in

Cannes Lions Georgia 2026-ის Marketer კატეგორიის ოქროს მფლობელები

კანის ლომების ახალგაზრდული შეჯიბრის Cannes Lions Georgia 2026 ადგილობრივი ეტაპის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. წელს, ინდუსტრიის მხრიდან ინტერესი რეკორდული იყო – კონკურსზე 322 გუნდი დარეგისტრირდა. ხუთ ძირითად კატეგორიაში გამოვლენილი საუკეთესო დუეტები საქართველოს შემოქმედებით ნაკრებს შეადგენენ და ივნისში, საფრანგეთის ქალაქ კანში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

Marketer-ის კატეგორიაში პირველობა კომპანია Signify-ის გუნდმა მოიპოვა. ელენე თანდაშვილისა და თინა ანანიაშვილისთვის შეჯიბრში მონაწილეობა პირველი გამოცდილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ფორმატში მუშაობა და იდეის პროფესიონალურ ბრიფად სტრუქტურირება მათთვის სრულიად ახალ გამოწვევას წარმოადგენდა, სამუშაო პროცესში პარტნიორულმა სინერგიამ და დავალების ავთენტურმა გადაწყვეტამ დუეტს პირველივე ცდაზე ოქროს მედალი მოუტანა. როგორ იპოვეს ინსაითი, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკური აღსრულება თუ მოლოდინის ფაზა და რა სტრატეგიით ემზადებიან ისინი საერთაშორისო ასპარეზისთვის? მარკეტერს ელენე თანდაშვილი და თინა ანანიაშვილი ესაუბრნენ. მათი ნამუშევრის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

M: როგორი შეგრძნებაა ოქროს მოგება და თქვენი ქვეყნის კრეატივის მსოფლიო ჩემპიონატზე წარდგენა?

ელენე თანდაშვილი: სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ არ გვჯერა. მგონი, მართლა ყველა ემოცია ვიგრძენით, რაც კი არსებობს, ბევრი სიხარულის ცრემლით. როდესაც კონკურსში პირველად იღებ მონაწილეობას და ეგრევე ოქროს იგებ, ეს ისეთი შეგრძნებაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია. ახლა ნელ-ნელა ვაცნობიერებთ, რომ ყველაზე მაგარი თავგადასავალი ჯერ კიდევ წინაა. ჩვენი ქვეყნის კრეატივის მსოფლიო ჩემპიონატზე წარდგენა რამდენადაც დიდი პასუხისმგებლობაა, ორჯერ უფრო დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის.

თინა ანანიაშვილი: არაჩვეულებრივი შეგრძნებაა და პირადად მეც მიჭირს იმის დაჯერება, რომ მართლა გავიმარჯვეთ. კონკურსზე რეგისტრაციას რომ გავდიოდით, არც კი მიფიქრია, რომ სახლში ოქროთი დავბრუნდებოდი. პირველად გავედით კონკურსზე, პირველად მოგვიწია ბრიფის დაწერა. რა თქმა უნდა, ამდენ გამოცდილ მონაწილეს შორის იმის ფიქრი, რომ მაინცდამაინც ჩვენ გავიმარჯვებდით, თითქმის წარმოუდგენელი იყო; შესაბამისად, ემოციებიც ძალიან მძაფრია.

ჩვენი ქვეყნის წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე უდიდესი პასუხისმგებლობაა და შევეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ. მგონია, რომ გამარჯვება სწორედ იმ ფაქტორმა მოგვიტანა, რომ ვიყავით ბუნებრივები, შევინარჩუნეთ ჩვენი ავთენტურობა და ზუსტად ასეთი პროდუქტი შევქმენით. კანშიც ზუსტად იგივე შემართებით ვაპირებთ მონაწილეობას.

M: როგორ გადაწყვიტეთ Cannes Lions Georgia-ზე ერთად მონაწილეობა?

