წლის მიწურულს დიზაინერები და კრეატიული სამყაროს წარმომადგენლები უკვე ახალი ჰორიზონტისკენ მიმართავენ ხოლმე ყურადღებას. ცდილობენ, მომდევნო თვეებისთვის სათანადოდ მოემზადონ და ზუსტად აუწყონ ფეხი ტენდენციურ ფერებს, ფორმებს თუ სტილებს. ამის გათვალისწინებით, სხვა ბევრი კომპანიისა და სააგენტოს მსგავსად, Canva-მაც გამოავლინა 2024 წლის პროგნოზები, რომლებიც კოლექტიურ კრეატიულობას ეყრდნობა — 170 მილიონი მომხმარებლის სტატისტიკას მოიცავს.
„პიქსელაცია“: ნოსტალგიებთან დაბრუნება
საყვარელი რვაბიტიანი გრაფიკისა და Minecraft-ის შთაგონებით, ეს ესთეტიკა ნოსტალგიისა და თანამედროვეობის სინთეზს უკავშირდება. პიქსელირებული დიზაინები, კომპლექსური ნამუშევრებით დაწყებული, უცნაური შრიფტებითა და ბადეებით დასრულებული, ახლა განსაკუთრებით მიმზიდველია. ამას მოწმობს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, Canva-ზე თემატური ძიებები 179%-ით გაიზარდა.
Flow and Form: სადაც გეომეტრია ხვდება ორგანულს
მოემზადეთ გეომეტრიული და ორგანული ფორმების ჰარმონიული შერწყმისთვის. ეს უკანასკნელი მინიმალურ ხაზებზე, დინამიკურ ფორმებსა და დაბალანსებულ ფერებზე ფოკუსირდება; ასევე, დიდი ზომის გეომეტრიულ ელემენტებს, რომლებიც ბრენდებსა და შეფუთვებს თანამედროვე სამყაროს ესთეტიკას მატებს.
ძიებების 27%-იანი ზრდით, ეს ტენდენცია მორიგ ფავორიტად სახელდება სიმარტივისა და გამოხატვის უნარის გამო.
მოძრავი კოლაჟი: დინამიკური ხედები დიზაინში
ეს სტილი სტატიკურ გამოსახულებებს მიმზიდველ, ანიმაციურ სცენებად აქცევს. როგორ აღნიშნავენ, ამგვარი ტენდენცია დინამიკური ელემენტების დანერგვაზე იქნება ფოკუსირებული ვიდეოებსა და ციფრულ კონტენტში.
სიურრეალიზმი: ჩაძირვა ფანტასტიკაში
სიურრეალიზმი დიდ დაბრუნებას აპირებს — კრეატორებს აიძულებს, უკან მოიტოვონ რეალობა და ფანტაზიის სამყაროში გადაეშვან. ეთერული დიზაინი ამქვეყნიური ცხოვრებისგან თავის დაღწევისკენაა მიმართული, რაც არაჩვეულებრივი, ინდივიდუალიზმით სავსე ვიზუალების შექმნას შეუწყობს ხელს.
თამამი რებრენდინგი
ვინაიდან კომპანიების უმეტესობა ახალი თაობის მოხიბვლას ისახავს მიზნად, თამამი ბრენდინგი დომინანტი იქნება. ველით ნათელი, ფლუორესცენტული ფერების კალეიდოსკოპს, მომრგვალებული ფორმის შრიფტებს — ეს ყველაფერი კი პოზიტიურობისა და მხიარულების გამოხატვაზე იქნება ორიენტირებული. ასე ვთქვათ, ნეონის ფერები და თამამი ტიპოგრაფიული სისტემები გახდება დიზაინის გული, რაც უნიკალურ, ენერგიულ იდენტობას შექმნის ბრენდებისთვის.