in ,

უკრაინის დასახმარებლად, Cannes Lions-ის ოქროს მედლებს ყიდიან!

რა ფასი აქვს გამარჯვებას?! 2019 წელს, ვიტალი კაპუსტიანმა და ილია იანკოვმა, უკრაინის სახელით, კანის ლომების ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვეს და ოქროს მედლები მოიპოვეს. ახლა კი, ამ მედლებს ყიდიან, რათა უკრაინას დაეხმარონ გამარჯვებაში. ვისაც კანის ლომების ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიუღია მონაწილეობა და კრეატიული დღესასწაულის ნაწილად უგრძვნია თავი, ძნელია უემოციოდ აუაროს გვერდი მათ ინიციატივას.

შემოწირულობის შესაგროვებლად, ილიამ და ვიტალიმ ლენდინგ გვერდი შექმნეს. თუკი, სულ მცირე, $5-იან შემოწირულობას გადარიცხავთ, გათამაშებაში მოხვდებით, მეორე მედლის მოსაპოვებლად კი, აუქციონში უნდა ჩაერთოთ.

სევდანარევი იუმორით, კანის ოქროს მფლობელები პოტენციურ მყიდველებს მედლის ქონის უპირატესობებით ასე ხიბლავენ: „რაში გჭირდებათ ეს მედლები? – მათ ფერნანდო მაჩადო შეეხო და შემოქმედებითი ენერგიითაა დამუხტული. ასევე, შეგიძლიათ ნაძვის ხის სათამაშოდ გამოიყენოთ ან გასართობ წვეულებაზე აქსესუარის სახით მოირგოთ… სინამდვილეში კი, ამ დონაციით რუსეთის აგრესიით დაზარალებულ უკრაინას დაეხმარებით, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი. ესაა ილიასა და ვიტალის კრეატიული გზა, საკუთარი წვლილი შეიტანონ სამშობლოს გადარჩენაში და დასახმარებლად შემოქმედებით (და არამხოლოდ) სამყაროს მიმართავენ, სანაცვლოდ კი, მსოფლიოსს გარშემო ათასობით კრეატორისთვის სანუკვარ ჯილდოს – ოქროს მედალს სთავაზობენ.

მოდით, უკეთ გაგაცნობთ იდეის ავტორებს: ვიტალი კაპუსტიანი, ამჟამად, სააგენტო LUN-ის კრეატივ დირექტორია. მანამდე, ის TWIGA Ukraine-ის, BBDO Ukraine-ისა და McCann Kyiv-ის გუნდის წევრი იყო. ილია იანკოვი დამოუკიდებელი კრეატივ დირექტორია. მანამდე ის ლონდონურ სტარტაპ DreamApp-ის გუნდში იყო, იქამდე – BBDO Ukraine-ში, McCann Kyiv-ში, Leo Burnett-სა და Bickerstaff-ში დააგროვა გამოცდილება.

M: ყველამ ვიცით, როგორია ის გარემოება, რომელმაც ამ ინიციატივისკენ გიბიძგათ, ამიტომ უშუალოდ თქვენზე გვინდა გვიამბოთ – რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?

ილია იანკოვი

ილია იანკოვი: ჩვენი მეგობრები და ნაცნობები ახლა ფრონტის ხაზზე არიან. ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა. მათ შორის, იყვნენ კოლეგები სააგენტოებიდან, სკოლის მეგობრები. ჩვენ ჯერ არ ვართ ჯარისკაცები, მაგრამ ვცდილობთ მოვძებნოთ გზები მათ დასახმარებლად. ჩვენი მედლები ფულის მოზიდვის საშუალებაა, ხელსაწყო, რომელიც მტვრით არის დაფარული და თაროზე დევს. მისი გამოყენების დროა.

