2025 წლის კანის კრეატიული ფესტივალის დასრულების შემდეგ, ალბათ, ყველას გვაინტერესებს, თუ რა ხდებოდა და როგორი გამოცდილებაა ამ საოცარ ფესტივალზე მონაწილეობა. განსაკუთრებით მათთვისაა ეს საინტერესო, ვინც თვითონაც შემოქმედებით ინდუსტრიაშია და ნელ-ნელა აკოწიწებს იმ იდეებსა თუ გამოცდილებას, რომელიც შემდეგ შეიძლება კანზე მოხვედრაში დაეხმაროს.
სწორედ ამიტომ ყველაზე ღირებული ინფორმაცია, რაც შეიძლება მივიღოთ, გარდა იმისა, რომ წავიკითხოთ ოფიციალური აღწერა თავად კანის გვერდზე, არის იმ ადამიანებთან საუბარი, რომლებიც ახლა დაბრუნდნენ ამ ფესტივალიდან და თავის თავზე გამოცადეს, რას ნიშნავს მსგავსი მასშტაბური კონკურსის მონაწილეობა.
სტატიების სერიის ფარგლებში, ჩვენმა მკითხველმა უკვე წაიკითხა პრინტის, დიჯიტალის, დიზაინისა და მარკეტერების კატეგორიების გამოცდილება. ახლა კი ფილმის ჯერიც დადგა, რომელსაც წელს თეკლე დარჩიაშვილი და დავით წაქაძე წარადგენდნენ Industria-დან.
თეკლე დარჩიაშვილი:
კანი – არაჩვეულებრივი გარემო, საინტერესო ხალხი და უკარგესი თავგადასავალი – ასე შემიძლია, მოკლედ დავახასიათო ჩვენი ვოიაჟი საფრანგეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში. ჩვენ ,,ინდუსტრიასთან’’ ერთად ხშირად ვსტუმრობთ ფესტივალებს მსოფლიოს სხავდასხვა წერტილში, მაგრამ საკონკურსო ჭრილში თუ განვიხილავთ, ეს პირველი და დაუვიწყარი მოგზაურობა იყო, დასამახსოვრებელი თავისი ენერგიით, რომელიც ისეთ შეგრძნებას გიტოვებს, თითქოს ეს მხოლოდ ყველაფრის დასაწყისია და საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.
დავით წაქაძე:
კანში ჩასვლისთანავე იგრძნობოდა, რომ ეს იყო ადგილი, სადაც ყველას ერთი მიზანი ჰქონდა — რაღაც მნიშვნელოვანი მოეყოლა მსოფლიოსთვის და თავისი კვალი დაეტოვებინა ინდუსტრიაში. პირადად ჩემთვის ამ მასშტაბის პირველი ფესტივალი იყო: განსხვავებული ფორმატი, აღტაცებას შერეული ღელვა, უამრავი ადამიანი სხვადასხვა გამოცდილებითა და მიზნებით და იმის გააზრება, რომ შენც ამ დიდ ამბავში მონაწილეობ და შეიძლება რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისი იყოს.
M: მოგვიყევით, როგორია უშუალოდ საკონკურსო გამოცდილება. როგორც ვიცით, ფილმის კატეგორიის პირობები ოდნავ განსხვავდებოდა სხვა კატეგორიებისაგან…
თეკლე დარჩიაშვილი: ჩვენი კატეგორიის ბრიფის მნიშვნელობა საკმაოდ დიდი იყო. სასიხარულოა, როდესაც ასეთ მასშტაბურ ფესტივალზე ისეთი ბრიფი მოდის, რომელიც ეხება ქალებსა და მათ პრობლემებს. ბევრი დეტალის გათვალისწინება იყო საჭირო და ამ ყველაფრის მარტივად გადმოცემა, რაზეც ბევრი ვიმუშავეთ და შედეგიც კარგი დავდეთ.
ჩვენი საკუთარი ტელეფონით გადავიღეთ და ჩვენივე ლეპტოპში დავამონტაჟეთ. ფილმის კატეგორია იმაში არ იყო შეზღუდული, რომ მაინცდამაინც სპეციალურად გამოყოფილ სამუშაო სივრცეში უნდა ყოფილიყო, მაქსიმალური თავისუფლება მოგვცა ფესტივალმა. კიდევ ერთი განსხვავება ის იყო სხვა კატეგორიებისგან, რომ ჩვენ არ მოგვიწია პრეზენტაციის გაკეთება. საბოლოო შედეგები უკვე ფინალურ დღესასწაულზე გავიგეთ. მართალია, სამეულში ვერ შევედით, მაგრამ ჩვენ უზომოდ კმაყოფილები ვართ ჩვენი შედეგით, მოგვწონს ჩვენი ნამუშევარი და ამ ყველაფრისგან უდიდესი სიამოვნება და გამოცდილება მივიღეთ.