ელენე: აქამდე კონკურსში მონაწილეობა არცერთს არ გვქონდა მიღებული, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, რომ ეს ძალიან, ძალიან მაგარი გამოცდილება იქნებოდა. ჰოდა, გადავწყვიტეთ: მოდი, რატომაც არა?!

მე და თინა მარკეტინგის გუნდში ერთად ვმუშაობთ და ზუსტად ვიცოდი, რამდენად კომფორტულია მასთან ერთად საქმის კეთება. ზოგადად ვფიქრობ, რომ სწორი პარტნიორის ყოლა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ამ საინტერესო პროცესში. როცა მომწერა, ერთად გავიდეთო, დაუფიქრებლად დავთანხმდი და მერე უკვე მთელი პროცესიც ზუსტად მაგ მუხტით წარიმართა.

თინა: რეგისტრაცია რომ გამოცხადდა, სამსახურში ჩვენმა გუნდის წევრებმა გვირჩიეს, გადით, ბედი სცადეთ, კარგი გამოცდილება იქნებაო. ზოგადად, საქმეში მე და ელენე არაჩვეულებრივად ვეწყობით ერთმანეთს, ამიტომაც არჩევანი მარტივი იყო. ამასთან, მას აქვს მრავალპროფილური გამოცდილება და საკმაოდ ინოვაციური ინიციატივებით გამოირჩევა, შესაბამისად, პარტნიორის შერჩევაზე ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია. ვფიქრობ, პარტნიორული ქიმიაც საკმაოდ გვაქვს და ერთნაირად შრომისმოყვარულებიც ვართ.

M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე და როგორი იყო მუშაობის პროცესი?

ელენე: ბრიფი როგორც კი მივიღეთ, მაშინვე დავიწყეთ ბრიფიდან ინსაითების ამოღება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამარჯვებული იდეა პირველივე ჯერზე გაგვიჩნდა, მაგრამ არ გვინდოდა, პირდაპირ ამ ვარიანტზე გავჩერებულიყავით. ბევრი ვცადეთ, რამდენიმე სხვა იდეაც განვიხილეთ, თუმცა ისე არცერთმა არ აგვინთო ცეცხლი, როგორც პირველმა.

მუშაობის პროცესში თინა რაღაცას იტყოდა, მე იქიდან ვაგრძელებდი და განწყობით თუ ქიმიით ისე დავემთხვიეთ ერთმანეთს, რომ სუპერ-კომფორტული პროცესი გამოვიდა. თვითონ ბრიფის დაწერაზე პირველად ვიმუშავეთ და სიმართლე გითხრათ, მაგ ნაწილზე ძალიან ვიწვალეთ. კვირას, საღამოს 9 საათზე, ნამუშევარი რომ გავაგზავნეთ, ორივე სრულიად გადამწვარი ვიყავით, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა – იმდენად საინტერესო იყო თავად პროცესი.

თინა: ინსაითი დავალებიდან საკმაოდ მარტივად ამოვიღეთ და პროდუქტიც ასევე მარტივად შევკარით – იმდენად მარტივად, რომ ფაქტობრივად გვინდოდა ვინმეს ეთქვა, არ ვარგა, თავიდან მოიფიქრეთო. კარგად ავაწყვეთ: ხან მე ვიტყოდი რაღაცას, ელენე თავის მხრივ ამატებდა და ასე, აგურ-აგურ ავაშენეთ.

ყველაზე რთული ნაწილი მაინც ამ იდეის ფურცელზე სწორად გადმოცემა და მკითხველამდე ემოციის მიტანა იყო. გვინდოდა, ჩვენი თავი კარგად გამოგვეხატა და ამავდროულად, საკმაოდ პროფესიონალური ბრიფი შეგვეკრა. ამას ის ფაქტორიც ართულებდა, რომ აქამდე ბრიფის წერის გამოცდილება არ გვქონდა და ვხვდებოდით, რომ თითოეულ სიტყვას უნდა დავკვირვებოდით.

