Canva-ს აპლიკაცია Affinity უფასო გახდა ყველა მომხმარებლისთვის, განსხვავებით Adobe-ს Creative Cloud-ისგან, რომელიც თვეში 70 დოლარამდე ჯდება, Affinity არანაირ გადასახადს არ ითვალისწინებს – არც ახლა და არც მომავალში. ეს სიახლე შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს დიზაინერებისთვის, მაშინაც კი, თუ ისინი უკვე სრულად იყენებენ Adobe-ის პროდუქტებს. როდესაც Canva-მ Affinity შეიძინა, სათანადო კაპიტალიც გაიღო, რათა ის Adobe-ის სერიოზულ კონკურენტად ექცია. Canva ამ ნაბიჯს კრეატიული სამყაროს რადიკალური გადააზრების ნაწილად მიიჩნევს. თანამედროვე დიზაინის ეკოსისტემა აღარ იყოფა „პროფესიონალებად და არაპროფესიონალებად“ – ეს არის ერთი დიდი ერთეული, სადაც მთელი გუნდი ერთად მუშაობს. კომპანიამ ასევე გაითვალისწინა მიღებული უკუკავშირი, სადაც უკმაყოფილებაზე Adobe-ს ფასწარმოქმნის ზრდის, გამჭვირვალობის ნაკლებობის, მომხმარებელთა საჭიროებების უგულებელყოფისა და ინსტრუმენტებში ინოვაციის ნაკლებობის გამო.
დიზაინი ბარიერების გარეშე
Affinity თავის შესაძლებლობებს სპეციალიზებულ „სტუდიებად“ აერთიანებს – ვექტორული, პიქსელური და განლაგებითი. მომხმარებელს შეუძლია ამ სტუდიებს შორის მყისიერად გადართვა ერთი და იმავე ფანჯარაში ინტერფეისის ზედა მარცხენა კუთხეში მდებარე ღილაკების პანელით. ეს მიდგომა ისეთი პროგრამების მსგავსია, როგორიცაა DaVinci Resolve, რომელიც ავტომატურად ცვლის ინტერფეისს სხვადასხვა ფუნქციების შესაბამისად.
ამ გადაწყვეტილების უპირატესობა ისაა, რომ მუშაობისას ტილო, ფენები და პროექტის სხვა ელემენტები უცვლელი რჩება, როდესაც მომხმარებელი ბიტმაპიდან ვექტორზე, განლაგებაზე და უკან გადადის. ეს არ არის მხოლოდ მოხერხებულობის საკითხი, არამედ ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომელიც აღმოფხვრის სამუშაო პროცესის გამაღიზიანებელ წყვეტებს, რომლებიც ხშირად ანადგურებს შემოქმედებითობას.
სამუშაო დინამიკა
Affinity-ში ყველა ოპერაცია ცოცხალია და არადესტრუქციული – იქნება ეს ვექტორულ ობიექტზე გაუსის ფილტრის გამოყენება თუ პიქსელებზე დაფუძნებული ნიღბის დახატვა. მომხმარებელს შეუძლია დაარეგულიროს გრადიენტი, ტექსტი ან გადაფურცლოს რედაქტირების ისტორია დაყოვნების გარეშე, მაშინაც კი, როცა პროექტი ათასობით ფენას შეიცავს.
პერსონალიზებული ინტერფეისი
ახალ Affinity-ში ინტერფეისის სრული მორგება შეიძლება მომხმარებლის საჭიროებებზე. ჰიუსონის დემონსტრაციით, მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან „იდეალური სტუდია“ – მორგებული სამუშაო სივრცე, რომელიც სხვადასხვა დისციპლინის ინსტრუმენტებს აერთიანებს.
შესაძლებელია სხვადასხვა სამუშაოსთვის სპეციალიზებული ინტერფეისების შექმნა – მინიმალისტური UI ლოგოს დიზაინისთვის, კომპლექსური – ფოტო კომპოზიციისთვის და კიდევ ერთი – პუბლიკაციის განლაგებისთვის. ეს მორგებული სტუდიები შეიძლება შეინახოს და გაზიაროს გუნდმა, რაც ქმნის სამუშაო პროცესების სტანდარტიზაციის ახალ შესაძლებლობას. ეს მიდგომა განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ყველა დიზაინერს განსხვავებული სამუშაო სტილი აქვს. ეს ასევე წარმოადგენს ეფექტურ გადაწყვეტას იმ სიმძიმის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად ახასიათებს პროფესიონალურ კრეატიულ პროგრამებს. ახალი Affinity საშუალებას აძლევს მომხმარებელს, შექმნას ზუსტად ის ინსტრუმენტი, რომელიც სჭირდება და დამალოს ყველაფერი ზედმეტი.
ბიზნეს მოდელი
Canva-ს ბიზნეს სტრატეგია ამ უფასო პროფესიონალური ინსტრუმენტის შექმნასთან დაკავშირებით ეფუძნება მარტივ პრინციპს. მაღალი დონის, პიქსელზე ზუსტი „ოსტატობა“ ხორციელდება Affinity Studio-ში, ხოლო „მასშტაბირება“ – სადაც ეს ოსტატობა კონტენტის მასიური რაოდენობის შესაქმნელად გამოიყენება – Canva-ში სრულდება.
ოსტატობის ინსტრუმენტის უფასოდ მიწოდებით, Canva ვარაუდობს, რომ შეძლებს მთელი დიზაინის ეკოსისტემის გაზრდას. სტრატეგია გულისხმობს უმტკივნეულო ხიდის შექმნას ამ ორ სამყაროს შორის.
AI
მნიშვნელოვანი განსხვავება Affinity-სა და Adobe-ს ინსტრუმენტებს შორის არის მიდგომა ხელოვნური ინტელექტისადმი. Affinity-ში არ არის ჩაშენებული გენერაციული AI, გარდა არსებული ინსტრუმენტების გაუმჯობესებული ვარიანტებისა. მათთვის, ვისაც AI-ით რედაქტირება სურს, პროგრამაში არსებობს ცალკე “Canva AI Studio” პანელი. ეს არის არჩევითი, გამოწერაზე დაფუძნებული ფუნქციონალი, რომელიც მოითხოვს Canva Premium გეგმას და იყენებს იმავე კრედიტებს, რაც Canva-ს ძირითად ანგარიშს.
ეს მიდგომა იმ დიზაინერებისთვისაა, რომლებსაც არ სურთ AI-ზე გადახდა ან არ ენდობიან მას. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ სრული უფასო გამოცდილება AI-ს ჩართვის გარეშე ან საერთოდ ამოიღონ ეს ელემენტი ინტერფეისიდან. AI-ს ფუნქციები, როგორიცაა Generative Fill, მუშაობს ღრუბლოვან სერვერებზე Leonardo-ს მოდელების გამოყენებით – AI კომპანია, რომელიც Canva-მ 2024 წელს შეიძინა. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება Adobe-ს სტრატეგიას, რომელიც სულ უფრო მეტად ერწყმის გენერაციულ AI-ს. პროფესიონალებისთვის, რომლებიც უკმაყოფილონი არიან Adobe-ს მიერ ხელოვნური ინტელექტის ძალით დანერგვით, Canva-ს მიდგომა მიმზიდველ ალტერნატივას წარმოადგენს.
წყარო: Fastcompany