ვიტალი კაპუსტიანი: ომის პირველივე დღიდან, ჩემი ქვეყანა მრისხანებისა და მხარდაჭერის მუხტმა გააერთიანა. უმსხვილესი არასამთავრობო ფონდის Come Back Alive ნოემბრის სტატისტიკამ აჩვენა, რომ 7 თვის განმავლობაში, საზოგადოებისგან $136 მლნ მიიღეს, შემოწირულობის სახით. ფონდებს, ყოველთვიურად, სულ უფრო უძნელდებათ შემოწირულობის შეგროვება.

ვიტალი კაპუსტიანი

შემოწირულობა კომუნიკაციაზეა დამოკიდებული. ამდენად, უნდა იპოვოთ კრეატიული გზა და შემოწირულობის სანაცვლოდ, რაიმე შესთავაზოთ. ეს შეიძლება იყოს ყველაფერი – უბრალო მადლობით დაწყებული, ექსკლუზიური ნივთების გაყიდვით დამთავრებული – სპორტსმენები თავიანთ მაისურებსა და აქსესუარებს ყიდიან, მუსიკოსები – თავიანთ ინსტრუმენტებს. დიდი ვარსკვლავი არ ვარ, მაგრამ ვიფიქრე – „მეც მაქვს რაღაცები, რის ყიდვაც შეიძლება მოუნდეს ადამიანს“. ეს კიდევ ერთი აგურია დიდ გამარჯვებამდე, თუმცა ჩვენ კიდევ ბევრი აგური გვჭირდება, თუ გვინდა გადავრჩეთ.

M: კრეატორებს მთელი მსოფლიოდან და საქართველოდან, ძალიან კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ჯილდო, რომელიც საკუთარი ქვეყნის სახელით კანის ახალგაზრდა ლომების მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ. ამიტომ, გვინდა გკითხოთ, რას ნიშნავს ეს ინიციატივა თქვენთვის?

ილია იანკოვი: დიახ, ეს გამარჯვება ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ არა მედლები. ჩვენი გამარჯვება ჩვენთვის ღირებულია, მედლები კი მხოლოდ მეტალია. ყველაზე დიდი ღირებულება იმ მეომრებს აქვთ, რომლებიც გვიცავენ რუსი ღორებისგან (ორიგ. rupigs).

ვიტალი კაპუსტიანი: მესმის, რასაც გულისხმობ ამ კითხვაში, მაგრამ როცა ვხედავ იმ ბრძოლას, რომელშიც ჩემი ქვეყანა და ხალხი გადის, მედლის გაყიდვა ყველაზე ცოტაა, რისი გაყიდვაც შემიძლია. ადამიანები იხოცებიან. მე მყავს მეგობრები, რომლებმაც დაკარგეს მშობლები, უახლოესი ადამიანები. ამის შემყურეს, არ მიჭირს ჩემს მედალთან დამშვიდობება. ეს ინიციატივა ნიშნავს ჩვენი გამარჯვების ერთი ნაბიჯით მიახლოებას და სიკვდილის შეჩერებას.

მინდა ხმა მივაწვდინო კრეატიულ საზოგადოებას, მთელი მსოფლიოს გარშემო. მესმის, რომ ეს ომი, რომელიც ჩემთვის რეალობას წარმოადგენს, სხვებისთვის მორიგი პოსტია სოციალურ მედიაში. ვიმედოვნებ, ეს ინიციატივა უკრაინას კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერს მოაპოვებინებს შემოქმედებით საზოგადოებაში. შესაძლოა, ზოგმა მათგანმა ჩვენი მხარდაჭერა შემოწირულობით შეძლოს, სხვებმა – რუსებთან და რუსულ ბიზნესთან თანამშრომლობა შეწყვიტონ…

ამ მედლის მოსაპოვებლად ბევრი ვიშრომე, მაგრამ 10-ჯერ მეტ ძალისხმევას დავხარჯავ, რომ ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

წინანდლის ფესტივალი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსების შესარჩევად მოსმენებს გამართავს

როგორ არ უნდა შეუშალონ ხელი მენეჯერებმა თანამშრომლებს კონცენტრირებაში?