in ,

Canva-ს ახალი AI ფუნქციები და ყველაზე დიდი რედიზაინი ბოლო 13 წელში!

M2

მართალია, ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ კვლავ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ გრაფიკული დიზაინის პროგრამების ავტორები მიიჩნევენ, რომ ამის გარეშე AI ეპოქაში ვერ გადარჩებიან… ზუსტად ამ სტრატეგიას მიჰყვება Canva-ც — ცოტა ხნის წინ პლატფორმას ახალი AI ფუნქციები დაამატეს, მათ შორის კი AI ასისტენტი, მოთხოვნების საფუძველზე აპლიკაციის შექმნის შესაძლებლობა, AI რედაქტირების ხელსაწყოები და ცხრილების მხარდაჭერა იგულისხმება. 

ამის პარალელურად, ბოლო 13 წელში Canva-ს ყველაზე დიდი რედიზაინი შემოგვთავაზეს. თუმცა, სანამ ამაზე მოგიყვებით, მოდით, ჯერ ახალი ფუნქციები განვიხილოთ. ასისტენტი Canva AI-ის სახელით გაგვაცნეს, რომელსაც მრავალი ამოცანის შესრულება შეუძლია, იქნება ეს სურათების შექმნა თქვენი ინსტრუქციებით, დიზაინის იდეები, მაკეტები დასაბეჭდად, ქოფის დაწერა თუ დოკუმენტების შექმნა.

Canva Code-ის ხელსაწყო კი მომხმარებლებს მინი აპლიკაციების შექმნას სთავაზობს, მათ შორის ინტერაქციური რუკებისა და კალკულატორების, რომელთა ინტეგრირებაც შემდგომ დიზაინში შეეძლებათ. სწორედ ამ მიზნით დაიწყო კანვამ თანამშრომლობა Anthropic-თან…

რაც შეეხება სურათების რედაქტირების პროცესში AI ფუნქციების დამატებას, ერთ-ერთი ხელსაწყო მომხმარებლებს ფოტოებში არტეფაქტების შეცვლის შესაძლებლობას სთავაზობს, მეორე კი ფონს სინათლის მიხედვით ცვლის. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელით Canva Adobe Photoshop-ს, Adobe Lightroom-სა და Pixelmator-ს უწევს კონკურენციას. 

Canva მეწარმეებისთვის

წელს პლატფორმა Canva Sheets-ში ცხრილებს შემოგთავაზებთ ისეთი ხელსაწყოთი, როგორიცაა Magic Insights — არსებული მონაცემების საფუძველზე ინსაითებს შემოგთავაზებთ. აქვეა Magic Charts-იც, რომელიც ციფრებს ცხრილებში ავტომატურად ათავსებს ბრენდის გრაფიკებითა და ლოგოებით. კომპანიის თქმით, Canva Sheets მხარს უჭერს HubSpot-თან, Statista-სთან, Google Analytics-თან და სხვა პლატფორმებთან ინტეგრაციას, რათა მონაცემებზე მარტივად მიიღონ წვდომა.

Canva-ს ყველაზე დიდი რედიზაინი ბოლო 13 წელში

მართალია, გასული 12 თვის მანძილზე Canva-მ 50 მილიონი აქტიური მომხმარებელი შეიძინა და ყოველწლიური შემოსავლები 3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს, რომ რედიზაინის დრო იყო… ამის უკან კი, რაღა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი დგას.

განახლების ფარგლებში სრულად შეცვალეს Visual Suite-ის პროექტის ინტერფეისი, AI ავტომატიზაციას მიმართავენ, რათა პროექტებს შორის ზღვარი წაშალონ. ამგვარად, შესაძლოა, დოკუმენტი მთლიან ეკრანზე გქონდეთ გაშლილი, მაგრამ ქვემოთ სოციალური მედიის პოსტებსა და სხვა ვარიაციებს უყურებდეთ. + ღილაკზე დამატებით კი თავად გადაწყვეტთ, რა ტიპის შაბლონი დაამატოთ. ამ ყველაფრის რედაქტირების შესაძლებლობა თქვენს კოლეგებსაც ექნებათ რეალურ დროში. 

ჩვენი მეწარმეები ნამდვილად აღაფრთოვანა იდეამ, რომელიც სხვადასხვა სივრცეში არსებულ განსხვავებულ სპეციალობებსა თუ ხელსაწყოებს ერთ გვერდზე ათავსებდა, — ამბობენ კანვაში.

Canva Sheets

ჩათვალეთ, რომ ამით Excel-ს გასცეს პასუხი და იგი Notion-ის AI ფუნქციებით დატვირთეს. ამგვარად, უკვე ყველაფერს მარტივ ენაზე საუბრით მოაგვარებთ, უბრალოდ შეგიძლიათ, უთხრათ: შეიყვანე რესტორნები და მისამართები ამ ცხრილში და ემოჯებით განასხვავე, რა ტიპის საკვებს ყიდიან — წამებში ყველაფერი თავის ადგილზე გაჩნდება.

Canva Code

ეს ამბავი ჩვეულებრივ კანვას საიტის ჩატში დაიწყება, სადაც ჩაწერთ იმას, რისი შექმნაც გსურთ. შეგიძლიათ, მოსთხოვოთ: შეადგინე ფრენის რუკა ჩიკაგოდან ტოკიომდე, ამისთვის კი მას 1-2 წუთი დასჭირდება. ამგვარად, ინტერაქციური გამოსახულებებიც აღარ წარმოადგენს მისთვის პრობლემას — ამ დღემდე კანვა სტატიკურ კონტენტს გვთავაზობდა და ახლა უცბად ადამიანებს შეუძლიათ ძალიან მდიდრული ინტერაქციური გამოცდილება შემოიტანონ.

ამგვარად, კანვას განახლებები მიგვანიშნებს, რომ პლატფორმა გაჩერებას არ აპირებს და კვლავ გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ მომხმარებლებმა არსებული ინტერფეისით რაც მოესურვებათ, ყველაფერი გააკეთონ.

 

სად შოპინგობენ სტუდენტები ყველაზე ხშირად PLUS ქულებით

„სილქ ბანკში“ სესხის ლიმიტი 70 000 ლარამდე გაიზარდა