პირველი იყო.
ყველაზე დასამახსოვრებელი კი ჩემი საყვარელი იუმორისტის, ჯიმი ფელონის გამოსვლა გამოდგა და მისივე სიტყვებს ვისესხებ გარემოს აღსაწერად, თითქოს ყველა, ვინც კანის ბეიჯით დადის, შენიანია და როგორც მეთევზე მეთევზეს შორიდან ცნობს, შენც მსგავსად ამოიცნობ ფესტივალის მონაწილეებში „შენს ხალხს”, რაც ყოველდღიურობაში საკმაოდ იშვიათი შეგრძნებაა.
M: ახლა კი ფესტივალის ძირითად ნაწილზეც ვისაუბროთ: როგორია საკონკურსო გარემო, რა პირობებია მონაწილისთვის კონკურსზე?
ნელი ბობოხიძე: აუცილებელი იყო საკუთარი ლეპტოპისა და საჭირო მოწყობილიბების თან წაღება, რადგან თითოეული მონაწილე თავისი ტექნიკით მუშაობდა. საკონკურსო პირობების გაცნობის შემდეგ ყველა საერთო სამუშაო სივრცეში იკრიბება, რომელიც ძალიან კომფორტული და სრულად აღჭურვილია: სწრაფი Wi-Fi, დენის წერტილები, სამუშაო მაგიდები, პუფები და სხვა, სამუშაოდ საჭირო, ნივთები თუ კომფორტი. ამასთან, გვანებივრებდნენ უგემრიელესი უფასო ლანჩით, თუმცა ახლოს იყო პატარა კაფეც, სადაც, სურვილის შემთხვევაში, შეგვეძლო წასვლა. ყველგან გვხდებოდა მეგობრული და ენერგიული ხალხი — თუ რაიმე პრობლემა ან შეკითხვა გვიჩნდებოდა, ვიღაც ყოველთვის იყო მზად, დაგვხმარებოდა, გავემხნევებინეთ ან, უბრალოდ, გამოცდილება გაეზიარებინა.
ეს გვაძლევდა შესაძლებლობას, სრულად კონცენტრირებული ვყოფილვიყავით საქმეზე.
M: თქვენ როგორი ბრიფი შეგხვდათ და რა როგორ გაართვით დავალებას თავი?
თამარ ხუციშვილი: დიჯიტალის კატეგორიის ბრიფი ეხებოდა ველურ ფუტკრებს, რომლებიც გადაშენების პირას არიან. ჩვენი დავალება იყო, ზეტ თაობისთვის ამ პრობლების გაცნობა და ცნობადობის გაზრდა. სამუშაოდ გვქონდა 24 საათი.
ნელი ბობოხიძე: ვეცადეთ, სრულად მოვრგებოდით ჯენ ზის და კამპანია ჩვენი საყვარელი წოდების, Pick Me-ს ირგვლივ გავშალეთ, რადგან ველური ფუტკრები ეკოსისტემისთვის ყველაზე სასარგებლოები არიან და ისინი მართლა უნდა ავირჩიოთ. გვინდოდა, სხვადასხვა სოციალური პლატფორმისთვის გამოგვეყო ველური ფუტკრის სახეობა. მაგალითად: bumble bee – Bumble-ისთვის, Sweat Bee – Reddit-ისთვის და ა.შ. ეს ველური ფუტკრები, იუმორისა და დრამის გამოყენებით, შეძლებდნენ ჯენზისთან დაკავშირებას და მათთვის ინფორმაციის გაცნობას.
M: რა კრიტერიუმებით შეაფასა ჟიურიმ თქვენი პრეზენტაცია?
თამარ ხუციშვილი: მთავარი კრიტერიუმი ამ შემთხვევაშიც, როგორც საქართველოში, არის იდეის კრეატიულობა და შემდეგ უკვე აღსრულება, სტრატეგია თუ სხვა ტექნიკური დეტალები. სწორედ ამიტომ, ყველაზე დიდი დრო იდეაზე მუშაობას დავახარჯეთ.
თუმცა, ჩემი გამოცდილებით, ყველაზე საყურადღებო ნაწილი მაინც პრეზენტაციაა, უნდა შეძლო, 5 წუთში მარტივად მოჰყვე იდეის შესახებ და ისე შეაყვარო ჟიურის შენი ნამუშევარი, როგორც შენ გიყვარს და გჯერა.
სწორედ ამ ნაწილში წავაწყდი სირთულეს, ჟიურის წევრების განსხვავებული „ბექგრაუნდიდან” გამომდინარე საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჯენზი ლექსიკისა და იმ ნიშური ხუმრობების გაზიარება, რის გამოც ჩვენი შესრულებული დავალება ასე მომწონდა.
M: რა არის ის გამოცდილება, რაც მოგცათ ამ ფესტივალის მონაწილეობამ და თქვენს სამომავლო საქმიანობაში გამოიყენებთ?
ნელი ბობოხიძე: ეს ფესტივალი იყო გამოცდილება, რომელმაც მასწავლა, როგორ გავცდე ჩარჩოებს და დავინახო დავალება სრულიად სხვა კუთხით; მასწავლა, რომ ყველაზე საინტერესო შედეგები სწორედ მაშინ მოდის, როცა ბრიფს სიღრმისეულად აღიქვამ და შემდეგ მის სრულიად ამოტრიალებას ცდილობ.
მთლიანობაში კი, კანის ფესტივალი არის უნიკალური შანსი, დაუახლოვდე საინტერესო ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
თამარ ხუციშვილი: მაგალითად, მე მაშინებდა ბრიფის სპეციფიკა. ვფიქრობდი, შეიძლებოდა ჩემი გამოცდილება არ ყოფილიყო რელევანტური გლობალური მასშტაბის დავალებისთვის და ვერ შევძლებდი ძლიერი, უნიკალური ინსაითის მოფიქრებას.
შენს ენაზე ეს ყველაფერი ბევრად მარტივია, რადგან მთელი ცხოვრება აკვირდები და აგროვებ ადგილობრივ ინსაითებს შენთვის ნაცნობი თემების გარშემო.
თუმცა დავრწმუნდი, რომ სინამდვილეში იდეის კრეატიულობას მხოლოდ შენ განსაზღვრავ და არა შენი საცხოვრებელი ადგილი თუ სოციალური სტატუსი.
კონკურსის გარდა ამ ფესტივალზე ბევრი რამ ხდება: ერთ სცენაზე სერენა უილიამსი გიზიარებს წარმატების საიდუმლოს, სადღაც სკეიდბორდებს არიგებენ და ამის ფონზე Spotify-ს სანაპიროდან 50 cent-ის სიმღერა გესმის. ბუნებრივია, სურვილებს შორის ნავიგაცია რთულია, თუმცა ყველა შემთხვევაში უნდა გახსოვდეს, რომ
კანში ყველა ადგილი – სწორი ადგილია, მთავარია, არ დაისტრესო და მაქსიმალური სიამოვნება მიიღო ნებისმიერი გამოცდილებით.
წელს Young Lions Georgia-ს მხარდამჭერები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და Mini by GT Motors. აქედან დიჯიტალის კატეგორიის სპონსორია Cellfie Mobile.
კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი