in

Cannes Lions Georgia 2026-ის PR კატეგორიის ოქროს მფლობელები

კანის ლომების ახალგაზრდული შეჯიბრის Cannes Lions Georgia ადგილობრივი ეტაპის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. წლევანდელი კონკურსი ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით მასშტაბური აღმოჩნდა – მასში 322-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ხუთ ძირითად კატეგორიაში: Print, PR, Digital, Film და Marketer. გამოვლენილი საუკეთესო შემადგენლობები საქართველოს შემოქმედებით ნაკრებს შეადგენენ და ივნისში, საფრანგეთის ქალაქ კანში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

PR-ის კატეგორიაში წელს პირველი ადგილი Indmetsarme-ის გუნდმა დაიკავა, ანა თედიაშვილისა და საბა ლეკიაშვილის შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ გუნდის წევრებს საერთაშორისო ასპარეზზე განსხვავებული გამოცდილება აქვთ: თუ საბასთვის ეს პირველი ოქროს მედალი და საქართველოს ნაკრებში მოხვედრის დიდი ხნის მიზნის მიღწევაა, ანასთვის კანის სცენა უკვე ნაცნობია – 2024 წელს მან Film კატეგორიაში მსოფლიო ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

PR კატეგორიის წარმდგენია მაკდონალდს საქართველო.

საკონკურსო დავალება ბავშვობის საყვარელ ბრენდს უკავშირდებოდა. გუნდმა შეძლო, საწყისი ნოსტალგია რაციონალურ, უნიკალურ საკომუნიკაციო იდეად გარდაექმნა და შუა პროცესში გაჩენილი კითხვის ნიშნები ობიექტური ანალიზით დაეძლია. რა უპირატესობა აქვს გამოცდილ პარტნიორთან მუშაობას და რა სტრატეგიით ემზადება Indmetsarme-ის გუნდი მსოფლიო ტურნირისთვის? PR კატეგორიის გამარჯვებულები მარკეტერს თავიანთი გამოცდილების შესახებ ესაუბრნენ. მათი ნამუშევრის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

M: პირველ რიგში, გაგვიზიარეთ ემოციები – როგორი შეგრძნებაა ოქროს მოგება და ქვეყნის წარდგენა მსოფლიო შეჯიბრზე?

საბა: ჩემთვის, თანაგუნდელისგან განსხვავებით, ეს პირველი ოქროს მედალია და დაჯილდოების ცერემონიაზე ეკრანზე ჩვენი სახელებისა და გვარების დანახვა სრულიად განსაკუთრებული მომენტი იყო. პირველ რიგში, სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რადგან მუშაობის პროცესში ჩვენს იდეასთან ძალიან დიდი ემოციური ბმა გაგვიჩნდა და ბოლოს უკვე საკუთარ თავებზე მეტად სწორედ მას ვგულშემატკივრობდი. ამ სიამაყეს უდიდესი სიხარულიც მოჰყვა – აქამდე ორჯერ ვიყავი ოქროს მედალთან ასე თუ ისე ახლოს და, საბოლოოდ, ამ მიზნის მიღწევა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.

ანა: მიუხედავად იმისა, რომ პირველი გამარჯვება არ ყოფილა, ეს ემოცია ჩემთვის მაინც ახალი იყო. ორი წლის წინ მონაწილეობას Film კატეგორიაში ვიღებდი. მაშინ ეს ჩემთვის სრულიად პირველი და, ვიტყოდი, ძალიან საჭირო გამოცდილება იყო. სწორედ მაშინ გავიაზრე, რამდენად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, როცა საკუთარი თავის, ერთმანეთისა და იდეის გვჯერა.

ძალიან მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობისთვის, რომ კრეატივის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყანა უკვე მეორედ უნდა წარვადგინო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე ქვეყნის სახელით ვბრუნდები და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც გაათმაგებულია.

M: როგორ აღმოჩნდით ერთ გუნდში Cannes Lions Georgia 2026-ზე?

