in

როგორი იყო კანის კრეატიული ფესტივალი PR კატეგორიის მონაწილეებისთვის

კანის კრეატიული ფესტივალი, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ყოველ წელს აერთიანებს შემოქმედებითი ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს ქართული გუნდები რამდენიმე კატეგორიაში იყვნენ წარმოდგენილნი, დიზაინის კატეგორიამ ვერცხლიც კი მოიპოვა, დანარჩენებმა კი თავისი თავი და ქვეყანა ღირსეულად წარადგინეს. რა თქმა უნდა, შეუცვლელია ის გამოცდილება, რომელიც მათ მიიღეს და გვინდა, მკითხველსაც გავუზიაროთ.

ამჯერად ჩვენი სტუმარია PR კატეგორია, საკო ტვილდიანისა და ნიკოლოზ ნინიძის შემადგენლობით.

საკო ტვილდიანი:

ბევრი რამის თქმა შემიძლია კანის ფესტივალსა და ახალგაზრდული ლომების შეჯიბრზე, თუმცა ერთს, რასაც გამოვყოფ, არის ხალხი – შეიძლება Nike-ის გენერალურ დირექტორთან ერთად მოხრუპო ყავა, ან უზარმაზარი სააგენტოების გლობალ ჰედთან გააბა საუბარი საპირფარეშოს რიგში, არასდროს იცი, ვინ შეგხვდება.

გარემოს რაც შეეხება, შეჯიბრზე ჩემს მეწყვილესთან ერთად პირველად ვიყავი, თუმცა ჩემი PR კამპანია 2023 წელს იყო დაშორტლისტებული დიდ ლომებზე სამ კატეგორიაში, ამიტომ მეტ-ნაკლები წარმოდგენა მქონდა. 

M: საინტერესოა, როგორი პირობები აქვს მონაწილეს ფესტივალზე მონაწილეობისთვის, რა ტექნიკური დეტალებია გასათვალისწინებელი?

ბევრი დეტალია, მაგრამ საორგანიზაციო გუნდი ყველაფერს წინასწარ გაფრთხილებს Slack-ის არხებში. ლეპტოპები და აღჭურვილობა (კამერა, მიკროფონი და ა.შ.) საკუთარი უნდა იქონიო, რადგან ადგილზე მხოლოდ ბრიფს იღებ, დანარჩენი მთლიანად შენზეა დამოკიდებული. საფესტივალო ტერიტორია იკეტება 19:00 საათზე, რაც ჩვენთვის ხელის შემშლელი აღმოჩნდა, რადგან ბრიფი 17:30-ზე მივიღეთ, ამიტომ მალევე მოგვიწია სამუშაო სივრცის დატოვება. სახლში ინტერნეტი არ გვქონდა და სხვადასხვა სასტუმროს ლობიდან ვმუშაობდით იქამდე, სანამ გამოგვყრიდნენ. საბოლოოდ, დიზაინის კატეგორიის მონაწილეებმა, ყაველამ და დანიელმა გაგვიზიარეს თავიანთი ინტერნეტი და შევძელით ნამუშევრის დასრულებაც.

M: რა იყო თქვენი საბოლოო პრეზენტაცია და შედეგი კანზე?

ბრიფის მიზანი იყო, მსოფლიოს მერები დაგვერწმუნებინა რომ ქალაქში ველური ფუტკრები მოეშენებინათ.

მსჯელობა დავიწყეთ ბრიფის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. არცერთი მერის პრიორიტეტების სიაში არ ხვდება ველური ფუტკარი, ამიტომ მივხვდით, ტრენდი უნდა შეგვექმნა, რომელზეც მერები აყოლას შეძლებდნენ. დღეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა სხვადასხვა, „გარემოსთვის სასარგებლო” ლიცენზიების მოპოვება, მაგალითად: Fossil-Fuel free, LEED, B corp, etc. ამიტომ გადავწყვიტეთ, გვესესხა ამ ტრენდის ენა და ჩვენი ლიცენზია შეგვექმნა Bee Corp – პირველი ფუტკრების გაცემული ლიცენზია. უკუკავშირის სესიის დროს ძალიან კარგი შეფასება მივიღეთ (ყველა კუთხით) – ერთადერთი, რაც გვაკლდა, ჟიურის აზრით, იყო – ფინანსების სლაიდი.

M: რა არის ის, რასაც გაითვალისწინებდით, ახლა რომ მიდიოდეთ კანის ფესტივალზე?

ბევრ რამეს შევცვლიდით: პირველ რიგში, დავჯავშნიდით სახლს ინტერნეტით, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, დავაკვირდებოდით უფრო მეტად ჟიურის მოღვაწეობას, რადგან, საბოლოო ჯამში, იდეები, რომლებიც აირჩა, მაინცდამაინც განსაკუთრებულ კრეატიულობაზე არ იყო აქცენტირებული, ზოგიერთი საკმაოდ ბევრჯერ ნანახი იდეაც კი იყო. შეიძლებოდა სხვა იდეები დაგვედო, ეს დეტალები რომ გვქონდა და + დავამატებდით ბიუჯეტის სლაიდს.

რთულია, წინასწარ იცოდე, რა დაგხვდება, ჟიურისთან ერთად მოთხოვნებიც იცვლება ხოლმე, როგორც წესი. ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო თამამი და ლაღი. რამდენადაც დიდი ფესტივალია, იმდენად ბევრი loophole არსებობს სისტემაში, მთავარია, ეს ყველაფერი შენს სასიკეთოდ გამოიყენო.

ნიკოლოზ ნინიძემ ერთიანად შეგვიჯამა ფესტივალზე მიღებული შთაბეჭდილება:

საიდან დავიწყო? ალბათ წლებია, ამ ფესტივალის გამარჯვებულებს ვათვალიერებ და ყოველწლიურად ვხედავ, სულ მცირე, 15-ს, რომლებსაც ნამდვილად ვაღმერთებ და რომლებიც ამ სფეროში მუშაობის შთაგონებასა და მოტივაციას მაძლევენ. როდესაც ამ ყველაფერს ჩემი თვალით ვუყურებ, საოცარი შეგრძნებაა. 

ჩვენი ინდუსტრიის გარდა ძალიან ცოტამ იცის რომ საერთოდ არსებობს ეს ფესტივალი. წლის განმავლობაში ონლაინ ნანახი ნამუშევრების ნახვა და ფიქრი: „ვაუ, ეს გაიმარჯვებს“, ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო. ასევე, იმ ადამიანების ნახვა, ვის ნამუშევრებსაც დღემდე ვუბრუნდები და რეფერენსად ვიყენებ, ერთ-ერთი იყო Iconclast-ის vania & muggia. გარდა ამისა, შევძელი ბევრი იმ ადამიანის ნახვა, ვისთანაც ადრე მიმუშავია და მათი მოსაზრებები და გამოცდილება მოვისმინე.


წელს Young Lions Georgia-ს მხარდამჭერები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და Mini by GT Motors. აქედან პიარის კატეგორიის მხარდამჭერი იყო aPeople.

კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ქალი მეწარმეები ციფრულ რუკაზე – ახალი ვებსაიტი ღვინის ტურიზმისთვის

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე