in

როგორ მოუტანა საქართველოს პირველი გრან პრი Cannes Lions-ზე Metro Production-ის ნამუშევარმა!

2024 წლის 21 ივნისი ქართული კრეატიული ინდუსტრიის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ეს ის დღეა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, სარეკლამო სფეროს უმაღლესი ჯილდო მოვიპოვეთ – გრან პრი კანის ლომების კრეატიულ ფესტივალზე. დაუვიწყარია მომენტი, როდესაც Cannes Lions-ის სცენაზე ქართველმა კრეატორებმა ქართული დროშები ააფრიალეს. გამარჯვებული კამპანია Metro Production-მა შექმნა Innocean Berlin-თან თანამშრომლობით, სადაც ასევე ქართველი კრეატორები მუშაობენ.

„პირველი გრან პრი საქართველოსთვის ეს არის განცდა სიამაყის, გამარჯვების, მადლიერების… ძალიან რთულია ამ ყველაფრის გადმოცემა. წუთი, როცა ვუყურებდით ჩვენ ნამუშევარს მსოფლიო მასშტაბის სცენაზე, ვკითხულობდით ჩვენს სახელს ეკრანზე იყო გარდამტეხი ჩვენს გზაზე. ერთიანად მოვიდა გამარჯვების ენერგია, ახალი ნაბიჯების მოტივაცია და ამ ერთ წამში თვალწინ გაირბინა მთლიანად იმ გზამ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა“.

გამარჯვების სიხარულსა და გრან პრის მფლობელი კამპანიის დეტალებზე Metro Production-ის დამფუძნებლები, მაია გურაბანიძე და სანდრო გაბილაია და Innocean Berlin-ის მოუშენ დიზაინერი სანდრო ალექსიძე გვიყვებიან.

M: პირველი გრან პრი საქართველოსთვის – როგორი განცდაა ეს თქვენთვის?

მაია & სანდრო: ძალიან რთულია ასახსნელად. უცბად აცნობიერებ, რომ ის, რაც ჩვენ შევქმენით, რაც ჩვენ ხელში დაიბადა საქართველოში, ისე გაგვიზრდია და გაგვივითარებია, რომ დღეს, მსოფლიო სცენაზე დგას და საქართველოს დროშების ფრიალის საშუალებას გვაძლევს! ეს ისეთი სიამაყის შეგრძნებაა… დაუვიწყარია… რამდენჯერაც ვიხსენებ, იმდენჯერ აუხსნელი ენერგიები მოდის ტვინში, სხეულში და კიდევ უფრო ძლიერდება რწმენა, რომ გულწრფელ სიყვარულსა და შრომას შედეგი მოაქვს და ახლა, ტვინში მხოლოდ ის მიტრიალებს, ეს ენერგიები კიდევ უფრო სწორი მიმართულებით მოვმართოთ და კიდევ ბევრჯერ ვიამაყოთ ერთად.

სანდრო ალექსიძე: გრან პრი კანზე არის ძალიან კარგი ამბავი, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართველ ედვერთაიზერებს და ზოგადად, არტისტებს უცხოურ ბაზარზე გასასვლელად გაგვაჩნია გარკვეული ბარიერები, რომლებიც უნდობლობასთან არის დაკავშირებული. გრან პრის ამბავმა უკვე რამდენიმე ბარიერი ჩამოანგრია და ბევრად მეტი შესაძლებლობა გაგვიხსნა, რომ უცხოურ ბაზარზე დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილები.

თავიდანვე, როდესაც ბრიფი ჩემამდე მოვიდა, მივხვდი, ეს იქნებოდა ჩემ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, არა მასშტაბით, არამედ სიმბოლურად. კანის კონკურსზე გაგზავნამდე 7 დღის განმავლობაში გადაბმულად 14-16 საათს ვმუშაობდი დღეში, იმის მიუხედავად, რომ ამას არავინ არ მთხოვდა. უბრალოდ, მინდოდა ბოლომდე იდეალურად მექცია ჩემი წვლილი ამ პროექტისთვის. როდესაც გრან პრის შესახებ გავიგე, რომ კანის ფესტივალზე უნდა ავსულიყავი სცენაზე, ეგრევე გავვარდი და დროშა ვიყიდე, ვიცოდი, კრეატიული ინდუსტრიის დიდი აუდიტორია დაინახავდა საქართველოს დროშას.

M: რა ნომინაციაში აიღეთ ჯილდო და რას ნიშნავს შენთვის ეს ნომინაცია?

სანდრო ალექსიძე: “awards for good” ჯილდო ავიღეთ. ეს კატეგორია აღიარებს კრეატიულობას რომელსაც მოაქვს დადებითი გავლენა არა მხოლოდ ბიზნესზე და ბრენდებზე არამედ მთელი დედამიწისთვის.