საბა: მე და ანა ერთმანეთს ბევრი წელია ვიცნობთ, მეგობრები ვართ. ჯერ კიდევ “საქართველოს ბანკში” გვიმუშავია ერთად დიდ პროექტებზე, თუმცა კლიენტის მხარეს. მოგვიანებით, როგორც დამოუკიდებელ კრეატიულ ჯგუფს, ბევრ პროექტზე გვითანამშრომლია, ამიტომ ერთმანეთის პოვნაში დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ დაგვჭირვებია. ჯერ კიდევ შარშან შევთანხმდით, რომ კონკურსში მონაწილეობას ერთად მივიღებდით.

ანა: რადგან ერთად ბევრ პროექტზე გვიმუშავია, ზედმიწევნით კარგად ვიცით ერთმანეთის როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები. სამუშაო პროცესში ძალიან შეთამაშებულები ვართ და ასეთ დროს იდეის აშენება ბევრად მარტივია. ამ ყველაფერთან ერთად, მეგობრები ვართ, რაც პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. წინა შემთხვევაშიც, როცა მარიტასთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას, ზუსტად ასე ვიყავით. მნიშვნელოვანია ბევრი საუბარი, იდეების მუდმივი გაცვლა და ხანდახან ერთმანეთისთვის შემართების მიცემაც.

M: როგორი იყო მუშაობის პროცესი?

საბა: ბრიფზე მუშაობა თავიდან საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან პრობლემა კომპლექსური იყო. ამასთან, დავალება ეხებოდა ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთ უსაყვარლეს ბრენდ „მაკდონალდსს“, რომელთანაც უამრავი მოგონება გვაკავშირებდა. თუმცა, საბოლოოდ სწორედ ეს ნოსტალგია გადაიქცა ჩვენს იდეად.

თვითონ საკონკურსო დღეები, როგორც ყოველთვის, ნერვიული და მრავალი კითხვის ნიშნით სავსე იყო. თუმცა, რადგან ეს ყველაფერი არაერთხელ გვაქვს გამოცდილი, სტრესთან გამკლავების გზებიც მეტ-ნაკლებად მოფიქრებული გვქონდა. საბოლოო ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო.

ანა: იდეამდე შედარებით მარტივად მივედით. ჩვენთვის „მაკდონალდსი“ პირდაპირ ასოცირდება ბავშვობასთან, ამიტომ გადავწყვიტეთ, სრულიად განსხვავებული გზა აგვერჩია – თუმცა, ის, რომ ჩვენი გზა მართლაც განსხვავებული იყო, მხოლოდ ბოლოს აღმოვაჩინეთ.

ბრიფი ძალიან კარგად გავიაზრეთ და ინსაითიც მალევე ვიპოვეთ. მუშაობის პროცესში ყოველთვის ყველაზე მეტი კითხვა სწორედ იდეის ნაწილში ჩნდება ხოლმე: რამდენად ახალია? ხომ არ მეორდება აღსრულება ან მექანიკა? ამის თავიდან ასაცილებლად, ფიქრის დაწყებამდე მაქსიმალურად ყველა არსებული იდეა განვიხილეთ და ჩამოვწერეთ. ცოტა გავრისკეთ კიდეც – ფიქრის პროცესში არ შეგვშინებია ბევრი „არას“ თქმის და შევძელით, ეს მიდგომა ბოლომდე შეგვენარჩუნებინა.

კითხვები ჩვენს საბოლოო იდეაზეც გვქონდა, თუმცა ვგრძნობდით, რომ ის ზუსტად პასუხობდა ბრიფს და თან იყო რაღაც ისეთი, რაც მანამდე არ გვქონდა ნანახი. ამიტომ, მისი განსაკუთრებულობის ბოლომდე დავიჯერეთ.

M: რა იყო ყველაზე რთული Cannes Lions Georgia-ზე მონაწილეობისას?

საბა: ყველაზე რთული ნებისმიერ კონკურსზე მოზღვავებულ ემოციებთან გამკლავებაა. ერთ მომენტში შეიძლება შენს იდეაზე ძალიან აენთო, მეორე წუთში კი უკვე იფიქრო, რომ ძალიან ცუდია. ამიტომ, კონკურსის განმავლობაში რამდენჯერმე შეგნებულად გადავდგით ერთი ნაბიჯი უკან და ჩვენს იდეას ფართო მასშტაბით შევხედეთ. ბევრი კუთხით დავუსვით მას კითხვები და ვეცადეთ, გადაწყვეტილებები ემოციების ნაცვლად, რაციონალურად მიგვეღო.