მთლიანობაში, მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნამუშევარი თავად მოგვწონდა, მაინც ვცდილობდით, მიკერძოება გვერდით გადაგვედო და ყველაფრისთვის კრიტიკული თვალით შეგვეხედა.

M: რა იყო ყველაზე რთული ნაწილი Cannes Lions Georgia-ზე მონაწილეობისას?

ელენე: ტექნიკურად, ალბათ, იდეის ფურცელზე ზუსტად გადატანა იყო რთული. მაგრამ ემოციურად – უპირობოდ, მოლოდინის რეჟიმი. ფრაზა „რა მოითმენს პარასკევამდე“ ყველას პირზე გვეკერა და ალბათ ამიტომაც გაიწელა ის კვირა ასე ძალიან; მეგონა, პარასკევი არასდროს დადგებოდა. თუმცა, ლოდინის ეს სტრესი ერთ წამში შეიცვალა სასწაული ემოციით, როცა გამარჯვებულად Signify გამოაცხადეს.

თინა: აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს, ჩემთვისაც ყველაზე რთული მოლოდინის ფაზა იყო. განსაკუთრებით კი უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიის ის ბოლო წამები, როცა ვერცხლისა და ბრინჯაოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ და თავში მხოლოდ ერთი ფიქრიღა ტრიალებდა: „ან ყველაფერი, ან არაფერი“.

M: რას ნიშნავს თქვენთვის კანის ლომებზე საქართველოს სახელით ასპარეზობა?

ელენე: კანის ლომებზე საქართველოს სახელით წასვლა ერთდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა და სასწაული გრძნობაა. ვიცი, რა საოცარი გამოცდილებაც გველოდება და თან იმასაც ვაცნობიერებ, რომ რეალობა ჩემს მოლოდინებსაც კი ბევრად გადააჭარბებს.

ჯერ კიდევ ცოტა დაუჯერებელია, რომ ეს მართლა ხდება და ჩვენ მივდივართ. ალბათ ფიზიკურად რომ ჩავალთ და იმ გარემოში აღმოვჩნდებით, მერე მერე უფრო რეალურად აღვიქვამთ ამ ყველაფერს. ახლა მხოლოდ ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება ეს თავგადასავალი და როდის გამოვცდით საკუთარ თავს ამხელა კრეატიულ სამყაროში.

M: წინ მსოფლიო ტურნირი გელით – როგორ გეგმავთ მომზადებას და მიღებული გამოცდილებიდან რას გაითვალისწინებდით?

ელენე: პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ წინა წლების გამარჯვებულ ნამუშევრებს ძალიან დეტალურად გავეცნობით. ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანების გამოცდილების მოსმენაც, ვინც უკვე იყო კანში და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა.

რაც შეეხება აქ მიღებულ გამოცდილებას, ჩვენთვის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ჩვენს საერთო ქიმიას და გუნდურობას აქვს ყველაზე დიდი ძალა. ამიტომ, მსოფლიო ტურნირზეც ზუსტად იმავე ენერგიით, განწყობითა და ხასიათით ვაპირებთ მუშაობას, რითაც აქამდე მოვედით; დანარჩენი კი – უბრალოდ უნდა მივყვეთ პროცესს და ბოლომდე ვისიამოვნოთ ამ ძალიან მაგარი თავგადასავლით.

თინა: ვეთანხმები ელენეს. ალბათ ერთადერთი, რასაც დავამატებდი, არის ის, რომ ჩვენს პროდუქტზე დაკვირვებას გავაასმაგებდით – რა არის ის ემოციური ნაწილები, რომლის მოჭიდებაც შეიძლება. ვფიქრობ, ემოციის სწორად გადმოცემა სწორედ ის მთავარი ფაქტორია, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაგვეხმარება.

Marketer კატეგორიის წარმდგენია თიბისი.

Journalist: Nuka Barbare Chokheli

Content & Visuals: David Kupatadze

Peggy Gou-ს ლაივი თბილისში

3D VR ტური დომუს ნეაში