სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის – კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის „Cannes Lions 2017”-ის ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი, თბილისში პირველ აპრილს დაიწყება. კონკურსის გენერალური პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი “ბიჯეო” ( BGEO group).
ხუთი გამარჯვებული გუნდი 2017 წლის ივნისში, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სახელით, მსოფლიოს საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებს. კანის ფესტივალში მონაწილეობის შესაძლებლობა და მასში მონაწილეობისთვის მზადება წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, არამხოლოდ ქართული სარეკლამო ინდუსტრიისთვის. შესარჩევი კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტებით. რა მოლოდინები აქვთ კონკურსის ჟიურის პრეზიდენტებს, რა იქნება მათთვის პრიორიტეტული კრიტერიუმი საკუთარ კატეგორიაში ნამუშევრების შეფასებისას, რა სიახლეებია წინა წელთან შედარებით და რა მდგომარეობაა ამ ხუთი კატეგორიის მიმართულებით საქართველოში. ამ თემებზე ჟიურის პრეზიდენტების კომენტარებს გთავაზობთ.
გიგა ხატიაშვილი – ჟიურის პრეზიდენტი “დიზაინის” კატეგორიაში
“ჩემმა მიმართულებამ – გრაფიკულმა დიზაინმა, ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან დიდი ზრდა განიცადა საქართველოში, არსებობს უამრავი ხარვეზი, მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ძალიან კარგად ვახდენთ სხვადასხვა სტილის იმიტაციას, თუმცა ჯერ ჩვენს საკუთარ სტილს ვერ ვფლობთ. თუ შენ ხარ მუსიკოსი და შეგიძლია კარგად დაუკრა შოპენი ან ბახი, ეს უკვე არის გზა წარმატებისკენ და შენ ოდესღაც შეიძლება კარგი კომპოზიტორიც გახდე, მსგავსი მოცემულობაა დიზაინის შემთხვევაშიც. შემიძლია ვთქვა, რომ მიმბაძველობა კარგად არის ჩვენთან განვითარებული, კარგი გაგებით მიმბაძველობა. კანის შესარჩევ კონკურსზე, დიზაინის მიმართულებით ნამუშევრების შეფასებისას, ჩემთვის პრიორიტეტული კრიტერიუმია ავთენტურობა. მინდა ვთქვა ის, რომ სურვილი მაქვს, დიზაინი ატარებდეს ავთენტურ ხასიათს, ანუ გასაგები იყოს რომ ეს არ არის ევროპული, ან ამერიკული, ან აზიური დიზაინი, არამედ არის ქართული წარმომავლობის ნიშნების მატარებელი. ჩვენ გვყავს უცხოელი ჟიურის წევრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ მათ დაინახონ ჩვენი ინდივიდუალობა და ავთენტურობა.”
დავით გოგიჩაიშვილი – ჟიურის პრეზიდენტი “ვიდეო რეკლამის” კატეგორიაში
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს წელს პირველად მოუწევთ “ვიდეო რეკლამის” კატეგორიაში შეჯიბრება, ველოდები, რომ კარგ შედეგებს მივიღებთ. ამ დროისთვის 24 გუნდია დარეგისტრირებული, რაც გვაძლევს იმის პირობას, რომ კონკურენციის პირობებში გამოვლინდეს საუკეთესო და საუკეთესო გუნდმა წარმოადგინოს კანში ჩვენი ქვეყანა. “ვიდეო რეკლამის” კატეგორიის ნაშრომების შეფასება ხდება 3 კრიტერიუმით: იდეა (კრეატიულობა), შესრულება და რამდენად პასუხობს ნაშრომი ბრიფს. ვფიქრობ სამივე კრიტერიუმი თანაბრად მნიშვნელოვანია შეფასების დროს.კანის ახალგაზრდა ლომების ფესტივალი წელს მესამედ ტარდება საქართველოში. შეჯიბრებითობამ და კონკურენციამ განაპირობა ის, რომ პერიოდში სარეკლამო ინდუსტრია საკმაოდ სწრაფი ტემპით განვითარდა. ყველას კარგად გვახსოვს ქართული სარეკლამო სააგენტოების ბოლო დროს მიღწეული წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. ეს კი იმის შედეგია რომ ქართული სარეკლამო სააგენტოები აქტიურად მონაწილეობენ დიდ საერთაშორისო ფესტივალებზე. ლოკალური ფესტივალი ტარდება რათა შევძლოთ საუკეთესოს გამოვლენა და საუკეთესომ დაიცვას ქვეყნის ღირსება კანში. შესაბამისად მნიშვნელოვანია საუკეთესოს გამოვლენაში მონაწილეობა მიიღოს უცხოურმა ჟიურიმაც.
