კანის კრეატიული ფესტივალის დასრულების შემდეგ Marketer-მა ყველა იმ მონაწილესთან გასაუბრება გადაწყვიტა, ვინც სხვადასხვა კატეგორიით იყო წარმოდგენილი. გამოცდილება, რომელსაც ეს გუნდები აზიარებენ, უნიკალურია იმით, რომ მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია, დეტალურად ჩაგახედოს ფესტივალისა და კონკურსის შიდა სამზარეულოში, რომელმაც უშუალოდ საკუთარი თვალით ნახა ეს ყველაფერი.
ამ სტატიაში წაიკითხავთ, როგორია კანის კრეატიული ფესტივალი Print კატეგორიის მონაწილეებისთვის, რომელსაც წელს გიორგი ჯაფარიძე და ლუკა სააკაშვილი წარადგენდნენ „თავისუფალი უნივერსიტეტიდან”.
ლუკა სააკაშვილი:
კანის ფესტივალზე პირველად ვიყავი და საკმაოდ კარგი გარემო დამხვდა. ყველაფერი დაცული და კონტროლირებადი იყო, უამრავი სივრცე გვქონდა, სადაც შეგეძლო სხვადასხვა ხალხის გაცნობა და მათთან საუბარი. ფესტივალის ტერიტორიაზე ტარდებოდა საინტერესო ვორკშოპები, რომლებზეც სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქარს გჩუქნიდნენ. ასევე, იყო ბევრი სამუშაო სივრცე და შიდა მუზეუმები.
გიორგი ჯაფარიძე:
კანი იყო სასწაული, ჩემი პირველი წასვლა იყო და ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი. გარდა თვითონ ფესტივალის გრანდიოზულობისა, ყველაზე კარგად დამამახსოვრდა უამრავი საინტერესო კრეატიული ადამიანი, რომლებთანაც გავატარე არაჩვეულებრივი დრო.
ფესტივალის პირველ დღეს უბრალოდ ვეცნობოდით გარემოსა და ხალხს, უამრავი უფასო მერჩი და საკვები იყო, მათ შორის, ვეგანური ვარიანტებიც.
მეორე დღეს, საღამოს 6 საათისთვის გაგვაცნეს ბრიფი და მყისიერად დავიწყეთ მუშაობა. იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო სივრცე დაკეტილი იყო ბრიფის დღეს, ვმუშაობდით ჯერ სახლში, შემდეგ დღეს კი დილიდანვე (11-სკენ) წავედით ჩვენივე ტექნიკით საერთო სამუშაო სივრცეში. სხვათა შორის, გაგვიმართლა, რომ დროულად მივედით საკმაოდ რბილ სკამები დავიკავეთ, ზოგს ჩვეულებრივ მაღალ ხის სკამებზე მოუწია მთელი დღე ჯდომა, რაც ცოტა დისკომფორტი იყო.
უნდა აღვნიშნო დამხმარე პერსონალი, რომელიც საკმაოდ ოპერატიულად გვეხმარებოდა, როგორც კი რაიმე კითხვა გაგვიჩნდებოდა.
M: როგორი იყო ბრიფი და უშუალოდ მასზე მუშაობის პროცესიდან რას გამოყოფდით?
გიორგი ჯაფარიძე: უნდა გაგვეკეთებინა პოსტერი ფუტკრების გადარჩენის თემატიკაზე. პოსტერს უნდა მიეპყრო ყურადღება, გაეზიარებინა ფაქტები და მოეწოდებინა მოქმედებისკენ.
გავაკეთეთ პოსტერი, რომლის ქოფიც იყო: ‘you can’t even hear a bee, the sound of extinction, ვიზუალურად ჩანდა მდელო ადამიანის გაკვალული ბილიკით, ბილიკი ფორმით ასახავდა ფუტკრის ხმას, ბილიკის გასწორებასთან ერთად ყვავილებიც ჭკნებოდა, ანუ ფუტკრის ხმასთან ერთად ყვავილებიც ქრებოდა. ამ ყველაფრისთვის დაგვჭირდა 22 საათი.
M: რა არის ის გამოცდილება, რაც მოგცათ ამ ფესტივალის მონაწილეობამ და თქვენს სამომავლო საქმიანობაში გამოიყენებთ?
ლუკა სააკაშვილი: ფესტივალზე მონაწილეობამ მასწავლა დროის სწორად განაწილება და სწორ პრობლემებზე კონცეტრირება, შემდეგ კი მათი აღმოფხვრა. საქართველოშიც და კანშიც შევძელი შეზღუდულ დროში სრული ნამუშევრის დამუშავება და დამთავრება, რაც საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, როდესაც ამხელა ფესტივალისთვის სათანადო ნამუშევრის შექმნაზეა საუბარი.
გიორგი ჯაფარიძე: უამრავი უძვირფასესი კონტაქტი შევიძინე ამ ფესტივალზე, მივიღე გამოცდილება საკმაოდ სტრესულ გარემოში და იდეის უფრო მარტივად გადმოცემის სურვილი.
M: ახლა რომ მიდიოდეთ პირველად, რას გაითვალისწინებდით?
ლუკა სააკაშვილი: ახლა რომ მივდიოდე პირველად, ბევრ რამეს სხვანაირად ვიზამდი. იქედან გამომდინარე, რომ ეს პროექტი ძალიან ფართომასშტაბიანი და სერიოზულია, მე და ჩემი მეწყვილე საკმაოდ ძლიერად მოვერგეთ ბრიფს და ვეცადეთ მის ყველა ასპექტში ჩატევა და დაკმაყოფილება, რამაც ნაწილობრივ შეგვზღუდა კრეატიული თვალსაზრისით და ამის გამო მრავალ საინტერესო იდეაზე ვთქვით უარი, მათ შორის ერთ-ერთ ისეთზეც, რომელმაც უშუალოდ ფესტივალზე ჯილდოც კი აიღო.
გიორგი ჯაფარიძე: კანის დათვალიერებას სჯობს, რომ უშუალოდ ფესტივალზე გაატაროთ დრო, ქალაქები არსად წავა და ამ ფესტივალზე წასვლა ეგეთი მარტივი სიამოვნება არ არის. ნუ ინერვიულებთ, გაიცანით რაც შეიძლება მეტი ადამიანი, წაიღეთ სავიზიტო ბარათები QR კოდით. იყავით მეგობრულები, ბრიფზე ზედმეტად არ დაისტრესოთ, მთავარია, თავი კარგად დაამახსოვროთ ხალხს და თქვენც ისიამოვნოთ. ჩვენ ბრიფს ზედმეტად მკაცრად გავყევით და კრეატივს ისეთი გასაქანი არ მივეცით, როგორც გამარჯვებულმა გუნდებმა.
წელს Young Lions Georgia-ს მხარდამჭერები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და Mini by GT Motors. აქედან პრინტის კატეგორიის სპონსორია PSP.
კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი