in ,

ვინ მოიგებს კანის ლომს? – Marketer-ის პროგნოზი

“კანის კრეატიული ფესტივალის” ყველა შორთლისთი სულ მალე გახდება ცნობილი. რომელი კამპანიაა ჟიურის წლევანდელი რჩეული? ვინ მოიგებს კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე საპატიო ჯილდოს? ჩვენ უკვე გიამბეთ იმ კამპანიების შესახებ, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ნახვა დააგროვა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სწორედ ეს რეკლამებია საუკეთესო. სანამ მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრია კანის შორთლისთების მოლოდინში ვართ გარინდული, მარკეტერის რჩეულ კამპანიებს გაგიზიარებთ. ესაა რეკლამები, რომლებსაც ვგულშემატკივრობთ, ჩვენი ხედვით, ყველაზე აქტუალურია და დინების საწინააღმდეგოდ, სტერეოტიპების დამსხვრევისკენაა მიმართული.

Nike – იოცნებე გიჟურად

თუკი, ამ სამყაროში სამართალი ნამდვილად არსებობს, ამ კამპანიამ მართლაც უნდა წალეკოს კანის წლევანდელი კონკურსი. რეკლამა, რომელსაც დიდი სკანდალი და აჟიოტაჟი მოყვა საზოგადოების მხრიდან, ნამდვილად იმსახურებს სათანადო დაფასებას. ესაა ჟრუანტელისმომგვრელი ამბავი ადამიანებზე, რომლებსაც ჰყოფნით გამბედაობა, იცურონ დინების საწინააღმდეგო. ვიდეორგოლში სამოტივაციო სიტყვას ფეხბურთელი კოლინ კაეპერნაკი ამბობს, ადამიანი, რომელმაც რასიზმის წინააღმდეგ ძალიან გამბედავი ნაბიჯი გადადგა. კამპანია მასშტაბური განხილვისა და სკანდალის ობიექტად იქცა. ძალიან ბევრმა ადამიანმა აქცია ზურგი Nike-ს. თუმცა, ამავდროულად, ბრენდმა კიდევ უფრო დიდი სიყვარული დაიმსახურა მხარდამჭერებისგან.

https://www.youtube.com/watch?v=Fq2CvmgoO7I

 

The New York Times – სიმართლე ამად ღირს!

თანამედროვე სამყაროში უტყუარი ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რესურსია. გვიფიქრია, რა ფასად შეიძლება უჯდებოდეთ ადამიანებს მისი მოპოვება და მსოფლიოსთვის გაცნობა? სიმართლის საზოგადოებისთვის მიწოდება დიდ მსხვერპლსა და გამბედაობას ითხოვს, თუმცა ეს ამად ღირს! რეკლამაში გადმოცემულია ნამდვილი ამბავი…

https://www.youtube.com/watch?v=8goJKQ_864c

 

Libresse – VIVA LA VULVA – ანუ საკუთარი ვაგინის არ უნდა გრცხვენოდეს

ჰიგიენური პროდუქტების რეკლამები, როგორც წესი, ერთმანეთს ჰგავს და ბანალური სიუჟეტით ხასიათდება. ხშირად ვხედავთ სირცხვილსა და დისკომფორტს, რასაც ქალები გრძნობენ საკუთარ სხეულებთან მიმართებაში. “ლიბრესმა” თავის რეკლამაში ვაგინას მთელი სიმღერა მიუძღვნა და თამამად შემოსძახა, რომ ქალებს მისი არ უნდა სცხვენოდეთ. ეს არამხოლოდ უხერხული თემატიკის თამამი წარმოჩენაა, არამედ სახალისოც და ესთეტურიც.

 

Burger King – ვუპერი ყველანაირი განწყობისთვის

“ბურგერ კინგმა”, მთელი წლის განმავლობაში, იმდენჯერ დატროლა “მაკდონალდსი”, რომელიმე კამპანიის გამო მაინც აიღებს კანის ლომს: Whopper Detour, Burn That Ad, Real Meals… ჩვენი რჩეული Real Meals გახდა. Real Meals “მაკდონალდსის” Happy Meal-ის დასატროლად შეიქმნა. რეკლამა ადამიანების ყოველდღიურ პრობლემებზე გვიყვება: ყოველთვის ბედნიერი ვერ ვიქნები, ამიტომ დამაცადე, ვიყო იმ განწყობაზე, რომელზეც ვარ. ესაა შესანიშნავი გზავნილი თანამედროვე სამყაროსთვის, რომელიც მუდმივად მოელის ჩვენგან დადებით განწყობას.

https://www.youtube.com/watch?time_continue=59&v=PjxRUEA0Tdo

 

KIA – როგორ მოდის შთაგონება?

როგორ შეიძლება ვუამბოთ მაყურებელს ავტომობილზე, მის გამორჩეულ მახასიათებლებზე ძრავის ღმუილისა და სპეცეფექტებით დატვირთული რეკლამის გარეშე? KIA-ს ეს დასამახსოვრებელი რეკლამა მიმზიდველი მეტაფორებით გადმოსცემს ბრენდის მთავარ ხიბლს. რეკლამაში აღმოსავლური ფილოსოფია მძრაფრად იგრძნობა. ყველა პერსონაჟს მისი სიმბოლური დატვირთვა აქვს: კოსმონავტი ადამიანის პირველ ნაბიჯს განასახიერებს მთვარეზე, ციცინათელები – ბუნების ნათელ მხარეს, ზამბარა მეცნიერებისა და თამაშის თანხვედრაზე მიუთითებს, კოლიბრი – სისწრაფესა და სიჯიუტეზე, ბალერინა – განუმეორებელ სიზუსტესა და გრაციოზულობაზე, ფეხბურთელი მოქნილობასა და კონტროლზე, ვეფხვი კი შთაგონებას.

 

Canal+ – რა ხდება სცენარისტების თავში?

როგორ იბადება ის კინემატოგრაფიული სიგიჟე, რითაც ხშირად ვართ აღფრთოვანებული? რა ხდება სცენარისტის თავში, როდესაც რეკლამის იდეაზე მუშაობს: სრული ქაოსი, ელვის სისწრაფით ჩანაცვლებული აზრები, კადრები და პერსონაჟები სხვადასხვა ფილმებიდან და სიტუაციებიდან. Canal+-ის ეს რეკლამა გასული წლის ყველაზე დასამახსოვრებელ ვიდეორგოლებს შორის ყოფნას იმსახურებს.

 

WWF-ს კამპანია ეკოლოგიური რესურსების გადასარჩენად

WWF-მ სამიზნე აუდიტორიად გეიმერები აირჩია. და სად შეიძლება გეიმერებთან საუბარი? რა თქმა უნდა, თამაშებში. ყოველდღიურად, ონლაინ თამაშ “ფორტნაითში” 250 მლნ ადამიანი ერთვება და პოსტაპოკალიპტურ სამყაროში, გადარჩენისთვის იბრძვის. WWF-მ განიზრახა გეიმერებისთვის ეჩვენებინა, რომ ბუნებრივი რესურსების გარეშე, გადარჩენა გაცილებით რთული ამოცანა იქნებოდა. კამპანიის #NoBuildChallenge ფარგლებში, მოთამაშეებს ეკრძალებათ გამოიყენონ წყალი, ხე და ქვა (ეს რესურსები თამაშში, როგორც წესი, სერიოზულად ეხმარება გეიმერს) თავშესაფრად.

 

Hennessy XO – შვიდი სამყარო

სიტყვაზე გვენდეთ, სასმელის რეკლამას ამ სიაში მოხვედრა ნამდვილად გაუჭირდებოდა, რომ არა გენიალური რეჟისორის, რიდლი სკოტის, ჯადოქრობა. Hennessy ეს რეკლამა რიდლი სკოტისეული კინემატოგრაფიული მაგიაა, რომელიც ზუსტად გადმოსცემს 254 წლიანი ბრენდის ფილოსოფიასაც და მაყურებელს შვიდ სამყაროში მოგზაურობის საშუალებას აძლევს. თუმცა, სიტყვაზე ძალიანაც თუ არ გვენდობით, თავად ნახეთ…

 

Google – დედიკო, მადლობა!

“დედა, რა გვაქვს სადილად?”, “დედა როგორ ამოდის მზე?”, “დედა, რატომ არის ცა ცისფერი?”, რატომ? როგორ?.. – დედებს, დღის განმავლობაში, უამრავ კითხვაზე უწევთ პასუხის გაცემა… ნამდვილად დიდი სამუშაოა. Google-ის ეს ვიდეორგოლი, პირველივე წამებიდან რომ დაათბობს განწყობას, სინამდვილეში Home Hub-ის რეკლამაა. თუმცა სახალისო და ამავდროულად, რეალისტურმა სიუჟეტმა გვაფიქრებინა, რომ დიახ, ეს რეკლამაც იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.

 

Avon: სახლი – ყველაზე საშიში ადგილი ქალებისთვის

სამწუხაროდ, უამრავი ქალისთვის სახლი ყველაზე საშიში ადგილია და ამის მიზეზი ოჯახური ძალადობაა. ხშირად, ამის ერთადერთი თვითმხილველები საყოფაცხოვრებო ნივთები არიან. Avon-ის ეს კამპანია, რომელზეც JWT Brasil-მა იმუშავა, საგანგაშო რეალობას ორიგინალურად აღწერს. ტაფა, ცოცხი, ბალიში თუ სხვა ნივთები ნანახი ძალადობის ამბებს ყვებიან…

 

ING – ვიდეოგაკვეთილები რემბრანდტისგან (AI)

ეს კამპანია სრული სიგიჟეა – რემბრანდტის ხმა, აქცენტი, საუბრის მანერა მისი პორტრეტებიდან აღადგინეს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. კამპანია მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის 350-ე იუბილეს აღსანიშნავად წამოიწყეს. კამპანიის ავტორებმა ითანამშრომლეს Rijksmuseum-თან, იმისათვის, რომ ნახატების მიხედვით, შეძლებოდათ რემბრანდტის პიროვნების ანალიზი, შეესწავლათ ხატვის ტექნიკა და შეექმნათ ვიდეოგაკვეთილები.

 

Mercedes-Benz – ბერტა ბენცის მოგზაურობა

ესაა შესანიშნავი ისტორია პირველ მძღოლ ქალზე, რომელმაც მარტო გაიარა ავტომობილით დიდი მანძილი. 1888 წელს ბერტა ბენცმა ავტომობილით მარტომ დაფარა 100 კმ.  ამისთვის ქალს 12 საათი დასჭირდა. თუმცა, ეს მოგზაურობა ისტორიაში შევიდა – ბერტა ბენცმა საზოგადოებას ქმრის გამოგონება გააცნო, რომელიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდს წარმოადგენს.

 

John Lewis – ბიჭუნა და ფორტეპიანო

John Lewis-ის საახალწლო რეკლამებს მთელი მსოფლიო წლიდან წლამდე ელოდება. ამჯერად, ბრენდმა ვიდეორგოლი ელტონ ჯონის ცხოვრებასა და იმ ერთ-ერთ პირველ საჩუქარს მიუძღვნა, რომელიც შემდეგ, მომღერლის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სიუჟეტი ქრონოლოგიურად გვიყვება ლეგენდარული მომღერლის მოღვაწეობაზე და შობის იმ ჯადოსნურ დილასთან სრულდება, როცა ელტონ ჯონის ცხოვრება იმ ერთმა განსაკუთრებულმა საჩუქარმა შეცვალა.

https://www.youtube.com/watch?v=mNbSgMEZ_Tw

 

Apple – Underdogs

ესაა შესანიშნავი ამბავი კოლექტივზე, რომელსაც როგორც იქნა, მიეცა შანსი, საკუთარი იდეა წარუდგინოს ბოსს და რაღაც შეცვალოს ინდუსტრიაში. პიცის მრგვალი ყუთის ისტორია ბევრისთვის შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს. არ დანებდეთ, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, პროტოტიპის შესაქმნელად მხოლოდ ორი დღე გაქვთ. ასეთ დროს, კარგი გუნდი, შეუსვენებლად მუშაობა და მაღალტექნოლოგიური ეკიპირება ნამდვილად არ გაწყენდათ…

 

The North Face – როგორ მოვახვედროთ ჩვენი რეკლამა Google-ის პირველ გვერდზე, უფასოდ?

The North Face-მა ამ კითხვას, ცოტა არ იყოს, ხულიგნური გადაწყვეტა მოუძებნა. ბრენდმა, სააგენტო Leo Burnett Brazil-თან ერთად, შექმნა კამპანია, “Top of Images”, რომელიც მიზნად ისახავდა ბრენდის ფოტოები “გუგლის” საძიებო სისტემაში ტოპ პოზიციებზე მოეხვედრებინა. The North Face-მა გამორჩეულ ადგილებში სამოგზაუროდ გაგზავნა მოლაშქრეები, საკუთარი ბრენდირებული სამოსითა და აქსესუარებით. შემდეგ კი ამ მოგზაურობებისას გადაღებული ფოტოებით ჩაანაცვლა “ვიკიპედიაში” ატვირთული ვიზუალები. უჩვეულო თითქოს არაფერია, იმის გარდა, რომ ამ ფოტოებში ბრენდის ლოგო მკაფიოდ ჩანდა. რეკლამა კი, “ვიკიპედიას” პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამ მანიპულაციის გამო, The North Face-მა “ვიკიპედიას” მოუბოდიშა.

 

კანის ლომების შედეგები, 21 ივნისს, დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. ამ დროისთვის, კანის კრეატიულ ფესტივალზე იმყოფება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იმყოფება და მსოფლიო პირველობისთვის იბრძვის. კანის ლომების მოსაპოვებლად იბრძვიან ქართული კამპანიებიც, რომლებსაც ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ. კანის კრეატიული ფესტივალი 65-ედ ტარდება და ყოველწლიურად, სარეკლამო ინდუსტრიის საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს.

დიდმა ბრიტანეთმა “მავნე გენდერული სტერეოტიპების” მატარებელი რეკლამები აკრძალა

“OREO”-სგან მხოლოდ “RE” დარჩა… რა მოხდა?