გიორგი პოპიაშვილი – ჟიურის პრეზიდენტი “ბეჭდური რეკლამის” კატეგორიაში
“ჩემს კატეგორიაში – ბეჭდური რეკლამა, წინა წელთან შედარებით, წლევანდელ შესარჩევში გაორმაგებულია მონაწილეთა რაოდენობა, რაც კარგი მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ დაინტერესება იზრდება. ჟიურიში დაგვემატნენ სფეროში გამორჩეული პროფესიონალები ნიუ იორკიდან, გერმანიიდან. იმედი მაქვს რომ ნამუშევრების მხრივაც პროგრესს აღმოვაჩენთ, წინა წელთან შედარებით და ხარისხობრივად წინ წავალთ, ამ კატეგორიაშიც და სხვა კატეგორიებშიც. მოლოდინების ქონა და პროგნოზების გაკეთება რთულია, მხოლოდ, შემიძლია ვიმედოვნებდე რომ წინა წელმა ფუჭად არ ჩაიარა. ვიტყოდი, რომ ვიდეო რეკლამა უფრო წინაა ქვეყანაში, ვიდრე ბეჭდური რეკლამა. თუ დავხელოვნდით ბეჭდური რეკლამის კეთებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ დავხელოვნდებით გლობალურადაც და მთელი ინდუსტრიის მასშტაბით წავალთ წინ. კრეატიულ სფეროში, კონკრეტულად კი ჩემს კატეგორიაში – PRINT, სწავლის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ფორმა არის შეფასების და მოსაზრების მოსმენა საერთაშორისო დონის პროფესიონალებისგან, ამაზე სწრაფად არაფერი გზრდის. აქედან გამომდინარე, როდესაც ჟიურის წევრები არიან წამყვან ქვეყნებში მომუშავე პროფესიონალები, მათი შეფასება ძალიან ღირებული და წონიანია. კანის შიდა შესარჩევ კონკურსში, ბეჭდური მედიის კატეგორიაში, შეფასების სქემა არის ასეთი: 60%-ით ფასდება კრეატივი შესაბამისად, მეტად პრიორიტეტული, ამ კატეგორიის შეფასებისას არის რამდენად საინტერესო, ინოვაციური, მარტივი არის იდეა, ხოლო დარჩენილი 40 % – ით შევაფასებთ რამდენად კარგად არის ეს ყველაფერი განხორციელებული.”
ლაშა გოგუა – ჟიურის პრეზიდენტი “ციფრული რეკლამის” კატეგორიაში
“წლევანდელ შესარჩევ ეტაპზე, გუნდებს შეეძლებათ სხვა თვალით შეხედონ საკუთარ ნამუშევრებს, საერთაშორისო ჟიურის შეფასებები დაეხმარება მათ სწორად ჩამოყალიბდნენ და მოაწესრიგონ საქმიანობა. ციფრული რეკლამის კუთხით, საქართველოში სურათი ასეთია: როგორც მარკეტერებს, ასევე შემსრულებლებს ცოდნა აკლიათ ბევრი მიმართულებით. კონკურსი კარგად წარმოაჩენს თუ სად ვართ, დაგვანახებს ჩვენს ათვლის წერტილს, იმისათვის რომ ვიცოდეთ საით წავიდეთ. დღეს ძალიან დიდია სხვაობა ჩვენსა და ევროპას შორის, შედარებადიც კი არაა მდგომარეობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოელი ჟიურის ყოლას კანის შესარჩევ კონკურსზე; გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, შესაძლოა ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა მოხდეს, უცხოელების მიერ. ჟიურის დაინტერესების შემთხვევაში, საშუალება ეძლევათ ახალგაზრდებს, რომ გავიდნენ სხვა ქვეყნებში, მიიღონ გამოცდილება უცხოურ კომპანიებში და გაიზარდონ. განვითარებული ქვეყნები, ამ სფეროში, ასე ვთქვათ, სხვა წყლებში ცურავენ. ისინი ოკეანეში არიან, ჩვენ კი ტბაში ვართ.
მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ციფრული კამპანიების შეფასებისას, აუცილებლად გამოვიყენებთ ისეთ კრიტერიუმს როგორიცაა ინოვაციური მიდგომა, ანუ რამდენად “სმართ სოლუშენი” გააკეთეს მოცემულ ამოცანაზე, რამდენად რეალიზებადია კამპანია, რა ეფექტი შეიძლება მივიღოთ იმ კამპანიიდან, რომელსაც წარმოადგენენ.”
რეზო ჩარკვიანი – ჟიურის პრეზიდენტი “ახალგაზრდა მარკეტერების” კატეგორიაში
“შარშან ამ კატეგორიაში – ახალგაზრდა მარკეტერები პირველად ვმონაწილეობდით. ძალიან მაინტერესებს, ვინც შარშან იღებდა მონაწილეობას წელსაც თუ იქნება ჩართული კონკურსში; მაინტერესებს თუ არიან გაზრდილები წინა წელთან შედარებთ, შარშანდელი გამოცდილების შემდეგ. რადგან ჩვენმა გამარჯვებულმა გუნდმა, წინა ზაფხულს კანშიც გაიმარჯვა, იმედი გვაქვს რომ წელსაც ისეთ გუნდს შევარჩევთ, რომელიც იგივე შედეგს მოგვიტანს. საქართველოში მარკეტერული მიმართულება ცოტა პრობლემურია, დღეს რეალობა ასეთია: სააგენტოების კვალიფიკაცია უმეტეს შემთხვევაში აღემატება კომპანიებში არსებულ კვალიფიკაციას, მარკეტინგის კუთხით. ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. კომპანიებში არასწორი მენეჯმენტის პრობლემა არსებობს. არ აქვთ შესაბამისი თავისუფლება მარკეტინგის განყოფილებებს, ანუ დელეგირება არ ხდება მათზე. მარკეტინგის მენეჯერი საქართველოში, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული პროდუქტის, სტრატეგიების ან საბაზრო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, დაყვანილია მხოლოდ რეკლამის მენეჯერამდე, ან პროექტ მენეჯერამდე.
მთავარი კრიტერიუმი ახალგაზრდა მარკეტერების ნამუშევრების შეფასებისას, არის რამდენად ძლიერი არის პროდუქტის კონცეფცია, ინსაიდი, რა სამომხმარებლო ინსაიდზე დგას ეს პროდუქტის კონცეფცია, ამის გარშემო იგება დანარჩენი სტრატეგია. გარდა ამისა 8 კრიტერიუმია და 9 ვე კრიტერიუმს ერთნაირი წონა აქვს. შარშანდელი და წლევანდელი გუნდების რაოდენობა ზუსტად დაემთხვა, წინა წელსაც 41 იყო და ახლაც 41-ია.”
ავტორი: ლუკა ეჯიბია