in

Canva-ს ახალი AI ხელსაწყოები და მათი „ჯადოსნობა“

veon
veon

Canva-ს თუ დავუჯერებთ, პლატფორმას „მაგიური“ შესაძლებლობები ემატება — კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები, რათა მხატვრებისა და დიზაინერების დატვირთვა ეფექტურად შეამსუბუქოს.

ფუნქციები ეხება ფოტოსა და ვიდეოს რედაქტირების შესაძლებლობებს; ასევე, ანიმაციის დასამუშავებელ ხელსაწყოებს. პირველი ეს არის Brand Hub, რომელიც სააგენტოებს საშუალებას აძლევს, კლიენტებს ე. წ. კურირებული ვიზუალური იდენტობა წარუდგინონ — ლოგოებით, შაბლონებით, შრიფტებით, ფერებითა და დიზაინის სპეციფიკური მითითებებით. ეს ამცირებს უსასრულო უკუკავშირებზე დაფუძნებული ცვლილებების რიცხვს.

ამას მოსდევს Magic Design — გენერატორი, რომელიც გრაფიკულ დიზაინს აუმჯობესებს. უფრო კონკრეტულად, მომხმარებელს შეუძლია, ფოტო ატვირთოს და სხვადასხვა იდეის მიხედვით გააუმჯობესოს; აქვე შესაძლებელია რამდენიმე ვერსიის ცდა, რათა უკეთ მოერგოს კონკრეტულ საჭიროებებს. ამავდროულად, პლატფორმა უზრუნველყოფს AI ქოფირაითერს, რათა ტექსტი სხვადასხვა ენისა და შრიფტის მიხედვით დააგენერიროს.

გარდა ამისა, Magic Eraser-ის გამოყენებით, კომპოზიციის არასასურველი დეტალები მარტივად წაიშლება, ფონის და დანარჩენი გამოსახულების დაზიანების გარეშე. მეორე მხრივ, Magic Edit ცნობილი პროგრამა DALL-E-ს მსგავსად მუშაობს — მისი მეშვეობით, ნებისმიერი ობიექტის ალტერნატივით ჩანაცვლება შეიძლება, მაგალითად, ჩაიდნის — მეწამული ყვავილებით.

რაც შეეხება ვიდეოს, Beat Sync უზრუნველყოფს, რომ კადრები და შერჩეული მელოდია იდეალურად ემთხვეოდეს ერთმანეთს. ეს კი ნამდვილად დიდი ფუფუნებაა არა მხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის, არამედ ნებისმიერი მომხმარებლისთვის, ვისაც სოციალურ მედიაში თემატური ვიდეო კონტენტის განთავსება უყვარს.

დაბოლოს, თუ პრეზენტაციების კეთება თქვენი სუსტი მხარეა, Magic Presentation ნებისმიერი შაბლონის გაუმჯობესებაზე იზრუნებს — შესაბამისად, აღარ მოგიწევთ ვიზუალურ სრულყოფილებაზე ფიქრი.

Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზეა წარმოდგენილი

ქართულ ტექნოლოგიურ სივრცეში Super App გამოჩნდა!