in

ცოტა რამ Lions Live-ის მესამე და მეოთხე დღის შესახებ

უკვე Lions Live-ის მეოთხე დღემაც ჩაიარა და ფესტივალის ისტორიაში პირველი ონლაინ ღონისძიების დასრულებამდე ერთი დღე დარჩა. ღონისძიებამ 22 ივნისს აიღო სტარტი და უკვე მეოთხე დღეა, მას აქტიურად ადევნებენ თვალს კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწე ან თუნდაც უბრალოდ ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები – ამ ღონისძიებაზე დასწრება ხომ ყველასთვისაა შესაძლებელი. წინა დღეების მსგავსად, დღესაც გთავაზობთ ქართველი კრეატორებისა თუ მარკეტერების შთაბეჭდილებებს ლაივთან დაკავშირებით:

ია დარახველიძე, არტ დირექტორი, BRID:

რაც ყველაზე მთავარია, კანის ლომებმა შემოგვთავაზა თავისი არქივი, რასაც მე პირადად არ ველოდი და ამისთვის უდიდესი მადლობა მას. 

ვნახე გასული წლების მნიშვნელოვნად სასარგებლო და აუცილებლად საყურებელი სოციალური კამპანიები და ვიდეოები, დავათვალიერე ბევრი საინტერესო ბრენდი და აღმოვაჩინე, თუ რამდენი რამ არ მქონია ნანახი. 

გამოვარჩევდი: Stefan Sagmeister’s, David Droga, Interbrand, Ogilvy, YOUNG & RUBICAM და ავღნიშნავ მათ დიზაინ კომუნიკაციაში გამარჯვებულ  ONE BOOK FOR PEACE-ს

ჩემთვის დღეს ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სააგენტო გამარჯვებულად დაასახელეს – “ Dentsu Tokyo “. ის ბოლო ათი წლის განმავლობაში მოპოვებული ჯილდოებითა და შორთლისტებში მოხვედრით გამოირჩევა და დღევანდელი მოგებაც სიახლე არ ყოფილა. 

ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა P&G – ის ასეთ აქტივობას რასიზმის წინააღმდეგ. ბევრი საინტერესო და თვალში საცემი მესიჯით იყო დატვირთული მათი ნამუშევრები. საინტერესო იყო “kfc christmas pocket store” ვირტუალური სოციალური პლატფორმა. 

რაც შეეხება ზოგად მიმოხილვას, ავღნიშნავ Ronald NG -ის ფრაზას. “Nothing happens until creative team reveals a big idea”, რასაც ვეთანხმები, რადგან კრეატიულობა გუნდური სპორტია. 

აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიებს და მონაცემთა ანალიზს, რაც ერთმნიშვნელოვნად გათანაბრებულია კრეატიულობასთან და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან. თუ ადრე უპირატესობა ენიჭებოდა კრეატიულობას, ახლა მის ადგილს ტექნოლოგიები და შემდგომ უკვე მასზე მორგებული იდეები იკავებს. 

საკმაოდ კარგად იყო აღწერილი, რა ეტაპებია გასავლელი შემოქმედებითი ეფექტურობის ასამაღლებლად და რას უნდა მივანიჭოთ დიდი მნიშვნელობა. ეს მოიცავს დიდი კრეატიული იდეის დაბადებას, ბრენდისა და მომხმარებლის ქცევის შეცვლას, ბრენდის გაუმჯობესებას, გაყიდვების ამაღლებასა და ა.შ. ალბათ დროა, შევწყვიტოთ საუბარი, თუ რა შეუძლია ტექნოლოგიებს და ყველა იდეა, რაც რეალიზებადია, ის განვახორციელოთ. ამ ყველაფერს ერთი იდეის ქვეშ გავაერთიანებ და ვიტყვი, რომ, როცა აირჩევ შენ სფეროს, ის უნდა აკეთო საუკეთესოდ. 

გიორგი ადეიშვილი, სტუდენტი (ბრიტანული სტარტაპის, Fugo-ს Brand Communications Manager):

ალბათ, როგორც სხვა დანარჩენებიც, კანის ლომების ლაივს მეც შიგადაშიგ ვადევნებ თვალს. ფონად ჩართული მაქვს მუშაობისას და თუ დამაინტერესა, ვუყურებ ხოლმე. მოდი, დღეს ამ 2 გამოსვლას გამოვყოფ:

FCB Presents the Vulnerable Creator

როდესაც რაიმეს ვქმნით, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ჩვენი გრძნობების, ინსტინქტების, ინტუიციისა და ფიქრების დაბლოკვაა იმის შიშით, რომ არ ივარგებს, ვინმეს არ მოეწონება, საშინელება იქნება ან ყველა დააიგნორებს.

