ემოციურად დატვირთულმა ფილმმა, იმის შესახებ, თუ როგორ წაართვა პანდემიამ ახალგაზრდებს ძირითადი ცხოვრებისეული გამოცდილება, გუშინ კანის ლომების მთავარი პრიზი მოიპოვა.
1700-ზე მეტ ნამუშევარს შორის, ფილმმა საუკეთესო ეკრანული ნამუშევრისთვის Film Craft Lions გრან-პრი მოიგო. იგი Serviceplan Germany Munich-მა Penny discount სუპერმარკეტების ქსელისთვის შექმნა. საგულისხმოა, რომ გერმანიისთვის ეს პირველი გრან-პრია კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალზე კინოს კატეგორიაში.
3,50-წუთიანი ვიდეო, რომლის რეჟისორიც მარკუს იბანესია, კინემატოგრაფიულად გამოხატავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მწუხარების ერთ ასპექტს. საუბარია დედაზე, რომელიც ხედავს, როგორ ანადგურებს თავის შვილს შექმნილი ვითარება. ფილმში, სახელად The Wish, მაყურებელი ხედავს, რომ ბიჭის ცხოვრება სრულიად უინტერესო და ცარიელია, ყოველგვარი სასიამოვნო გამოცდილების თუ გიჟური თავგადასავლის გარეშე…
დედა კი სწორედ ამასთან დაკავშირებულ სურვილებს აჟღერებს — მას სურს, თავისმა შვილმა წვეულებები მოაწყოს, გაერთოს, საყვარელ ადამიანს შეხვდეს და მთლიანობაში, უფრო სრულად იცხოვროს. ფილმშიც ეს პოტენციური ალტერნატივაა წარმოდგენილი. ცხადია, ამ დაკარგული ცხოვრების სცენებს ერთგვარი მწუხარება გასდევს, რადგან პანდემიამ ეს ფუნდამენტური თინეიჯერული გამოცდილება მოიპარა და ახალგაზრდებს სრულფასოვანი ყოველდღიურობა წაართვა.
„პანდემიის დროს ბევრი გამოცდილება გამოტოვეთ. ჩვენ კი გვსურს, თქვენი ახალგაზრდობის ნაწილი დაიბრუნოთ“, — ამ ტექსტით სრულდება ფილმი. თუმცა ის რეალურ ცხოვრებაში გრძელდება, კერძოდ, საცალო ვაჭრობის კომპანიამ 5 000 უნიკალური გამოცდილების გავრცელება დაიწყო პანდემიით დაზარალებულ ახალგაზრდებში.
კამპანია მყისიერ ჰიტად იქცა. გაშვებიდან ერთი კვირის განმავლობაში მას YouTube-ზე 4 მილიონი ორგანული ნახვა ჰქონდა. ახლა კი ამ რიცხვმა 17,4 მილიონს გადააჭარბა. ფილმმა მართლაც რეზონანსი მოახდინა როგორც გერმანიაში, ისე მთელ მსოფლიოში, რაც ძალიან ბუნებრივია, რადგან ნამდვილად ბევრი ახალგაზრდა დაზარალდა პანდემიის პირდაპირი თუ ირიბი შედეგებით.
„ჩვენ გრან-პრი მივანიჭეთ ფილმს, რომელშიც თითქმის უკანა პლანზეა კლასიკური კინოგადაღება. არასწორ ხელში, შესაძლოა, ასეთი იდეა ზედმეტი სენტიმენტალურობის გამო დაიკარგოს ან რამდენიმე ყალბი ნოტის მსხვერპლი გახდეს. ამ შემთხვევაში კი ის სრულყოფილადაა შესრულებული“, — ამბობს ჟიურის პრეზიდენტი, პატრიკ მილინგ-სმიტი.