უნიკალურმა ციფრულმა ხელსაწყომ, რომელიც უკრაინელებისთვის ისტორიული არტეფაქტებისა თუ კულტურული ღირსშესანიშნაობების 3D გამოსახულების მისაღებად შეიქმნა, 2022 წლის კანის ლომების საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალზე Digital Craft Lions-ის გრან-პრი მიიღო!
ანალოგიური ჯილდო Virtue Worldwide New York-ის პროექტსაც ერგო, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე უკრაინული კულტურული არტეფაქტების დასაცავად და შესანარჩუნებლად შეიქმნა. იგი 661 ნამუშევარს შორის შეარჩიეს და კატეგორიაში საუკეთესო ჯილდოც მოიპოვა.
კამპანიაზე Backup Ukraine კი გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) Blue Shield Denmark-თან ერთად Virtue Worldwide, Vice Media-ს კრეატიული სააგენტოს ხელმძღვანელობით იმუშავა.
პროექტი უკრაინაში მყოფ ადამიანებს საშუალებას აძლევს, გადაიღონ და ციფრულად შეინახონ იმ ისტორიული არტეფაქტების, ძეგლებისა და სხვა კულტურისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების 3D გამოსახულებები, რომლებიც რუსეთთან მიმდინარე ომის გამო განადგურების რისკის ქვეშაა. რეალისტური ციფრული ასლებისა და ინდივიდუალურად გადაღებული არტეფაქტების ციფრული ნახატების შესანახად კი, 3D გამოსახულების სტარტაპ Polycam-ის ტექნოლოგიას იყენებენ.
„Backup Ukraine-ის პროექტი უკრაინის ყველა მოქალაქეს თავიანთი უდიდესი სიმდიდრის, ერისა და კულტურის შენარჩუნების საშუალებას აძლევს, სმარტფონების კამერებისა თუ GPS-ის გამოყენებით. რამდენიმე წუთში ყველას შეუძლია ნებისმიერი ადგილისა თუ ძეგლის გადაღება და მათი შენახვა სამუდამოდ, ეს ყველაფერი კი ტელეფონების საშუალებით ხდება. ეს არის პროექტი, რომელიც ყველა უკრაინელ მოქალაქეს ეროვნული მემკვიდრეობის მცველად აქცევს. კულტურა ხალხის იდენტობაა და ის არ უნდა განადგურდეს“, — ამბობს ლუსიანა ჰაგუიარა, Digital Craft Lions-ის ჟიურის პრეზიდენტი.
ჯილდოს მიღება კი ნამდვილად სიურპრიზი იყო, რადგან ბევრი ფიქრობდა, რომ მას Michelob Ultra-ს ბრენდის კამპანია McEnroe vs. McEnroe აიღებდა, მაგრამ საბოლოოდ მან Gold Lion-ის ჯილდო მიიღო.
თუმცა გასაკვირი არ არის, რომ კანის ფესტივალზე მთავარი აქცენტი სწორედ რუსეთ-უკრაინის ომზე გაკეთდა. დამსწრეებს ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც კი მიმართა: „დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელთა სიმამაცის მხარდასაჭერად უფრო მეტს გააკეთებთ. თქვენ ევროპაში მშვიდობის დამკვიდრება მხოლოდ თქვენი პროფესიით შეგიძლიათ. მჯერა, რომ ადამიანთა შემოქმედებითობის ძალა იმ ბირთვულ სახელმწიფოზე უფრო დიდია, რომელიც წარსულშია ჩარჩენილი“.