13
Jan
2017

2017 წლის კანის კრეატიულ ფესტივალზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო!

13 Jan 2017

2017 წლის 12 იანვარს, კანის ლომების კრეატივის საერთაშორისო 64-ე ფესტივალზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. 30 წლამდე ასაკის კრეატორები 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ღონისძიების ორგანიზატორების აზრით, მოქნილი საფასო პოლიტიკა უფრო მეტ ნიჭიერ ახალგაზრდა კრეატორს მისცემს ფესტივალზე დასწრების საშუალებას. 30 წლამდე ასაკის დამსწრეთათვის, 8 დღიანი სრული საშვის ღირებულება 255 ევროთი შემცირდა. ორდღიანი “Young Lions” საშვის ღირებულება, რომელიც Lions Health, Lions Innovation და Lions Entertainment-ზე იძლევა დასწრების საშუალებას, 895 ევროდან იწყება, ხოლო სტუდენტებისთვის 350-დან 1100 ევრომდე.

კანის ლომების ეს ინიციატივა კრეატიული საზოგადოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ასაკობრივი ზღვარის 28-დან 30-მდე გაზრდამ, გასულ წელს, რეკორდულად გაზარდა ფესტივალზე ახალგაზრდა კრეატორების დასწრების მაჩვენებელი. ახალგაზრდა ლომების კონკურსს, გასულ წელს, 10 000-ზე მეტი მონაწილე შეუერთდა, 70 ქვეყნიდან. 12 იანვრიდან, რეგისტრაცია დაიწყო კანის ლომების სკოლაშიც, რომელიც ხუთ აკადემიას აერთიანებს პალეს ცენტრში განთავსებულ სპეციალიზებულ საუნივერსიტეტო ქალაქში და სადაც 2011 წლიდან მოყოლებული, კრეატივის 1000-მდე ამომავალი ვარსკვლავი გაიზარდა და მათგან ბევრი ფესტივალის პრიზიორიც გახდა.

კანის ლომების მმართველი დირექტორის, ჟოზე პაპას თქმით, “კრეატიული წელიწადი კანის ლომებით იწყება და ბევრი ადამიანისთვის, მათი დებიუტი ფესტივალზე სერიოზულ გავლენას ახდენს მათ კარიერაზე. ახალგაზრდა ლომები ფესტივალს ენერგიით, იდეებითა და უსაზღვრო კრეატივით ავსებენ.”

კანის ფესტივალი არის კრეატიული საზოგადოების წლის ყველაზე მასშტაბური შეხვედრა, რომელიც აერთიანებს 15 000 ადამიანს, 100 ქვეყნიდან და სწავლისა და თვითრეალიზაციის საშუალებას აძლევს.

განხილვა