როგორც ჩანს, Canva-სთვის მხოლოდ დროის საკითხი იყო ისეთი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გიგანტებისთვის კონკურენციის გაწევა, როგორიც Midjourney გახლავთ… სამი თვის წინ Leonardo.ai შეიძინა, Phoenix-ის მოდელიც შემოგვთავაზა პლატფორმაზე და, ამასობაში, საკუთარი დახვეწილი AI სურათების გენერირების ხელსაწყოც შექმნა — Dream Lab ტექსტურ მოთხოვნებს მრავალ ვიზუალურ ფორმატად აქცევს, იქნება ეს ილუსტრაციები, სკეტჩი თუ 3D რენდერები.

პლატფორმა 15-ზე მეტ განსხვავებულ სტილს გვთავაზობს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რამდენიმე სურათი ერთდროულად დააგენერირონ. კრეატორებს რეფერენსად სურათების ატვირთვაც შეუძლიათ და თავიანთ მოთხოვნებში მრავალი სუბიექტის ჩართვაც, რაც საბოლოო შედეგზე ზუსტ კონტროლს უზრუნველყოფს. ხელსაწყო Canva-ს არსებულ Magic Studio-ს ფუნქციებთან ერთად მუშაობს და Magic Design-ს, Magic Media-სა თუ Background Remover-ს კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის.

ხოლო Leonardo AI-ის Phoenix-ის ძრავა უკვე დამკვიდრებული Midjourney-ისა და DALL-E 3-ის ალტერნატივას გვთავაზობს, რითაც კონკურენტულ სურათის ხარისხსაც უზრუნველყოფს, პერსონალიზაციის ძლიერ ვარიანტებთან ერთად. თანაც მომხმარებლებს შეუძლიათ, ექსპერიმენტები მრავალ სტილზე ჩაატარონ და უკვე გენერირებული სურათებიც ჩაასწორონ. აღსანიშნავია, რომ ფოტოები პირდაპირ კანვას მთავარ ინტერფეისში შეგიძლიათ დაარედაქტიროთ.

Dream Lab-ის გარდა, კანვა არაერთ ახალ ფუნქციას გვაცნობს, მათ შორისაა Custom Mockups, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფოტოები ბრენდირებულ მაკეტებად აქციონ, Polls & Quizzes-ით კი ინტერაქციული კონტენტი შექმნან. დაბოლოს, Artlist-თან და Pocstock-თან პარტნიორობით, კანვას ბიბლიოთეკა 150 000 ფოტოთი და ვიდეოების პრემიუმ კოლექციით იზრდება…