ანა: სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის ყველაზე რთული ის მომენტია, როცა იდეის შერჩევის შემდეგ, შუა სამუშაო პროცესში, მოულოდნელად კითხვის ნიშნები ჩნდება. ალბათ, სწორედ ეს ეტაპი უნდა გადალახო და მუშაობა გააგრძელ –  ბევრი კითხვა დასვა, ისაუბრო, განიხილო… მაგრამ მაინც გააგრძელო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ორივე დარწმუნებული ხართ, რომ დავალებას ზუსტად პასუხობთ და ნამუშევარში თქვენი ხასიათიც იგრძნობა.

M: რას ნიშნავს თქვენთვის კანის ლომებზე საქართველოს სახელით ასპარეზობა?

საბა: ჩემი ბავშვობის ოცნება საქართველოს ნაკრებში მოხვედრა იყო, ოღონდ მაშინ ეს უფრო მეტად სპორტული პროფილით წარმომედგინა. ახლა კი საქართველოს ნაკრების წევრი იმ პროფილით გავხდი, რომელიც ჩემი ყოველდღიურობაა და ძალიან მიყვარს. შევეცდებით, საქართველოს დროშა ამ ინდუსტრიის უდიდეს სცენაზე გამოვაჩინოთ. რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა შანსს, რომელიც საქართველოს მსოფლიო რუკაზე ააკაშკაშებს.

ანა: საქართველოს სახელით ასპარეზობა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რაც კი ცხოვრებაში მქონია. 2024 წელს, როცა კანში Film კატეგორიაში ბრინჯაო მოვიპოვეთ და გამარჯვებულებს აცხადებდნენ, მახსოვს, პირველი, რაც ეკრანზე დავინახე, სიტყვა Georgia იყო. გააზრებულიც არ მქონდა, რომ ეს ჩვენი შედეგი იყო. ჩემთვის საუკეთესო მომენტი იქნება, თუ საქართველოს სახელს კანის დიდ სცენაზე ისევ დავინახავ.

ზუსტად ვიცით, რამდენი ადამიანი გვგულშემატკივრობს. მჯერა ჩვენი შესაძლებლობების და იმ განსაკუთრებული ემოციის, რაც ჩვენი საქმის მიმართ გვაქვს.

M: როგორ გეგმავთ მსოფლიო ტურნირისთვის მომზადებას?

საბა: პირველ რიგში, წინ ჩვენი კატეგორიის უკუკავშირის სესია გველოდება, სადაც ჟიურისგან მოვისმენთ, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთესად. ასევე, წინა გამოცდილებაც ძალიან დაგვეხმარება იმის გასაანალიზებლად, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, კატეგორიის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქტიურად უნდა ვიმუშავოთ აღსრულების სხვადასხვა მექანიკასა და სტრუქტურაზე, რადგან იდეის უნიკალურობასთან ერთად, სწორედ ეს ნაწილი იქნება გადამწყვეტი.

ანა: მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა რჩევა გავითვალისწინოთ. ჩვენ თავადაც განვიხილეთ ჩვენი ნამუშევარი და, რა თქმა უნდა, ვიცით, რისი გაუმჯობესება შეიძლება. უბრალოდ მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ქვეყნის სახელით კანის ლომებზე ვიასპარეზოთ. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ჩვენც შესაბამისად ვემზადებით.

PR კატეგორიის წარმდგენია მაკდონალდს საქართველო.

 

Journalist: Nuka Barbare Chokheli

Content & Visuals: David Kupatadze

Slack-ში მნიშვნელოვანი AI-განახლებებია ყოველდღიური სამუშაოს გასამარტივებლად

„ბაკურიანი“ X გიორგი მიქაუტაძე – თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ლიმიტირებული შეფუთვა შეიქმნა