დავით წაქაძე: ფესტივალის ერთ-ერთი დადებითი და, ამავდროულად, საინტერესო მხარე სწორედ ის იყო, რომ ტექნიკური თვალსაზრისით რამდენადაც ჩარჩოში ხარ მოქცეული, იმდენად თავისუფალი ხარ. პირადი მობილური ტელეფონი და ლეპტოპი — ეს ორი შენი მთავარი იარაღია. ჩვენი მიზანიც ეს იყო რომ გაგვეკეთებინა მაქსიმუმი იმით რაც გაგვაჩნდა, რადგან თავისუფლება გვქონდა როგორც შინაარსში, ისე ტექნიკურ პროცესში, სამუშაო სივრცესა და შემოქმედებით გადაწყვეტილებებში.
საკმაოდ ბევრი ვიფიქრეთ, მოკლე ვიდეოთი როგორ გადაგვეცა ბრიფში მოცემული საკმაოდ ძლიერი თემა, რომელიც არ ისმის გლობალურ დონეზე. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს არ ყოფილიყო უბრალოდ ვიზუალური ნარატივი. სწორედ აქ შემოდის მთავარი გამოწვევა — დროის მენეჯმენტი — გაიარო გზა იდეიდან საბოლოო მონტაჟამდე სულ რამდენიმე საათში.
M: როცა ბოლოს უკვე შედეგები და სხვისი ნამუშევრები ნახეთ, რა დასკვნა გამოიტანეთ, რა კრიტერიუმებით შეაფასა ჟიურიმ გამარჯვებულები ფილმის კატეგორიაში?
დავით წაქაძე: ჟიური ცდილობდა, დაენახა რამდენად მკაფიო იყო იდეა, რამდენად ჰქონდა ემოციური ზეწოლა და რეალურად იყო გააზრებული პრობლემა. ჩემი დაკვირვებით, ის ნამუშევრები გამორჩეულად დაიმახსოვრეს, რომლებმაც მაყურებელი პირდაპირი გზით, ზედმეტი სილამაზის გარეშე მიიყვანეს მთავარ სათქმელთან. ვიტყოდი რომ განსხვავებული იდეისა და კრეატივის გარდა მთავარია სიმარტივე, სიმარტივე და ისევ სიმარტივე.
თეკლე დარჩიაშვილი: ვფიქრობ ინდივიდუალურია აღქმაც და შეფასებაც, მაგრამ გამარჯვებული ვიდეოთი თუ ვიმსჯელებთ, მთავარი კრიტერიუმი იყო პრობლემის სწორად გააზრება და მის გადასაჭრელად მარტივი ხერხის პოვნა, ამიტომ დიახ, სწორედ სიმარტივეშია გამოსავალი.
M: ახლა რომ მიდიოდეთ პირველად, რას გაითვალისწინებდით?
თეკლე დარჩიაშვილი: მომავალი კონკურსანტებისთვის ბევრი მაქვს სათქმელი და შემდეგ წელს აუცილებლად დაველაპარაკები ფილმის კატეგორიის ორივე მონაწილეს, რათა სწორი მოცემულობა ჰქონდეთ კონკურსზე და სწორად შეაფასონ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ფესტივალის მიმდინარეობის პროცესში დადგებიან.
მთავარია ის, რომ არ არსებობს არანაირი ჩარჩოები, არანაირი წესები, სწორი დროის მენეჯმენტითა და სწორი იდეით საუკეთესო შედეგის დადება შეიძლება.
დავით წაქაძე: უკან რომ დავბრუნდე საკუთარ თავს და სხვა პოტენციურ მონაწილეებს ვურჩევდი რომ, არ შეზღუდონ თავიანთი შესაძლებლობები და იდეები სხვადასხვა ჩარჩოში მოქცევის გამო. არ უნდა შეგეშინდეთ, რომ რაღაც ზედმეტად მარტივია ან ტექნიკურად არ არის გამართული. მთავარია, მოიფიქროთ მარტივი და, ამავდროულად, ძლიერი იდეა.
წელს Young Lions Georgia-ს მხარდამჭერები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და Mini by GT Motors. აქედან დიჯიტალის კატეგორიის სპონსორია Cellfie Mobile. აქედან ფილმის კატეგორიის მხარდამჭერია aPeople.
კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი