საქართველოში Cannes Lions 2024-ის ახალგაზრდულ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო. შესარჩევი კონკურსი წელს 6 კატეგორიაში ჩატარდება: დიჯიტალი, პრინტი, მარკეტერი, ფილმი, დიზაინი და პიარი.
კონკურსი 12 აპრილს დაიწყება, გამარჯვებული გუნდები კი 20 აპრილს გამოვლინდებიან. საბოლოო შეჯიბრი ფინალისტებისთვის, ტრადიციულად, კანში ჩატარდება, სადაც ქართველი მონაწილეები მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესოებს საქართველოს სახელით შეეჯიბრებიან. კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის თარიღებია 17-21 ივნისი.
ადგილობრივი ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თიბისი, aPeople, ალდაგი, გალფი, SmartSoft.
თიბისის მხარდაჭერით დაჯილდოების დღეს მოეწყობა ინსპირაციული სცენა, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიის ვარსკვლავებს გააერთიანებს — ისინი დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
კანის ლომების ფესტივალის ქართული წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო წელსაც გადაეცემა წარდგენილი კანდიდატებიდან საუკეთესოს, ადამიანს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში.
კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კრეატიულ სააგენტოებს, აგრეთვე სხვა კომპანიებში მომუშავე შემოქმედებით გუნდებსა და უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე სტუდენტებს.
უბრალოდ, კატეგორია „მარკეტერში“ არ არის ნებადართული კრეატიული სააგენტოებისა და სტუდენტების მონაწილეობა; დაიშვებიან მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლები.
გუნდი შედგება 2 წევრისგან. მთავარი წესი: გუნდის ორივე წევრი უნდა წარმოადგენდეს ერთსა და იმავე ორგანიზაციას (კომპანიას, სააგენტოს, საგანმანათლებლო დაწესებულებას). ასევე, სავალდებულოა, მონაწილე იყოს არაუმეტეს 30 წლისა, დაბადებული 1993 წლის 21 ივნისის შემდეგ.
ACAG-ის წევრი სააგენტოებისთვის პირველი გუნდის დარეგისტრირება ყველა კატეგორიაში უფასოა. ყოველი მომდევნო გუნდის შემთხვევაში, რეგისტრაციის ღირებულებაა:
- პრინტი, ფილმი, დიზაინი, დიჯიტალი — 250 ლარი
- პიარი — 120 ლარი
ACAG-ის არაწევრი სააგენტოებისთვის და სხვა კომპანიებისთვის თითო გუნდის რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს:
- პრინტი, ფილმი, დიზაინი, დიჯიტალი — 350 ლარი
- მარკეტერი, Პიარი — 120 ლარი
საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით გამომსვლელი სტუდენტებისთვის თითო გუნდის ღირებულება ყველა კატეგორიაში 100 ლარია.
*ფასები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით.
კანის ლომების ახალგაზრდულ შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაციის საბოლოო ვადაა: 31 მარტი, კვირა, 23:59 საათი.
სარეგისტრაციო ბმულები:
PRINT
MARKETER
DIGITAL
DESIGN
FILM
PR
Cannes Lions–ის ახალგაზრდული ფესტივალი საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა. „კანის ლომების“ ადგილობრივი კონკურსი წელს მეცხრედ იმართება. პროექტის ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge.