in

Cannes Lions Georgia 2026-ის Digital კატეგორიის ოქროს მფლობელები

კანის ლომების ახალგაზრდული შეჯიბრის, Cannes Lions Georgia 2026-ის წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. 322 დარეგისტრირებული გუნდიდან, გამოვლინდა ის 5 საუკეთესო შემადგენლობა, რომელიც საქართველოს შემოქმედებით ნაკრებს შეადგენს და ივნისში ჩვენი ქვეყნის სახელით კანის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

წელს, Digital კატეგორიაში პირველი ადგილი სააგენტო Redberry-ის გუნდმა დაიკავა.  ნელი ბობოხიძისა და გიორგი ფაიქრიძის ტანდემმა აჩვენა, თუ რა შედეგის მომტანია დავალებაზე სხვადასხვა პროფესიული პერსპექტივიდან დაკვირვება. აღსანიშნავია, რომ ნელისთვის ეს კონკურსში მოპოვებული ზედიზედ მეორე ოქროს მედალია. სენიორ დიზაინერისა და სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელის საერთო სამუშაო პროცესმა მათ საშუალება მისცა, მთავარ ინსაითამდე მისულიყვნენ და უამრავი ვარიანტიდან ის გადაწყვეტა შეერჩიათ, რომელიც მკაფიო, რელევანტური და ტექნიკურად გამართული იქნებოდა.

როგორ პოულობენ ბალანსს გარისკვასა და რეალისტური პროდუქტის შექმნას შორის, რა არის იდეების გაცხრილვის პროცესში ყველაზე რთული და რა სტრატეგიით ემზადება Redberry-ის გუნდი მსოფლიო ტურნირისთვის? მარკეტერს Digital კატეგორიის გამარჯვებულები ესაუბრნენ. მათი ნამუშევრის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

M: როგორი შეგრძნებაა ოქროს მოგება და ქვეყნის წარდგენა კრეატივის მსოფლიო ჩემპიონატზე?

ნელი: საოცარი შეგრძნება და უდიდესი სიხარულია. ის ფაქტი, რომ საქართველოს წარდგენას კანის საერთაშორისო ფესტივალზე შევძლებთ, ჩვენთვის სრულიად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

გიორგი: ძალიან სასიხარულო და, ამავდროულად, საპასუხისმგებლოა. მეც და ნელიც ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზეც წარჩინებით ვიასპარეზოთ და მედალი ავიღოთ.

M: როგორ აღმოჩნდით ერთ გუნდში Cannes Lions Georgia-ზე მონაწილეობისას?

ნელი: თავიდანვე ვიცოდით, რომ ერთად მუშაობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნებოდა. ეს მოგვცემდა საშუალებას, გვემუშავა ისეთ იდეებზე, რომელთა განხორციელებაც ყოველდღიური სამუშაო რუტინის პირობებში ყოველთვის არ არის შესაძლებელი.

გიორგი: სააგენტო „რედბერიში“ მე და ნელის ხშირი პროფესიული თანაკვეთა გვაქვს არაერთ პროექტზე. ამავდროულად, სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები ვართ: ნელი სენიორ დიზაინერია, მე კი სტრატეგიისა და დიჯიტალ გუნდების ხელმძღვანელი. შესაბამისად, კონკრეტული ბრიფის შეფასება სხვადასხვა კუთხით შეგვიძლია, რაც საბოლოო ჯამში ბევრ საინტერესო იდეას აჩენს.

M: როგორი იყო ბრიფზე მუშაობის პროცესი?

ნელი: პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. უამრავი იდეა გვქონდა და ვცდილობდით, ისეთ ინსაითამდე მივსულიყავით, რომელიც ყველაფრის სწორად გაშლაში დაგვეხმარებოდა. შემდეგ უკვე მთავარ იდეაზე (Big Idea) ვკონცენტრირდით, რომელიც დიჯიტალ არხებში საინტერესოდ უნდა ჩაგვეშალა.

გიორგი: მუშაობის პროცესში საკმაოდ გავერთეთ და ბევრი იდეაც მოგვივიდა. თუმცა გადამწყვეტი მომენტი მაინც პრობლემის კვლევისას მთავარი ინსაითის აღმოჩენა აღმოჩნდა. სწორედ ამ ინსაითზე დაყრდნობით, თავდაპირველად ხუმრობით, სხვადასხვა აქტივობის იდეა გაგვიჩნდა და საბოლოოდ Big Idea-მდეც ასე ბუნებრივად მივედით.

M: რა იყო ყველაზე რთული ნაწილი შიდაშესარჩევ კონკურსზე მონაწილეობისას?

ნელი: ყველაზე რთული, ალბათ, გარისკვა და ერთ კონკრეტულ იდეაზე ჩამოყალიბება იყო. ერთი მხრივ, ვცდილობდით, ფიქრის პროცესში გამოგვერიცხა ისეთი იდეები, რომლებიც ჩვენს ინსაითს არ ამყარებდა და უფრო ცხადს არ ხდიდა. მეორე მხრივ კი, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ბალანსის დაჭერა გარისკვასა და სრულიად რეალისტური პროდუქტის შეთავაზებას შორის.

გიორგი: ალბათ, ყველაზე რთულია, გაცხრილო ის უამრავი იდეა, რომელიც ბრიფზე მუშაობისას მოგდის და აარჩიო ყველაზე გასაგები, რელევანტური და, რაც მთავარია, ძლიერი ინსაითით გამყარებული გადაწყვეტა.

M: რას ნიშნავს თქვენთვის კანის ლომებზე საქართველოს სახელით ასპარეზობა?

ნელი: საოცარი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. წინა წელს რომ გავიმარჯვე, მაშინ ვიგრძენი სრულად, თუ რამდენად მნიშვნელოვან და დიდ ჩემპიონატში ვიღებდი მონაწილეობას. იმის გააზრება, რომ იქ თითოეული მონაწილე ერთი და იმავე ენერგიით არის ანთებული, მაძლევს მოტივაციას, რომ ამ გამოწვევას კიდევ უფრო მომზადებული შევხვდე.

გიორგი: ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ეს ფაქტი მოტივაციით კიდევ უფრო მეტად გვავსებს.

M: როგორ გეგმავთ მსოფლიო შეჯიბრისთვის მომზადებას?

ნელი: ვაპირებთ ბევრ მუშაობას, კვლევასა და ინსპირაციის ძიებას. მომზადების პროცესში წინა წლის გამოცდილებაც ძალიან დაგვეხმარება, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

გიორგი: ჩვენ უკვე დავიწყეთ მომზადება – ძველი ბრიფებისა და გამარჯვებული ნამუშევრების განხილვა-შესწავლა. წინ კიდევ 3 თვეა, რასაც აუცილებლად მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა გლობალურ ასპარეზზე რაც შეიძლება მომზადებულებმა მივიღოთ მონაწილეობა.

Digital კატეგორიის მხარდამჭერია Tegeta & Geely Center Tegeta.

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს

TikTok-ის ჩატში ახალი თამაში დაემატა