კანის ლომების ახალგაზრდული შეჯიბრის Cannes Lions Georgia 2026 ადგილობრივი ეტაპი დასრულდა. ამ ეტაპზე, საქართველოს შემოქმედებითი ნაკრები 5 გამარჯვებული გუნდისგან ჩამოყალიბდა, რომლებიც ივნისში, საფრანგეთის ქალაქ კანში გაემგზავრებიან და მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით იასპარეზებენ. წლევანდელი წელი ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით მასშტაბური აღმოჩნდა – 5 ძირითად კატეგორიაში (Print, PR, Digital, Film და Marketer) მონაწილეობა 322-მა გუნდმა მიიღო. Film კატეგორიაში პირველი ადგილი სააგენტო „სუპერმარკეტის“ შემადგენლობამ მოიპოვა. ქოფირაითერმა გიორგი აბულაძემ და დიზაინერმა ლუკა მოსიაშვილმა დაძაბული საკონკურსო შაბათ-კვირის განმავლობაში შეძლეს, ბრიფის კრიტიკა და იდეების გენერირება ისეთ ზუსტ აღსრულებად ექციათ, რომელმაც ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და სააგენტოს ისტორიაში კანის პირველი ოქროს მედალიც მოუტანა.
გუნდი ახლა უკვე კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს წარსადგენად ემზადება. მარკეტერთან ინტერვიუში გიორგი და ლუკა გამარჯვების ემოციებზე, შემოქმედებითი პროცესის სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. მათი გამარჯვებული ნამუშევრის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
M: პირველ რიგში, გაგვიზიარეთ ემოციები – როგორი შეგრძნებაა ოქროს მოგება?
იმ ემოციებსა თუ შეგრძნებებს, რომლებიც გამარჯვების მოპოვებამ მოგვანიჭა, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად თუ დავახასიათებთ. ეს ფაქტი ორმაგად გვახარებს, რადგან სააგენტო „სუპერმარკეტისთვის“ კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსზე ეს პირველი ოქროს მედალია.
M: როგორ შეიკრიბეთ და რატომ გადაწყვიტეთ Cannes Lions Georgia-ზე ერთად მონაწილეობის მიღება?
გვსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ კომპანიას, რომელმაც თავი შეიკავა დიზაინის კატეგორიის დაფინანსებისგან. თქვენ რომ არა, ჩვენი გზები აუცილებლად გაიყოფოდა და მერე ვინ იცის, რა მოხდებოდა!
სხვა მხრივ, არც ყოველდღიურ საქმიანობაში და არც კონკურსებზე ერთად მუშაობის გამოცდილებას არ ვუჩივით. სულ რამდენიმე თვის წინ, „სუპერმარკეტიდან“ პირველად მივიღეთ მონაწილეობა Eurobest-ის კონკურსში და შორტლისტშიც მოვხვდით. მოკლედ, ყველაფერი ძალიან კარგად დალაგდა.
M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე და როგორი იყო მუშაობის პროცესი?
ბრიფის გადაწყვეტამდე მისვლა, რა თქმა უნდა, თავად ბრიფის კრიტიკით დავიწყეთ. შემდეგ ეს პროცესი იდეების თავმოყრით განვაგრძეთ, რასაც ბრიფის შეყვარება და კიდევ უფრო უკეთესი იდეების გენერირება მოჰყვა, საბოლოოდ კი ყველაფერი აღსრულებით დავასრულეთ.
რაც შეეხება უშუალოდ მუშაობის პროცესს – სადამკვირვებლო მისიებს ჩვენს სამუშაო პროცესზე დაკვირვება რომ დასჭირვებოდათ, აუცილებლად იტყოდნენ, რომ ყველაფერმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა.
აქვე დიდ სამადლობელს ვუთვლით ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ კოლეგებს. ისინი როგორც მზადების პროცესში, ისე მთელი საკონკურსო შაბათ-კვირის განმავლობაში, მყარად გვედგნენ გვერდით, ან, სულ მცირე, მზაობას გამოთქვამდნენ, რომ გვერდით დაგვდგომოდნენ!
M: რა იყო ყველაზე რთული ნაწილი Cannes Lions Georgia 2026-ზე მონაწილეობისას?
რთულია გამოყო, რომელი ნაწილი იყო ყველაზე რთული. ამიტომაც ქრონოლოგიურად მივყვეთ: რთული იყო ისეთი იდეის მოფიქრება-შერჩევა, რომელიც უპირობოდ გაიმარჯვებდა. რთული იყო სხვა კონკურსანტების ნამუშევრების ნახვა და გაანალიზება, რომ ისინიც მოგვწონს!
რთული იყო დაჯილდოების მე-2 დღე და ნაბახუსევთან გამკლავება.
M: რას ნიშნავს თქვენთვის კანის ლომებზე საქართველოს სახელით ასპარეზობა?
გვინდა დავესესხოთ ჩვენს მეგობარს, კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსის გამოცდილ მონაწილეს, გამარჯვებულსა და უბრალოდ კარგ პროფესიონალს – ლუკა ივანიძეს და განვაცხადოთ: ეს გამარჯვება განსხვავებული მღელვარებით გვახსენებს იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ქვეყნის სახელით ასპარეზობა ჰქვია. ეს საუცხოო განცდაა, რომელიც დიდ მოტივაციასა და შემართებას გვმატებს.
M: წინ მსოფლიო ტურნირი გელით – როგორ გეგმავთ მომზადებას და მიღებული გამოცდილებიდან რას გაითვალისწინებდით?
დიახ, წინ გველოდება მთავარი – საქართველოს წარდგენა კანის ფესტივალზე. რადგან კანში ჩასატარებელ კონკურსს კიდევ უფრო სხვა გამოწვევები ახლავს, მიღებული გამოცდილებიდან მხოლოდ ერთი რამის გათვალისწინება შეგვიძლია – წინასწარ გვჯეროდეს გამარჯვების. მით უმეტეს, რომ ჩვენ იქ ტურისტებად ჩასვლას არ ვაპირებთ – საფრანგეთში მხოლოდ გამარჯვებისთვის მივფრინავთ!
წელს, Film კატეგორიის მხარდამჭერია apeople.











