3
Jul
2017

Cannes Lions 2017 – ქართველების შთაბეჭდილებები „კანის საერთაშორისო კრეატიული ფესტივალიდან“

3 Jul 2017

მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის უმთავრესი მოვლენა – „კანის კრეატიული ფესტივალი“ – წელს 64-ედ გაიმართა და საქართველოს სარეკლამო სააგენტოს წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, უკვე მესამედ მიეღოთ მონაწილეობა და ქვეყნის სახელით ეასპარეზათ კანში. მიღებულ შთაბეჭდილებებზე, მარკეტერი ესაუბრა საქართველოს ბანკის კრეატიული კონცეპტინგის სამსახურის უფროს ქეთო ბარაბაძეს,  Betterfly-ს არტდირექტორ ანუკა კვეზერელსა და Redberry-ს თანადამფუძნებელ გაგა დარსალიას:

ქეთო ბარაბაძე – საქართველოს ბანკის კრეატიული კონცეპტინგის სამსახურის უფროსი – კანის კრეატიული ფესტივალი შეუძლებელია, არ მოგეწონოს! ყოველ წელს, ერთი კვირის მანძილზე, კანში იკრიბება თითქმის ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ამ სფეროში რაიმეს ქმნის. ბოლო ორი წელია, რაც მეც ჩავები და ვესწრები ფესტივალს და ვფიქრობ, საუკეთესო ღონისძიებაა ახალი კონტაქტებისთვის, საოცნებო ადამიანებთან შეხვედრისთვის, ინსპირაციისთვის, მოტივაციისთვის. ძალიან დახუნძლული პროგრამა აქვთ – უამრავი ვორქშოპი და სპიკერია, რომელთან შეხვედრაც გინდა, რიგში დგახარ, ელოდები. ეს ადამიანები გიზიარებენ თავიანთ გამოცდილებებს, სირთულეებს, შეცდომებს და მათი გამოსწორების ისტორიებს. რამდენიმე გამოსვლას გამოვყოფდი, რომელსაც განსაკუთრებულად ველოდებოდი წელს: დევიდ დროგა და ადიდასის კამპანიის შემქმნელები. დროგა ის არის, ვის გამოც შემიყვარდა ეს სფერო წლების წინ. საინტერესო იყო ბურგერქინგის მარკეტინგის გუნდი. კანის კრეატიული ფესტივალი განსაზღვრავს სტანდარტს და გიწესებს მიზანს, რომელსაც გინდა, მიაღწიო წლიდან წლამდე.


ანუკა კვეზერელი – 
გრაფიკოს დიზაინერი/არტდირექტორი – Betterfly: წელს პირველად ვიყავი კანის ლომების ფესტივალზე და საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე როგორც ინფორმაციულად, იმის გაგებით, ვინ რას მოღვაწეობს კრეატიულ სფეროში, აგრეთვე, მომეცა შესაძლებლობა, პირადად გამეცნო ადამიანები, რომლებიც ქმნიან კრეატივს. ფესტივალში მონაწილეობის მიღება თუ უბრალოდ დასწრება ბევრის მომცემია ახალი იდეებისთვის, საჭირო კონტაქტებისა თუ კარიერული წინსვლისთვის. ვფიქრობ, ჩვენი კრეატიული სფეროსთვის საკმაოდ საინტერესო, ინსპირაციისა და მოტივაციის მომცემი ღონისძიებაა. აუცილებლად, დიდმა თუ პატარა სააგენტოებმა უნდა მივიღოთ ყოველ წელს მონაწილეობა, გავაგზავნოთ საინტერესო „ქეისები“ და დავამტკიცოთ, რომ საქართველოში, ამ სფეროში ბევრი რამე კეთდება და თამამად შეგვიძლია, ვიასპარეზოთ მსოფლიოს ამ სფეროში წამყვან ქვეყნებთან ერთად.


გაგა დარსალია – Redberry – CEO & Co-founder:
ფესტივალის მთელი მუღამი არის, რომ აღნიშნოს, გამოაჩინოს და დააჯილდოვოს საუკეთესო კრეატიული იდეები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წუწუნებს, რომ – Celebrate Creativity – ამას ვეღარ ასრულებს, რისთვისაც, რეალურად, შეიქმნა ეს ფესტივალი, მგონი, მთლად ასე არ არის, კი არადა, პირიქითაა, კრეატიული იდეები ძალიან ბევრ სფეროსა და ინდუსტრიაში გაჩნდა, მათ შორის, ტექ. სფეროში. კანის კრეატიული ფესტივალი, რეალურად, ძალიან კარგი ადგილია იმისთვის, რომ შეაფასო, შენ სად ხარ, სხვები სად არიან. კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ გაზომო შენი თავი და დაიმუხტო ახალი ენერგიით, გაიცნო ახალი ადამიანები, მიიღო საერთაშორისო გამოცდილება.

განხილვა