in

კორონავირუსის გამო, Cannes Lions 2020-ის თარიღები იცვლება?

დღეს, 11 მარტს, კანის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი გლობალური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, ფესტივალის გამართვის თარიღები შეიცვალოს.

თუმცა ჯერჯერობით, ორგანიზატორების თქმით, კანის ლომები 2020-ის ჩატარების ოფიციალურ თარიღად 22-26 ივნისია ჩანიშნული.

განცხადებაში ამბობენ, რომ ფესტივალის გუნდი მთავრობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს მიჰყვება და სრულ პასუხისმგებლობას იღებს ფესტივალის სტუმრებისთვის, თანამშრომლებისთვის, სპონსორებისა და პარტნიორებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

საუბარია, ასევე, ფესტივალის ჩატარების ალტერნატიულ თარიღზეც, კერძოდ, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი 2020 წლის 26-30 ოქტომბრისთვის გადადების შესაძლებლობაზე. ამაზე დაზუსტებულ ინფორმაციას საზოგადოება მიიღებს არაუგვიანეს, 2020 წლის 15 აპრილისა. გარდა ამისა, მომხმარებლებს ფესტივალის შესახებ განახლებადი ინფორმაციის მოძიება ყოველკვირეულად შეეძლებათ.

Cannes Lions 2020 გლობალური კრეატიული საზოგადოების წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ ფესტივალზე შესული ყველა განცხადება განხილული იქნება. ნამუშევრებს, როგორც წესი, გლობალური ჟიური შეაფასებს და ისინი, წესის მიხედვით, კანის ლომებით დაჯილდოვდებიან. ამ შემთხვევაშიც, ნებისმიერი ცვლილების შესახებ, ინფორმაცია აუდიტორიას მყისიერად მიეწოდება.

სიმონ კუკი, ფესტივალის მმართველი დირექტორი: „ჯერჯერობით, რა გეგმაც გვქონდა, იმას მივყვებით და გვინდა, ფესტივალი 22-26 ივნისს გავმართოთ. გლობალური სიტუაცია მუდმივად იცვლება და ჩვენ გვსურს, მიმდინარე მოვლენების შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. უსაფრთხოება ჩვენთვის პრიორიტეტია და ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯიც, პირველ რიგში, ამ ფაქტორით იქნება განპირობებული“.

რატომ დებენ ჩიპებს ბუცებში – Google-ის, Adidas-ისა და EA-ს თანამშრომლობის შედეგი

როგორ გამოვიმუშავოთ ფული ძილში