მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კრეატიულ ფესტივალზე, Cannes Lions-ზე, ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. გუშინ შეიძლება აუდიტორიაში იყო და უსმენდე იმ ადამიანებს, რომელთა ნამუშევრებს წლების განმავლობაში აღფრთოვანებული უყურებდი, დღეს კი უკვე იმავე სივრცეში ახალგაზრდა კრეატორებს გამოცდილებას უზიარებდე.
ზუსტად ასეთი გზა გაიარა თეკლე გუჯაბიძემ. არქიტექტურის სტუდენტობიდან სარეკლამო ინდუსტრიაში აღმოჩნდა, სწავლა ბერლინის Miami Ad School-ში გააგრძელა და დღეს გერმანიაში, სააგენტო MOTOR Kommunikation-ში არტდირექტორად მუშაობს. წელს კი Cannes Lions-ის Roger Hatchuel Academy-ს უკვე მენტორის სტატუსით შეუერთდა – სულ ერთი წლის შემდეგ, რაც თავად ამავე აკადემიის მონაწილე იყო.
Marketer-თან თეკლე საკუთარ პროფესიულ გზაზე, Cannes Lions Academy-ს კულისებსა და იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, ახალგაზრდა კრეატორებისთვის ხშირად გარდამტეხი ხდება.
M: გაგვიზიარეთ თქვენი პროფესიული გზა საქართველოდან გერმანიამდე და შემდეგ Cannes Lions Academy-ს მენტორობამდე. რა იყო ის მთავარი ეტაპები, რომლებმაც აქამდე მოგიყვანათ?
ჩემი გზა სარეკლამო ინდუსტრიაში არ დაწყებულა. საქართველოში, ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურას ვსწავლობდი და დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ სწორედ ეს იქნებოდა ჩემი პროფესია. თუმცა ბაკალავრის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ უფრო დინამიკურ და კრეატიულ სფეროში მინდოდა საკუთარი თავის პოვნა.
სწორედ მაშინ, სრულიად შემთხვევით, გადავაწყდი საქართველოს ბანკისა და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიას. მაშინ ზუსტად არც ვიცოდი, რას ნიშნავდა არტდირექტორის პროფესია, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მეცადა. 160 აპლიკანტიდან საუკეთესო ხუთეულში მოვხვდი და სწავლის დაფინანსებაც მივიღე.
ბერლინში გადასვლის შემდეგ ყველაფერი ნულიდან დავიწყე. Miami Ad School-მა საერთაშორისო სააგენტოებში მიმიყვანა, სადაც გამოცდილება დავაგროვე, წელს კი უკვე Cannes Lions Academy-ს მენტორობის შესაძლებლობაც მომეცა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო, რადგან სულ ერთი წლის წინ მეც იმ ადამიანების ადგილზე ვიყავი, ვინც ახლა ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამს.
M: Cannes Lions-ზე ადრე თავადაც მონაწილეობდით, წელს კი უკვე მენტორის როლში იყავით. რით განსხვავდება ეს ორი გამოცდილება?
Cannes Lions-ის შესახებ პირველად Miami Ad School-ში გავიგე და მაშინვე დავისახე მიზნად, ერთ დღეს ამ ფესტივალზე მოვხვედრილიყავი.
ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც გავიგე, რომ Roger Hatchuel Academy-ში მსოფლიოს 30 სტუდენტს შორის შემარჩიეს და გერმანიის წარმომადგენელი ვიქნებოდი. ყველაფერი პირველად ხდებოდა: პირველად ვუსმენდი მსოფლიო დონის სპიკერებს, პირველად ვხვდებოდი ადამიანებს, რომელთა ნამუშევრებს სწავლის პროცესში აღფრთოვანებული ვუყურებდი და პირველად ვიგრძენი, რამდენად მასშტაბური და მრავალფეროვანია ეს ინდუსტრია.
ერთი წლის შემდეგ იმავე აკადემიაში უკვე მენტორის როლში დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო. თუ შარშან მე ვიყავი ის სტუდენტი, რომელიც კითხვებს სვამდა, წელს ჩემი ამოცანა იყო, ეს გამოცდილება სხვებისთვის გამეზიარებინა. ეს გზა – სტუდენტიდან მენტორობამდე ჩემთვის იმის დასტური გახდა, რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდე, თუ შესაძლებლობებს იყენებ და მუდმივად სწავლობ.
M: რას ნიშნავს მენტორობა Cannes Lions Academy-ში? როგორ მიმდინარეობს მუშაობა მონაწილეებთან?
წლევანდელ Roger Hatchuel Academy-ში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 30 სტუდენტი მონაწილეობდა. აკადემიის მთავარი იდეა რეალურ ბრიფზე მუშაობაა – წელს სტუდენტები sixdegrees.org-ის, კევინ ბეიკონის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის ბრიფზე მუშაობდნენ.
ჩემი როლი არ იყო მზა პასუხების მიცემა. უფრო მნიშვნელოვანი იყო სწორი კითხვების დასმა და იმ მიმართულების პოვნაში დახმარება, რომელიც მათ იდეებს გააძლიერებდა.
სამუშაო პროცესი ძალიან ინტენსიური იყო: ვსაუბრობდით იდეებზე, სტრატეგიაზე, პრეზენტაციის სტრუქტურაზე. ხშირად კი ერთი სწორად დასმული კითხვა საკმარისი აღმოჩნდებოდა, რომ გუნდს სრულიად ახალი პერსპექტივა დაენახა.

M: რას წარმოადგენს Cannes Lions მათთვის, ვინც იქ არასოდეს ყოფილა?
ბევრი Cannes Lions-ს სარეკლამო ინდუსტრიის „ოსკარებს“ უწოდებს, თუმცა რეალურად ის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ დაჯილდოების ცერემონია.
ერთი კვირის განმავლობაში კანი იქცევა ადგილად, სადაც იკრიბებიან მსოფლიოს საუკეთესო კრეატორები, მარკეტერები, სააგენტოები, ბრენდები და ტექნოლოგიური კომპანიები, რათა ერთმანეთს იდეები გაუზიარონ და ინდუსტრიის მომავალზე ისაუბრონ.
ჩემთვის Roger Hatchuel Academy ამ ყველაფრის ყველაზე ღირებული ნაწილია, რადგან ახალგაზრდა ტალანტებს თავიდანვე აძლევს შესაძლებლობას, გლობალური ინდუსტრიის ნაწილად იგრძნონ თავი. ხშირად სწორედ აქ ხვდებიან, რამდენად ფართოა მათი შესაძლებლობები და როგორი შეიძლება იყოს მათი მომავალი.
M: როგორც მენტორს, ყველაზე ხშირად რა კითხვებით მოგმართავდნენ მონაწილეები?
ყველაზე ხშირად ორი ტიპის კითხვა მესმოდა:
ერთი პრაქტიკული იყო – როგორ განევითარებინათ იდეა ან როგორ ექციათ ბრიფი ძლიერ კონცეფციად. ამ დროს ვცდილობდი, მზა პასუხი კი არ მიმეცა, არამედ მეჩვენებინა, რომ ერთ პრობლემას შეიძლება რამდენიმე განსხვავებული გადაწყვეტა ჰქონდეს.
მეორე კი იმპოსტერ სინდრომს ეხებოდა – განცდას, რომ საკმარისად კარგები არ იყვნენ. ეს გარემო თითქმის ყველას უჩენს ასეთ შეგრძნებას. ჩემი მთავარი რჩევა იყო, სხვებთან შედარების ნაცვლად საკუთარ პროგრესზე ეფიქრათ და არ დაევიწყებინათ, რამდენი რამ ისწავლეს ძალიან მოკლე დროში.
M: რას ეტყოდით ქართველ ახალგაზრდა კრეატორებს, რომლებიც ერთ დღეს Cannes Lions Academy-ში ან თავად Cannes Lions-ზე მოხვედრაზე ოცნებობენ?
ვეტყოდი, რომ Cannes Lions არ არის შორეული მიზანი, რომელიც მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს შეუძლიათ. ეს უფრო ყოველდღიური პროცესის შედეგია: როგორ აზროვნებ, როგორ მუშაობ და რამდენად გულწრფელად გინდა ამ სფეროში განვითარება.
ყველაზე მნიშვნელოვანი მუდმივი ცნობისმოყვარეობაა. კრეატიული ინდუსტრია ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც მუდმივად სვამენ კითხვებს, არ კმაყოფილდებიან პირველი პასუხით და არ ჩერდებიან მაშინ, როცა იდეა არ მუშაობს.
ასევე მნიშვნელოვანია საკუთარი ხმის პოვნა. ყველაზე ძლიერი იდეები ყოველთვის პირადი გამოცდილებიდან, კულტურიდან და იმ უნიკალური პერსპექტივიდან მოდის, რომელიც მხოლოდ შენ გაქვს. თუ ამას ყოველდღიურ პრაქტიკად აქცევ, მსგავსი შესაძლებლობები შორეულ ოცნებად აღარ ჩანს – ისინი ბუნებრივ შემდეგ ნაბიჯად იქცევა.