მოგეხსენებათ, რომ 2024 წელი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი დემოკრატიისთვის რადგან 80-მდე ქვეყანა და 4 მილიარდ ადამიანამდე აპირებს არჩევნებზე ხმის მიცემას, ჩვენი პროექტის ინსაითი კი პირდაპირ ამ მოვლენასთანაა დაკავშირებული. ვიდეოში ვიგებთ პუტინის, ერდოღანის და მადუროს პირველ გამოსვლას, სადაც ამბობენ თავიანთ პოლიტიკურ დაპირებებს, ხოლო მაყურებელი უთქმელად ხვდება, თუ რა ხდება რეალობაში და თუ როგორ გვაქცევენ ასეთი ყალბი დემოკრატიის ლიდერები მანიპულაციის ქვეშ მსგავსი გამოსვლებით. ეს პროექტი უმიზნებს ამ პრობლემის ცნობადობის ამაღლებას, რათა ხალხი აღარ მოტყუვდეს ცრუ მედიით და ისეთ წყაროებს ენდოს, რომელსაც სანდო ჟურნალისტები გამოსცემენ.

მაია & სანდრო: ეს ჯილდო განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობის არის. სხვა ნომინაციებიდან გამოირჩევა იმით, რომ არ არის კომერციული. ის მოიცავს სოციალურ კამპანიებს, რომლებსაც საზოგადოებისთვის და სამყაროსთვის მოაქვს სარგებელი და ემსახურება რაიმე პრობლემის გადაჭრას. ამიტომ გაცდა ეს ინდუსტრია რეკლამის ჭრილს, რადგან ზოგადად ინდუსტრია იმხელა ძალა გახდა და იმდენი რესურსი გააჩნია, რომ შეუძლია საზოგადოებაზე სასიკეთოდ იმოქმედოს. ყველა სააგენტო, რთული რეჟიმის მიუხედავად, ცდილობს გუნდებს დაუტოვოს დრო, პრობლემატური ბრიფები საფესტივალოდ და განსხვავებული კრეატიული ხერხებით, იპოვონ გამოსავალი, მოიფიქრონ რაც შეიძლება საინტერესო გადაწყვეტა. ამიტომაც აღსრულების ნაწილს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა, რომ იყოს, რაც შეიძლება ღრმა, დეტალიზებული და კრაფტული. აქედან გამომდინარე, ეს არის უმაღლესი ჯილდო ამ ფესტივალზე. ამიტომაც ძალიან დაფასდა ჩვენი, როგორც ფროდაქშენის წვლილი.

M: შენ გარდა, Innocean Berlin-ში სხვა ქართველებიც მუშაობენ, როგორი იყო თქვენი როლი კამპანიის შექმნისას? 

სანდრო ალექსიძე: ჩემი როლი ვიზუალურ სტილის ძიება იყო, ჩემს Head of art-თან, Willian Cega-თან ერთად. ვიზუალური სტილი უნდა მეპოვა მთლიანი პროექტისთვის და გადამეთარგმნა პოსტერებში, ქეის ფილმში და სამივე გადაღებულ ფილმში, ასევე ქეის ვიდეოში, რომელიც ამ პროექტთან ერთად გაიგზავნა კანის კონკურსზე. რაც ყველაზე მთავარია, მე მერგო სამივე ვიდეოს იდეალურობამდე დამუშავება და კანზე გასაგზავნად გამზადება.

Innocean Berlin-ში, ჩემთან ერთად მუშაობს მერი გიორგობიანი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ პროექტში, რადგან სწორედ დამსახურებით შედგა Metro Production-თან კონტაქტი, რითაც გაიზარდა ამ პროექტში ქართველების საერთო რაოდენობამ და შეტანილმა წვლილმა.

M: კამპანიის ფარგლებში, როგორ შედგა Metro Production-ის თანამშრომლობა, Innocean Berlin-თან?

მაია & სანდრო: გერმანულ სააგენტოებთან და ფროდაქშენებთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ჩვენი გერმანელი აღმასრულებელი პროდუსერი ბერლინიდან მუშაობს კომპანიისთვის საერთაშორისო პროექტების გამოგზავნაზე.

პროექტის სირთულისა და მრავალფეროვანი ადგილმდებარეობის საჭიროების გამო, საქართველო იდეალური სივრცე იყო გადაღებებისთვის. ამჯერად, Metro Production Innocean Berlin-ს მერი გიორგობიანმა ურჩია. პირველი გასაუბრების და პროექტის გაცნობის შემდეგ, ჩვენც ავენთეთ და შევუდექით საქმეს. ასეთი პროექტები განსაკუთრებით გვიყვარს და სულ სხვა დამოკიდებულებით გვავსებს, რადგან არაკომერციულია და სრულად შემოქმედებით პროცესში გვძირავს. ასეთ პროექტებს projects for soul-ს ვეძახით.

M: თავად კამპანიაზე მოგვიყევით და რას ეხებოდა და რაზე იმუშავა Metro-ს გუნდმა?

მაია & სანდრო: ეს არის უდიდესი ჟურნალისტური მოძრაობა reporters without borders, რომის მთავარი ამოცანაა იყოს, რაც შეიძლება ობიექტური და საზოგადოებას მიაწოდოს რეალური და მიუკერძოებელი ინფორმაცია. ეს კამპანია გახლდათ დიქტატურაზე და ზოგადად, როგორ ეიძლება არასწორი რაკურსით და კონტექსტით მონათხრობმა  საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. სამი ქვეყნის ისტორიიდან (რუსეთი, თურქეთი, ვენესუელა) ჩვენთან ორი გადავიღეთ. პროექტი არაკომეციული გახლდათ და ბიუჯეტიც მცირე იყო, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდის ყველა წევრმა განსაკუთრებული დამოკიდებულებით იმუშავა.

შუალედურმა ფროდაქშენმა Stinks Berlin-მა გამოუშვა საკმაოდ ახალგაზრდა ოპერატორი და რეჟისორი, რომლებსაც ქართული შემოქმედებითი ჯგუფი გვერდში დაუდგა და ყველა დეტალი კადრში თუ კადრს მიღმა, სიღრმისეულად დაუმუშავა. ამ პროექტის გუნდის წევრების უზარმაზარი დამსახურებაა ასეთი მასშტაბის წარმატება. განსაკუთრებული მადლობა ყველა მათგანს, რადგან მათი განსაკუთრებული შრომის შედეგია ეს წარმატება.

M: რას შეცვლის ეს ჯილდო Metro Production-თვის და მთლიანობაში, ქვეყნისთვის?

მაია & სანდრო: შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე შეცვალა – დღეს, Metro Production არის გუნდი, რომელმაც ისტორია დაწერა და ქვეყანას უდიდესი წარმატება მოუტანა. ამასთან ასმაგად გაიზარდა ჩვენი პასუხისმგებლობა. ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რამხელა
რამ მოხდა თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი კომპანიისთვის და ზოგადად ამ ინდუსტრიისთვის საქართველოში.

დიდი ხანია, ჩვენი კომპანიის მიზანია ამ ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე საქართველოც მოვნიშნოთ, ვცდილობთ საერთაშორისო ბაზარზე გავიყვანოთ არამარტო ჩვენი კომპანია არამედ მთელი ქვეყანა. გზა საკმაოდ რთულია, მარტივად არცერთი დღე არ გაგვივლია, მაგრამ ეს ფაქტი ერთი ათად დააჩქარებს პროცესს. პირველ რიგში, გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ცნობადობა. Metro Production, პორტფოლიოში გრან პრით, დიდი საერთაშორისო კომპანიების გვერდით ამაყად იდგება ნებისმიერ კონკურენციაში. ამ ჯილდოს პარალელურად, გაასმაგებული მუშაობა მოგვიწევს საკუთარ თავებზე. ახლა, სულ სხვა მოთხოვნები გაჩნდება ჩვენ მიმართ და ამ მიმართულებით, სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. გამარჯვების ემოცია ახალი მოტივაციის საწყისია, ეს ახალი ენერგიებიც ძალიან საჭიროა ამ რთულ სამუშაო რეჟიმში. ეს მარტო ჩვენი გამარჯვება არაა, ეს არის ქვეყნის წარმატება. ეს სხვა ფროდაქშენებისა და სააგენტოებისთვისაც იქნება ახალი შესაძლებლობების გახსნის გზა, რადგან შემოქმედებითი ინდუსტრიის რუკაზე მოინიშნა საქართველო. ვფიქრობთ, ძალზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური იყო დროშის ფრიალიც სცენაზე, რადგან დღეს, ქართველმა უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება და ქვეყნის სათქმელი თქვას საზღვრებს გარეთ.

ვულოცავთ მთელ საქართველოს და მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენ გვერდით დგას. თითოეული მათგანის წვლილია ამ წარმატებაში! წლების წინ ჩვენ ხელში დაიბადა საქართველოში ფროდაქშენ მიმართულება და დღეს უკვე ძალიან წარმატებულები ვაგრძელებთ ამ გზას.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

29 ივნისს, თბილისში, ღვინის გამოფენა-გაყიდვა „ღვინის შაბათი“ გაიმართება!

როგორ იქცა ტაიპო ბრენდის სახელწოდებად? — UNIQLO