საქართველო კანის ლომების მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. კანის ლომების ახალგაზრდული შეჯიბრის Cannes Lions Georgia ადგილობრივი ეტაპი მალე დასრულდება. წელს ჩვენი ქვეყნის შემოქმედებითი ნაკრები 6 გამარჯვებული გუნდისგან ჩამოყალიბდება. ოქროს ჯილდოს მფლობელები ივნისში, საფრანგეთის ქალაქ კანში გაემგზავრებიან და გლობალურ ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძოლებენ მსოფლიო პირველობისთვის.
წლევანდელი კონკურსი ინდუსტრიის მხრიდან განსაკუთრებით მასშტაბური ინტერესით გამოირჩეოდა – ადგილობრივ ეტაპზე მონაწილეობა უპრეცედენტო რაოდენობამ, 408-მა გუნდმა მიიღო. შეჯიბრი განკუთვნილი იყო როგორც კრეატიული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის, ისე სტუდენტებისა და სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული შემოქმედებითი ტალანტებისთვის. წელს ადგილობრივი კონკურსი 6 ძირითად კატეგორიაში ჩატარდა, ესენია: Print, PR, Digital, Film, Marketer და Design. ამ მასშტაბური შემოქმედებითი ეკოსისტემისა და ახალგაზრდა ტალანტების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი წელს Jacobs იყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი ინდუსტრიის განვითარებაში წვლილის შეტანა, რა როლი აქვს კრეატიულ აზროვნებას ბიზნესში და როგორ აფასებს ბრენდი წლევანდელი მონაწილეების ნამუშევრებს? ჩვენს კითხვებს Jacobs-ის რეგიონული ბრენდ მენეჯერი ნუცა ქისტაური პასუხობს.
M: რატომ არის მნიშვნელოვანი კანის ლომების ფესტივალის მხარდაჭერა და რატომ გადაწყვიტა Jacobs-მა წლევანდელი კონკურსის პარტნიორობა?
კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი მსოფლიო მარკეტერებისა და კრეატორებისთვის წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა საერთაშორისო კომპანიამ – Jacobs-მა, გადავწყვიტეთ ახალგაზრდა ლომების მხარდაჭერა. კრეატიული ინდუსტრიის ხელშეწყობა და განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მარკეტინგის სამყაროსთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ამ სფეროს პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება.
რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდული მიმართულების მხარდაჭერას – ვფიქრობთ, რომ მომავალი თაობისა და ინოვაციური მიდგომების წახალისება დღევანდელ სამყაროში აუცილებელია. განსაკუთრებით ახლა, როცა ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ვითარდება, შემოქმედებითი საზოგადოების კონკურენტული უპირატესობის საჭიროება კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება.
M: თქვენი ხედვით, რატომ არის კრეატიული აზროვნება ბიზნესისთვის აუცილებელი და როგორ ეხმარება ის კომპანიებს კონკურენტულ გარემოში?
კრეატიული აზროვნება სწორედ ის კონკურენტული უპირატესობაა, რომელიც ნებისმიერ სფეროსა თუ კატეგორიაში ფუნდამენტურ როლს ასრულებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი სწრაფად მოხმარებადი პროდუქტების (FMCG) სექტორს, სადაც გუნდის შემოქმედებითობა არა მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაზე, არამედ ყოველდღიურ სიახლეებზე, კონკრეტული პროდუქტისა თუ კატეგორიის წარმატებაზე აისახება. შესაბამისად, ისეთი დინამიკური და მზარდი სექტორებისთვის, როგორიც FMCG-ია, კრეატიული მიდგომების გარეშე წარმატების მიღწევა ნაკლებად რეალისტურია.
დღევანდელ მოცემულობაში ინფორმაციის წყარო ულევია და მარკეტოლოგებს ნებისმიერ ანალიტიკურ მონაცემზე მიგვიწვდება ხელი. თუმცა, ამ ინფორმაციის სწორად გადამუშავება და შემდგომ შემოქმედებით ენაზე „გადათარგმნა“ ყველას ერთნაირად არ შეუძლია. ეს გამოსდით მათ, ვისაც კრეატიული აზროვნების წყალობით ჩარჩოებს მიღმა გახედვა და ხელშეუხებელი პერსპექტივების დანახვა შეუძლია.
M: როგორ შეაფასებდით წლევანდელი კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრებს?
წლევანდელი კონკურსი, პირველ რიგში, ძალიან ემოციური და პოზიტიური ენერგიით დამუხტული იყო, რასაც თითოეული დამსწრე ვგრძნობდით. მონაწილეთა ნამუშევრებმა ნამდვილად გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, რაც ღონისძიებაზე ჟიურის მხრიდანაც არაერთხელ გაჟღერდა.
M: შედეგებსა და ზოგად ტენდენციებზე დაყრდნობით, რა ტიპის იდეები იმარჯვებს დღეს და რა აქცევს ნამუშევარს გამარჯვებულად?
ვფიქრობ, ნებისმიერ დროს იმარჯვებს ის იდეა, რომელიც ყველაზე გულწრფელია. ნამუშევარს ყოველთვის ეტყობა, რამდენად ნაფიქრი და დამუშავებულია. შესაბამისად, იმარჯვებს ის, რაც ყველაზე მეტად გეხება, რაც საგრძნობი და, რაც მთავარია, ნამდვილია.
ამასთან, განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ იდეების მნიშვნელობას, რომლებიც სოციალურ ცვლილებებზეა ორიენტირებული. გამარჯვებული ნამუშევარი მხოლოდ „ესთეტიკური“ კი არა, ეფექტიანი უნდა იყოს და კონკრეტული მიზნისკენ მიმართული – რა ტიპის ქცევის შეცვლა სურს კამპანიას, რისი აღქმის გაძლიერებაა კონცეფციის მთავარი ამოცანა და ა.შ.
M: როგორ უწყობს ხელს ძლიერი იდეა ბრენდის ზრდასა და მისი გრძელვადიანი ღირებულების შექმნას?
ეს ისეთი საკითხია, რომელზეც, ალბათ, ცალკე სასწავლო კურსის შექმნაც კი შეიძლება, რადგან ის მარკეტინგის ყველა რგოლსა და ბრენდის განვითარების თითოეულ ნაბიჯს ეხება. ზოგადად, ნებისმიერი ძლიერი ბრენდის უკან ასევე ძლიერი იდეა დგას – მკაფიო, სწორხაზოვანი და კონკრეტული მიზნისკენ მიმართული.
სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ბრენდის შენებისა და აღსრულების პროცესში ყველა ჩართული მხარე ერთიანი იდეით ხელმძღვანელობდეს და საერთო მიზნისკენ მიისწრაფოდეს. ზუსტად ეს არის ბრენდის გრძელვადიანი ღირებულების შექმნის მთავარი გარანტი.
M: რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა ახალგაზრდა კრეატორებისთვის, რომლებიც მომავალში აპირებენ ძალების მოსინჯვას – რა უნდა გაითვალისწინონ?
მთავარია, ზუსტად იცოდეთ, რომ ამ სფეროში საქმიანობა ნამდვილად გსურთ. და თუ ეს ასეა, არასდროს შეწყვიტოთ ძიების პროცესი – ეძიეთ ახალი და აღმოუჩენელი, რათა გაკვალოთ გზა და გაიხედოთ იმ ჩარჩოებს მიღმა, სადაც აქამდე არავის უცდია შეხედვა.
By: Nuka Barbare Chokheli