რაიმე მნიშვნელოვანის, საინტერესოს შესაქმნელად ყველაფრისადმი ღია უნდა იყო, ფილტრი არ უნდა არსებობდეს. უნდა გამოიყენო შენი ყველაზე უცნაური ფიქრები, გრძნობები და თვისებები, თუნდაც ძალიან ძალიან უცნაური და გადმოსცე ეს უნივერსალურ ენაზე, დიზაინის, კინოს, ტექსტის ან ნებისმიერი მედიუმის მეშვეობით.

სწორედ ამიტომ, კრეატიულობა საშიშია. ყველას გვეშინია. მეც მეშინია. ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლებსაც ეშინიათ, დამიჯერეთ! სწორედ ეს შიში გვხდის ადამიანურს და ამ შიშის გადალახვა გვაიძულებს, შევქმნათ რეალურად ღირებული რამ.

ამ შიშებს დაუპირისპირდა FCB პატარ-პატარა კინოებით – იმ ცუდი ან კარგი გრძნობების შესახებ, რასაც დაუცველობის დროს ვგრძნობთ.

გეშინია rejection-ის?
ჰოდა ადექი და გადაიღე ფილმი, შექმენი პოსტერი, დაწერე მუსიკა ამ გრძნობაზე.
გაქვს დეპრესია?
დაარქვი მას ბობი, დახატე, აალაპარაკე, წარმოიდგინე და ემეგობრე. ამით დეპრესიას დაუპირისპირდები ყველაზე საინტერესო გზით.


ასეთი დაპირისპირებით, კრეატიულობას, როგორც პროცესს, გამოვიყენებთ, რომ შევქმნათ კრეატიულობა, როგორც პროდუქტი.

სხვა გზა არ არის.

ეს გზა FCB-მ იდეალურად გვაჩვენა. 20-25 წუთის გამოყოფა კი ამ სერიების სანახავად თავისუფლად ღირს.

CMOs in the Spotlight: Katie Riccio Puris, TikTok

მოგვწონს თუ არა, და დიდ ნაწილს სააკმაოდ არ მოსწონს, ტიკტოკი აპირებს ჩვენთან დიდხანს დარჩენას. ამ აპლიკაციამ იპოვა თავისი ხმა და ადგილი ბაზარზე და, ჩემი აზრით, დიდხანს შეინარჩუნებს მას.

ტიკტოკი მშვენიერი აპლიკაციაა საიმისოდ, რომ ხალხმა თითქმის სრულყოფილად გამოხატოს საკუთარი თავი.  ჩემი საქმიდან გამომდინარე, ვფიქრობდი, რამდენად გამოსადეგი იყო ტიკტოკი B2B-სთვის. ქეითმა ამ თემაზე ილაპარაკა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, იქნება თუ არა ტიკტოკი მნიშვნელოვანი პლატფორმა უშუალოდ ბრენდებისთვის.

ჰოდა, დროა ბრენდებმა ტიკტოკერობა ისწავლონ და რაც მნიშვნელოვანია, პროდუქტი კი არა – რეალური ემოციები და გასართობი კონტენტი შესთავაზონ დანარჩენ მსოფლიოს. 

ნინი ლაშქარაშვილი, თიბისის ბრენდ მენეჯერი:

რა თქმა უნდა, ვერაფერი შეედრება ფრანგულ რივიერაზე- კანში, lumiere-იდან debussy-ის დარბაზში, Facebook beach-იდან Google beach-ზე სიარულს ან სანაპიროს უგემრიელესი პანინების დაგემოვნებას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია. ამ დროში დისტანციურად ჩატარებული ფესტივალი გვაჩვენებს იმას, რომ გარემოსთან ადაპტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კრეატივის სფეროში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი სრულად ციფრულად და ზედმიწევნით უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს.

მე განსაკუთრებით დამაინტერესა სესიებმა, სადაც Storytelling-ის და კონტენტის ახალ  ფორმატებზე გვიყვებოდნენ, ეს ფორმატები სწორედ პანდემიის პერიოდისგან არის გამოწვეული და სრულად ადაპტირებულია ამ დროზე. კომპანიები რელევანტურობაში, არასტანდარტულ კომუნიკაციასა და ფორმატებში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

სპიკერების უმეტესობა ერთხმად აღნიშანავს, რომ კრეატივს უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მომდევნო პერიოდის განმავლობაში, რადგან პრობლემის არასტანდარტული გზით გადაჭრა კიდევ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მით უმეტეს ამ ცვალებად გარემოში, სადაც ბევრმა დიდმა კომპანიამ ვერ შეძლო გამოწვევების დაძლევა.

2020 უნდა იყოს სიმართლის ერა! თუნდაც მწარის, ოღონდ სიმართლის! – ნიკა გარსენიშვილის შთაბეჭდილება Lions Live-დან

„ნუ შექმნით რეკლამას, შექმენით ტიკტოკები“ – TikTok-მა ბიზნესისთვის განკუთვნილი პლატფორმა წარადგინა