2
Nov
2019

ახალი ჯილდო და პროგრამა – Cannes Lions ფესტივალი 2020 წლისთვის ემზადება

2 Nov 2019

კანის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი 2020 წლისთვის ემზადება და თარიღებთან ერთად – 22-26 ივნისი, 2 მნიშვნელოვან სიახლესაც გვიზიარებს: პროგრამასა და ახალ ჯილდოს – Creative Business Transformation Lions.ფესტივალის წარმომადგენლები 1500 სტუმრის უკუკავშირისა და კრეატიული აღმასრულებლების, მარკეტინგის ოფიცრების, ბრენდის ლიდერებისა თუ სტრატეგების 100-ზე მეტი პროფესიონალის სიღრმისეული ინტერვიუს შედეგად, Cannes Lions 2020-ის 8 ახალ თემაზე ჩამოყალიბდნენ. თითოეული მათგანი ბრენდირებული მარკეტინგისა და კომუნიკაციების კუთხით, ბიზნესში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად შეირჩა.

ჩვენი საზოგადოება დაესწრება ფესტივალს, რომლისგანაც საუკეთესო გამოცდილებას შეიძენს, ღირებულ კავშირებს დაამყარებს და იმ ინსტრუმენტებსა და ტექნიკებს დაეუფლება, რომელიც მის პერსონალურ თუ ბიზნესის განვითარებას დააჩქარებს, – საიმონ კუკი, ფესტივალის მმართველი დირექტორი.

2020 წლის თემებია:

შემოქმედებითობა ბიზნესის განვითარების ძრავაში: მარკეტერების როლს წარმოაჩენს, რომ განისაზღვროს, შემოქმედებითობა რამხელა ზეგავლენას ახდენს როგორც მოკლევადიან მარკეტინგულ აქტივობებზე, ისე, ზოგადად, ბრენდის გრძელვადიან ფუნქციონირებაზე ინდუსტრიაში;

შემოქმედებითი რღვევა კომერციაში: სხვადასხვა ბრენდის ნოვატორი პიონერები აუდიტორიას კომერციის ინოვაციურ ფორმებს გააცნობენ, მომხმარებლებისთვის ყიდვის უკეთესი გამოცდილების შესათავაზებლად;

პოსტ-მიზანი: ბრენდის ანგარიშვალდებულება და აქტივიზმი – მსოფლიოს ყველაზე დიდი ბრენდები და სააგენტოები იმსჯელებენ, როგორ უმკლავდებიან კრიტიკულ გლობალურ საკითხებს – კლიმატური ცვლილებებიდან უთანასწორობამდე;შენი ბრენდი ჩემი გამოცდილებაა – ბრენდი და გამოცდილება ურთიერთდაკავშირებულია. ბრენდები იმსჯელებენ, თუ როგორ ცდიან მომხმარებლების გამოცდილებას და შემდეგ, როგორ იყენებენ ამ ურთიერთობას მთლიანი მომსახურებისა თუ პროდუქტის გასაუმჯობესებლად;

თვალი შევავლოთ 2030 წელს: ბიზნესის მომავალზე მორგება – ეპოქაში, სადაც სულ ვსწავლობთ, ვექსპერიმენტობთ და ვცდილობთ, ახალი რეალობა შევქმნათ, უნდა ვიფიქროთ საჭირო შემოქმედებითი თუ ტექნიკური უნარების მუდმივ განვითარებაზე;

გამოყენებითი შემოქმედებითობა: როცა მონაცემები, ტექნოლოგიები და იდეები ერთმანეთს ეჯახებიან – ექსპერტები მაგალითებს გააზიარებენ, როგორ გამოვიყენოთ მონაცემები და ტექნოლოგიები ისე, რომ აუდიტორია დავიმორჩილოთ. ბრენდები იმის დემონსტრირებას შეძლებენ, თუ როგორ იკაზმებიან ტექნოლოგიებით, მომხმარებლებთან ემოციური კავშირის დასამყარებლად;

სთორითელინგი სკალაზე: სპიკერები ამბის თხრობის ახალ კრეატიულ განზომილებებს აღმოაჩენენ – პლატფორმებისა და სხვადასხვა ფორმატის საშუალებით;

დავუბრუნდეთ ბრენდს: უფრო სიღრმისეულად განვსაზღვროთ, როგორ შეუძლია შემოქმედებითობას მიმდინარე აკვიატება კლიკებსა და რეაქციებზე შეცვალოს და ბრენდის გრძელვადიან სიჯანსაღეზე იზრუნოს;

ინდუსტრიის 100-ზე მეტ ბრწყინვალე გონების ადამიანს ვესაუბრეთ, რომ დღესდღეობით, ბიზნესში არსებული რეალური გამოწვევები განგვესაზღვრა. შერჩეული 8 თემა ბრენდირებული მარკეტინგისა და კომუნიკაციების საკვანძო საკითხებს მოიცავს. ჩვენ ინდუსტრიის მსოფლიო კლასის ლიდერებს ვიწვევთ, რომ მომავლის თავიანთი პერსპექტივები გაგვიზიარონ 2020 წლის ივნისში, ფესტივალის სხვადასხვა სცენიდან, – შარლოტა უილიამსი, ვიცეპრეზიდენტი, კონტენტი, Cannes Lions.

ახალი ჯილდო:

კატეგორია Creative Business Transformation Lions – ამ ლომს კომპანიები იმის აღსანიშნავად დაიმსახურებენ, რომ მათმა შემოქმედებითმა მიდგომამ, ბიზნესის ორგანიზებულობა შეცვალა და ეს აისახა როგორც შიგნით, კომპანიაში, ასევე, მომხმარებლების ჩართულობის კუთხით. ნამუშევარი, რომელიც ამ კატეგორიაში დაწინაურდება, გამოვლინდება იმის მიხედვით, ტრადიციული კომუნიკაციების გვერდით, ბრენდმა, ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორ დანერგა ახალ სერვისები, ანდაც, როგორ გამოიყენა ის ბიზნესის დიზაინში და შეძლო მისი ციფრული ტრანსფორმირება, მომხმარებლების საჭიროებაზე მორგება. როგორც სიუზი უოლკერი, ჯილდოების ხელმძღვანელი ამბობს, ეს ჯილდო სპეციალურად შეიქმნა, რომ ფესტივალმა ბიზნესის ტრანსფორმაციას კიდევ უფრო მეტად დაუჭიროს მხარი და ამისთვის მას უფრო დიდი მოტივაცია მისცეს.

ფესტივალზე PR LIONS-ის კატეგორიაზე განსაკუთრებულად იზრუნეს. კანის ფესტივალის წარმომადგენლებმა საკუთარ თავზე აიღეს პიარსპეციალისტების გლობალური ჩართულობა და მათი უნიკალური გამოწვევებისა და პერსპექტივების შესაბამისად, განსაზღვრეს აქცენტები, რის მიხედვითაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელი იქნება 2020 წლის 16 იანვრიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დელეგატობის მსურველები ბილეთებს იყიდით აქ.

განხილვა